Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-393-1075-03 5 დეკემბერი 2003წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

უ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ს/ს “ს. გ. ს. ე. ქ. ს.” და ს/ს “ს. გ. ს. ე.” მიმართ და მოითხოვა მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის, 511620 ლარის, ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი ბინის ელექტროენერგიით მომარაგება დაყვანილია მინიმუმამდე, ისე, რომ თვეების მანძილზე ელექტროენერგია არ მიეწოდება, მაშინ, როცა ახლომდებარე უბნებში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ თავისი ხარჯებით, ელექტროგენერატორის მეშვეობით იღებდა ელექტროენერგიას, რომლის გამოყენებამ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. შ-ემ მოითხოვა ს/ს “ს. გ. ს. ე. ქ. ს.” და ს/ს “ს. გ. ს. ე.” მატერიალური ზიანის 11620 ლარისა და მორალური ზიანის, 500 000 ლარის, სულ _ 511620 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით უ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20340 ლარის გადახდა, ასევე დაევალა მოსარჩელესთან ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. მოსარჩელეს უარი ეთქვა ელექტროენერგიის დაუყოვნებლივ მიწოდებაზე.

სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ სსკ-ს 368-ე მუხლის თანახმად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესრულებულია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება. მოცემულ შემთხვევაში ეს პირობა დადგა 1996 წელს, როცა საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. 27 აგვისტოს გამოსცა ¹197 განკარგულება სკ-ს 1518-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე. მოპასუხეებს ვალდებულება პირობის დადგომის დღიდან უნდა შეესრულებინათ დაუყოვნებლივ, ან გონივრულ ვადაში. მოპასუხეები უარყოფენ მათ მიმართ ელექტროენერგიის მომხმარებელზე მიწოდებისა და ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას, რაც აღნიშნულ დავაში მათ ბრალზე მიუთითებს.

სასამართლო კოლეგიამ სკ-ს 412-415-ე მუხლების საფუძველზე, სამართლიანად ჩათვალა მხარის მიერ დაყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და დააკმაყოფილა იგი, ხოლო მორალური ზიანის, 500000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს/ს “ს. გ. ს. ე.”, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნება.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1518-ე მუხლი, ვინაიდან შ-ის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სკ-ს 1518-ე მუხლს, რომელიც გულისხმობს ბინის მესაკუთრეებთან გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგებასა და სატელეფონო, კომუნალურ მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმებას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კოლეგია მიუთითებს, რომ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიატი არის ელექტროენერგიის ელექტრობაზარზე ერთადერთი მყიდველი და მხოლოდ მას გააჩნია უფლება გაყიდოს ელექტროენერგია მომხმარებელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და როგორც ელექტროენერგიის ყიდვის დროს, ასევე მის მომხმარებელზე გაყიდვის შემთხვევაში მხარეებს შორის უნდა ყოფილიყო გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც აისახებოდა მხარეთა უფლებამოვალეობანი.

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ყიდულობს ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე წარმოების, იმპორტის ლიცენზიატებისაგან და ყიდის მომხმარებელზე. კოლეგიის მიერ მითითებული აღნიშნული ნორმიდან არ გამომდინარეობს, რომ ლიცენზიატი არის ელექტროენერგიის ელექტრობაზარზე ერთადერთი მყიდველი და მხოლოდ მას გააჩნია უფლება გაყიდოს ელექტროენერგია მომხმარებელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობაზე ბაზარზე.

კოლეგია მიუთითებს, სკ-ს 368-ე მუხლი მოითხოვს, რომ თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებელია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება. მოცემულ შემთხვევაში ეს პირობა დადგა სკ-ს 1518-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 1997 წელს, მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. 27 აგვისტოს გამოსცა ¹197 განკარგულება.

მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია, თუ რომელი გარიგების ნამდვილობა იყო დამოკიდებული საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 27 აგვისტოს ¹197 განკარგულებაზე.

სკ-ს 1518-ე მუხლის თანახმად, 1997წ. 25 ნოემბრამდე ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა უნდა მოეხდინათ შესაბამის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, რომელშიც არ იგულისხმება არც “ი. ე.” და არც სს “ს. გ. ს. ე.”.

სკ-ს 319-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა მაშინ ბაზარზე საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.

საქმის ხელახლა განხილვისას კოლეგიამ უნდა გაარკვიოს, უკავია თუ არა მოპასუხეს დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. თუ დადგინდება, რომ მას უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, სასამართლომ უნდა განსაზღვროს რა შინაარსის და რა პირობების ხელშეკრულების დადებას ავალებს მოპასუხეს. კოლეგიამ უნდა გაითვალისწინოს 319-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადება, რომ პირს, რომელსაც უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები, რაც ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია დაუსაბუთებლად უარი თქვას ხელშეკრულების დადებაზე. თუ რა ჩაითვლება დასაბუთებულ უარად, ეს კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია. სასამართლომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოს აქვს თუ არა საფუძველი მოპასუხეს არ დაეთანხმოს იმ პირობებს, რომელსაც მას მოსარჩელე სთავაზობს.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ კომპანია მას განზრახ უქმნიდა სხვა მომხმარებლებთან შედარებით არათანაბარ პირობებს. კოლეგიას აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია.

მხოლოდ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება იმსჯელოს სასამართლომ არსებობს თუ არა ზიანი და ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.