საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1219აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ი ლ., 1219აპ-22 27 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის განაჩენით ლ. ბ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ლ. ბ-ის დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2021 წლის 10 აგვისტოდან 2022 წლის 12 აპრილის ჩათვლით), ჩაეთვალა მოხდილად.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის.
3. ლ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენით ლ. ბ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2021 წლის 10 აგვისტოს ქ-ში, რ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ბ-მა იძალადა თავის არასრულწლოვან შვილზე, 15 წლის ნ. ნ-ზე, კერძოდ, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მოქაჩა თმა და ფეხი დაარტყა მუცლის არეში. ჩადენილი ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა ნ. ნ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ქ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ბ-ის სრულად გამართლებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად არ შეაფასა და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ლ. ბ-ის ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ლ. ბ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოტივებს, რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული, სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად, სრულყოფილად და დეტალურად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება და, ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე