საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1317აპ-22 თბილისი
ა-ე ი., 1317აპ-22 20 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა-ის ადვოკატ ტ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 აგვისტოს განაჩენით ი. ა-ე, - - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ი. ა-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წლით, 7 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა დაემატა ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ა-ეს განესაზღვრა 30 წლით, 7 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავებიდან.
2. განაჩენის მიხედვით, ი. ა-ეს მსჯავრი დაედო:
ü განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად;
ü ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2010 წლის 15 მარტს, თ-ში, გ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქმის გარჩევისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, მოკლეს ს. გ-ი. მკვლელობის საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით, სხვა პირებთან ერთად, დააკავეს ზ. ტ-ი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 4 ოქტომბერს;
o გარდაცვლილ ს. გ-ის მამამ - ი. გ-მა განიზრახა, შური ეძია და მოეკლა ზ. ტ-ი. ამ მიზნით, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს - ი. ა-ესა და დ. რ-ს, რომლებსაც ასევე უნდოდათ შური ეძიათ ზ. ტ-ზე. მათ შეიტყვეს, რომ ზ. ტ-ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მოილაპარაკეს და შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა მის მოსაკლავად;
o დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, განზრახვის შესრულების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რასაც უკანონოდ ინახავდნენ და ატარებდნენ;
o 2011 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, პირობით მსჯავრდებულმა დ. რ-მა, პრობაციის ბიუროში შეიტყო, რომ იქვე უნდა მისულიყო ზ. ტ-ი, რის შემდეგაც დაუკავშირდა ი. გ-ს და ერთად დაელოდნენ ზ. ტ-ის ბიუროში მისვლას, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პრობაციის ბიუროსთან განზრახვის შესრულება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ ისინი გაემართნენ თ-ში, ლ-ის ქუჩის №--ში მდებარე ზ. ტ-ის საცხოვრებელ სახლთან, სადაც შორიახლოს გაჩერდა დ. რ-ი, რომელსაც, მოლაპარაკების თანახმად, ი. გ-ისათვის უნდა ეცნობებინა ზ. ტ-ის სახლში მისვლა. დაახლოებით 14:30 საათზე, ზ. ტ-ი მივიდა თავის სახლთან, რის შესახებაც დ. რ-მა მობილური ტელეფონით, დაუყოვნებლივ, აცნობა ი. გ-ს. მალევე დათქმულ ადგილზე მივიდნენ ი. გ-ი და ი. ა-ე. მათ ზ. ტ-ის დანახვისთანავე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან დაიწყეს სროლა, რის გამოც დაზარალებული გაიქცა რ-ის გ-ის მიმართულებით. დ. რ-ი, ი. გ-ი და ი. ა-ე მას სროლით გაეკიდნენ, რითაც რ-ის გ-ზე მყოფ მრავალ პირს, განზრახ შეუქმნეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე. ზ. ტ-ი გადაახტა ქუჩის გასწვრივ არსებულ რკინის მოაჯირს და წაიქცა ავტომანქანების სავალ გზაზე, რა დროსაც დაეწივნენ დ. რ-ი და ი. ა-ე. წაქცეულის მიმართულებით თავდაპირველად დ. რ-მა დაიწყო სროლა განზრახ მოკვლის მიზნით. იმავდროულად, ასევე განზრახ მოკვლის მიზნით, წაქცეულს ესროლა ი. ა-ემაც, რამდენიმე წამში მივიდა ი. გ-იც, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მსხვერპლის მიმართულებით შეასრულა საკონტროლო გასროლები. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ თანამზრახველები მიიმალნენ, ხოლო ზ. ტ-ი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ძებნილი მსჯავრდებული ი. ა-ე -გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან; მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელები და განესაზღვრა 4 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ¼-ით შეუმცირდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ¼-ით შეუმცირდა 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. ა-ეს განესაზღვრა 19 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებული ი. ა-ე დააკავეს 2020 წლის 20 დეკემბერს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ა-ემ და მისმა ადვოკატმა - დ. კ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. ა-ის გამართლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 აგვისტოს განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად, კერძოდ: ი. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 16 ივლისის რედაქცია) - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ასევე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ი. ა-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ა-ეს განესაზღვრა 19 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 20 დეკემბრიდან.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ა-ის ადვოკატმა ტ. კ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ი. ა-ის გამართლებას.
9. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ლევან ვეფხვაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ი. ა-ის ადვოკატ ტ. კ-ის საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ი. ა-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ა-ის ადვოკატ ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე