Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1205აპ-22 ქ. თბილისი

ვ-ე თ., 1205აპ-22 23 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის განაჩენით თ. ვ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 3 მაისიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობათ საქმის განხილვის შედეგები და განემარტათ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ვ-ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 08:50 საათზე, ა---ის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, თელავის მიმართულებით მოძრაობდა ავტომობილი „ოპელი“ („OPEL“), სახელმწიფო ნომრით – -, რომელსაც მართავდა მძღოლი ნ. ხ.. ამავე დროს მის უკან, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობდა ორი ავტომობილი, ხოლო მათ უკან, იმავე მიმართულებით, დაახლოებით 70-80 კმ/სთ სიჩქარით – ავტომანქანა „ბმვ“, სახელმწიფო ნომრით – -, რომელსაც მართავდა მძღოლი თ. ვ-ე. თ-ის რაიონის სოფელ ქ. ხ-ში მოძრაობისას თ. ვ-ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და „საგზაო მონიშვნა“ 1.1-ის მოთხოვნები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, სოფელში ასასვლელ გზასთან, დაახლოებით 50 მეტრ მანძილზე მიახლოებისას, მძღოლმა ნ. ხ-ემ ჩართო მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი, გააჩერა ავტომობილი, ხოლო შემდეგ დაიწყო მოძრაობა მარცხნივ, სოფლის მიმართულებით. ამ დროს ავტომანქანა „ბმვ-ს“ („BMW“) მძღოლმა თ. ვ-ემ, წინ მიმავალი ავტომობილების გასწრების მიზნით, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე, სიჩქარე გაზარდა 90 კმ/სთ-მდე და გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა მოძრაობა საპირისპირო სავალ ნაწილზე, რა დროსაც შეეჯახა სოფელ ქვემო ხ-ის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა „ოპელს“, რომელსაც მართავდა ნ. ხ.. შეჯახების შემდეგ თ. ვ-ის ავტომობილი „ბმვ“ გადავიდა ბ-ის მიმართულებით სავალი ნაწილის გვერდულზე და შეეჯახა ქვეითად მყოფ არასრულწლოვან ნ. კ-ეს, შემდეგ კვლავ გადაადგილდა და შეეჯახა ასევე ქვეით ლ. ბ-ს.

· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებით ქვეითი ლ. ბ-ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო არასრულწლოვანმა ნ. კ-ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის განაჩენი შეიცვალა: თ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – მსჯავრდებულ თ. ვ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. გ- საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. ვ-ისათვის სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, ასევე – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლით.

5. კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მანანა თანდაშვილი შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. მსჯავრდებულ თ. ვ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – ნ. ხ-ის, გ. უ-ის, თ. ზ-სა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის №- და - დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე და რომლებსაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

8. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ ლ. გ-ს მოთხოვნა დაკავშირებულია მსჯავრდებულ თ. ვ-ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან (მათ შორის – დამატებითი სასჯელისაც), ასევე – საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლასთან.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

11. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

12. საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს თ. ვ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ თ. ვ-ისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

13. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ თ. ვ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არაგონივრული ლმობიერების გამოჩენა იქნება. ამასთან, სააპელაციო პალატამ იმსჯელა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ თ. ვ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე