საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1278აპ-22 ქ. თბილისი
შ-ი რ., 1278აპ-22 23 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრისა განაჩენზე მსჯავრდებულ რ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით რ. შ-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (22 ივნისისა და 25 ივნისის ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (25 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და რ. შ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 26 ივნისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. შ-მა ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე რ. შ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რ. შ-მა თმით ითრია და თავის არეში მუშტი დაარტყა მეუღლეს – ნ. შ-ას, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე რ. შ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რ. შ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ნ. შ-ას, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე რ. შ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სახლიდან გაგდების მიზნით, რ. შ-მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ნ. შ-აზე, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და თმით ითრია, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე რ. შ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სახლიდან გაგდების მიზნით, რ. შ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ნ. შ-ას, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ რ. შ-ის ადვოკატი ს. ი. საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და რ. შ-ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით.
5. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი მექვაბიძე შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. შ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (22 ივნისისა და 25 ივნისის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (22 ივნისისა და 25 ივნისის ეპიზოდები) მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, საეჭვო გახადოს მითითებული მუხლებით მსჯავრდება).
9. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების დანაწესების მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
10. საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულ რ. შ-ისათვის სასჯელის სხვა სახის განსაზღვრა, ვინაიდან უფრო მსუბუქი სახის სასჯელი არ იქნება ზემოქმედების ისეთი ზომა, რომელიც ვერ გამორიცხავს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და სიმძიმე.
11. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები.
12. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. რ. შ-ს ბრალად ედებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, ხოლო სააპელაციო საჩივრით მხარე ითხოვდა მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს შეეძლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა (სუსგ №725აპ-19, №470აპ-21) და ამით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპები.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ი-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე