Facebook Twitter

¹ას-407-1066-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: სარჩოს ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. თ-მა სარჩელი აღძრა სს “მ.” წინააღმდეგ და მოითხოვა პროფესიული დაავადების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: იგი მუშაობდა “ს.” მექანიზაციის სამმართველოში ექსკავატორის მე-... თანრიგის ....., სადაც დაავადდა პროფესიული სენით და დაკარგა შრომის უნარი. იგი გახდა II ჯგუფის ინვალიდი. 1982 წლიდან საწარმოდან იღებდა სარჩოს, რომელიც 1993წ. აპრილიდან შეუწყდა. მოსარჩელემ მოითხოვა 1993წ. აპრილიდან მიუღებელი სარჩოს 11360 ლარის და ყოველთვიურად 200 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გასვლის გამო.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს “მ.” მ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2001წ. ნოემბრიდან 2002წ. 1 აპრილამდე ერთდროულად 515,1 ლარის გადახდა, ხოლო 2001წ. 1 აპრილიდან ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისრა 30,3 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს “მ.” მ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998წ. 3 დეკემბრიდან 2003წ. მაისამდე ყოველთვიური სარჩო 38,28 ლარი, სულ 2488,20 ლარი, ხოლო 2003წ. მაისიდან ყოველთვიურად 38,28 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე. სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

უდავო ფაქტია, რომ მოსარჩელე 1993 წლამდე მოპასუხე ორგანიზაციიდან იღებდა სარჩოს, რომლის მიღებაც შეუწყდა 1993წ. აპრილში. მ. თ-მა სარჩელი აღძრა 2001წ. 3 დეკემბერს. სასამართლომ 1993წ. აპრილიდან 1998წ. 3 დეკემბრამდე სარჩოს ანაზღარუბის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია და მიუთითა სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომის მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” საფუძველზე, რომლის მე-11 მუხლი ადგენს, რომ დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა. ზიანი ანაზღაურდება იმავე, ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც აქვს შრომის ხარისხი დაკარგული. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. თ-ს შრომის უნარი 70%-ით აქვს დაკარგული. სს “მ.” მე-.... თანრიგის .... ბოლო სამი თვის ფაქტობრივად მიღებული ხელფასი შეადგენს 164,08 ლარს. საშუალო ხელფასი კი შეადგენს 54,69 ლარს, რომლის 70% შეადგენს 38,28 ლარს. 1998წ. 3 დეკემბრიდან (53 თვე X 38,28) მიუღებელი სარჩო შეადგენს 2028,84 ლარს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა კერძოდ, სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული მუხლი ადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას. ამ მუხლის მეორე ნაწილი კი არეგულირებს ხანდაზმულობის ვადას იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას არ ეხებოდა. ამიტომ კასატორს გადაწყვეტილდება იურიდიულად დაუსაბუთებლად მიაჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძველს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი და სარჩელის მოთხოვნას 1993 წლიდან 1998წ. 3 დეკემბრამდე პერიოდულად შესრულებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე მოთხოვნა სწორად მიიჩნია ხანდაზმულად (იხ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის ¹3კ/1198-02 და 2002წ. 23 დეკემბრის ¹3კ/1366-02 გადაწყვეტილებები*).

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს მხოლოდ სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადებს ადგენს სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, იგი ადგენს როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო (დელიქტური) ვალდებულებიდან წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი დელიქტური (არასახელშეკრულებო) ვალდებულებაა და ამ კატეგორიის დავათა განხილვისას სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს როგორც სპეციალური ნორმატიული აქტი (“წესები”), ისე სკ-ს ნორმებიც, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ნორმები არ აწესრიგებენ განსახილველ საკითხებს. ვინაიდან “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესები” არ ადგენენ პერიოდულად თანხის (სარჩოს) მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებს, ამიტომ ამ საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს მატერიალური სამართლის ნორმები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.