Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-403-1059-03 13 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი – შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. ა-ა 1977 წლიდან მუშაობდა ენგურის სპეციალიზირებულ სამმართველოში მე-.... თანრიგის მუშად. იგი 1989 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა და მუდმივად განესაზღვრა ინვალიდობის მეორე ჯგუფი, დაენიშნა პენსია, რომელსაც ღებულობდა 1992 წლამდე. მან 1999 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “ე. ჰ.” მიმართ და მოითხოვა 1992 წლიდან მიუღებელ ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ 1992წ. აპრილიდან 2002წ. დეკემბრის ჩათვლით საშუალო თვიური ხელფასის გათვალისწინებით – 11767 ლარისა და 80 თეთრის გადახდა. მოპასუხე ორგანიზაციას ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2003წ. 1 იანვრიდან ყოველთვიურად საშუალო ხელფასის 92 ლარისა და 80 თეთრის გადახდა, ყოველთვიურად მკურნალობის ხარჯების 25 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ე. ჰ.” წარმომადგენელმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით სს “ე. ჰ.” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. ა-ას სარჩელი. სს “ე. ჰ.” დაეკისრა ს. ა-ას სასარგებლოდ ერთდროულად 3332 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 2003წ. 1 მაისიდან 68 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ ს. ა-ა 1992 წლიდან მოპასუხე ორგანიზაციისაგან სხვაობას პენსიასა და ხელფასს შორის აღარ ღებულობდა. მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 1999წ. 31 მარტს. ამდენად, მან დაარღვია სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მისი მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელის შეტანის დღიდან, ანუ 1999წ. 1 აპრილიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის საფუძველზე. მოპასუხე ორგანიზაციამ წარმოადგინა 1999წ. ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის უწყისები, რომლის მიხედვით ს. ა-ას საშუალო ხელფასია 85 ლარი. ამ თანხის 80%-ს 68 ლარი შეადგენს. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე ორგანიზაციას დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 49 თვის საშუალო ხელფასი (1999წ. 1 მარტიდან ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე), რაც განისაზღვრა 3332 ლარით, ხოლო 2003წ. 1 მაისიდან 68 ლარით.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ს. აქუბარდიას მოთხოვნა მკურნალობის ხარჯების ყოველთვიურად 25 ლარის დაკისრების შესახებ, რადგან მას ამის თაობაზე მტკიცებულება არ წარუდგენია.

ს. ა-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სასამართლოს მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის ¹502 დადგენილება “საწარმო-ორგანიზაციების მიერ საწარმოო ტრავმით გამოწვეული, შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ”, ასევე 1993წ. 12 აგვისტოს ¹619 დადგენილება “უბედური შემთხვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ”. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება ასეთ დავებზე არ ითვალისწინებს ხანდაზმულობას, ამიტომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლი.

სასამართლომ მოსარჩელისათვის გაუცემელი თანხის დასაანგარიშებლად გამოიყენა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ხელფასის უწყისების ასლები. ამის შესახებ სასამართლო პროცესზე კასატორმა განაცხადა, რომ ხელფასის უწყისები ყალბია. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, სასამართლოში არ იქნა წარდგენილი ასეთი უწყისების დედნები.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა კასატორისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა 1999წ. ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასების მიხედვით, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” 52-ე მუხლის თანახმად, უნდა მომხდარიყო მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება მიუღებელი თვეების მიხედვით ხელფასის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ა-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს. ა-ას 1992წ. შემდეგ აღარ მიუღია მოპასუხე ორგანიზაციისაგან სხვაობა პერსიასა და ხელფასს შორის. მან 1999წ. მარტში სასამართლოში სარჩელი აღძრა სს “ე. ჰ.” მიმართ და მოითხოვა 1992 წლიდან მიუღებელი სარჩოს გადახდა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ს. ა-ას საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ”, რადგან სადავო ურთიერთობა მხარეთა შორის ამ ბრძანებულების მიღებამდე წარმოიშვა.

ამ ბრძანებულების 63-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ამ წესების ნორმები, გარდა 22-ე, 33-ე, 34-ე, 39-ე, 40-ე პუნქტებისა. ამ წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალა “საწარმოო ორგანიზაციების მიერ საწარმოო ტრავმით გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის ¹502 და “უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 12 აგვისტოს ¹619 დადგენილება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი, რომლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ვინაიდან მოსარჩელემ ეს ვადა გაუშვა, ამიტომ ის თანხები, რომელზეც მოთხოვნა ხანდაზმულია, არ ანაზღაურდება. რაც შეეხება სარჩელის აღძვრიდან ბოლო სამ წელში პერიოდულად გადასახდელ თანხას, იგი უნდა ანაზღაურდეს შემდეგი გარემოების გამო: სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია. ვალდებულების შესრულების პერიოდულობა ნიშნავს ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრულ პერიოდში შესრულებას და ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში 1992 წელს მისაღები თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობა გავიდა 1995 წელს და ა.შ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს სწორად აუნაზღაურდა ბოლო სამიწ. მიუღებელი თანხა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ს. ა-ას საკასაციო საჩივრის მოტივს რომ სასამართლომ გამოიყენა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ყალბი ხელფასის უწყისები, რის შესახებაც მან განაცხადა სასამართლო პროცესზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია; სასამართლოში არ იქნა წარდგენილი ასეთი უწყისების დედნები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2003წ. 2 მაისის სხდომაზე მოპასუხე ორგანიზაციამ წარადგინა 1999წ. ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის უწყისები. მოსარჩელე ს.ა-ას წარმომადგენელმა ლ. ჭ-ამ შემცირებულად მიიჩნია აღნიშნულ უწყისებში მითითებული ხელფასის თანხა და მოითხოვა, რომ სასამართლოს ს.ა-ას მიერ წარდგენილი უწყისების მიხედვით განესაზღვრა საშუალო ხელფასი. სააპელაციო სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ წარდგენილი უწყისები დართვოდა საქმეს. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ს. ა-ას საშუალო ხელფასი დაანგარიშებულ იქნა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი უწყისების მიხედვით. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ა-ას ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ს. ა-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ა-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.