¹ბს-1503-1078(კ-05) 3 აპრილი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ომის ინვალიდისათვის მეორე სახეობის პენსიისა და დანამატის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 13 აპრილს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ-ამ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით გათვალისწინებული შეღავათის მასზე გავრცელება, კერძოდ, უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა მოხუცებულობის პენსიაზე ორი მინიმალური პენსიის დანამატის ოდენობით;
ბ. ერთი წლის მიუღებელი პენსიის _ 672 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
დაბადებულია 1923 წელს, არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, სადაც მიიღო მძიმე ჭრილობა მარჯვენა ფეხის არეში. აღნიშნულის გამო მიენიჭა ინვალიდობის მეორე ჯგუფი და იღებდა ინვალიდობის პენსიას ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, მას, როგორც პენსიონერს და სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდს, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის შესაბამისად, გააჩნია ორი სახეობის _ ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო _ პენსიის ერთად მიღების უფლება. ამასთანავე, ეკუთვნის მოხუცებულობის პენსიაზე ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატიც. მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალს დაევალა შ. დ-ასათვის 2005 წლის 13 აპრილიდან, მოხუცებულობის პენსიის მასზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით (84 ლარი) სამამულო ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად (45 ლარი) გაცემა, ყოველთვიურად სულ 129 ლარის დანიშვნა, მასვე დაევალა მოსარჩელისათვის წინა ერთი წლის მიუღებელი პენსიის _ 672 ლარის ანაზღაურება. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. დ-ა იყო 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი, რომელიც ომში მიღებული ჭრილობის შედეგად დაინვალიდდა. იგი იღებდა ინვალიდობის პენსიას თვეში 45 ლარის ოდენობით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. დ-ას უფლება ჰქონდა, მიეღო მეორე სახის პენსია მასზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით. სასამართლომ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა წინა ერთი წლის პენსიის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლებოდა გაცემულიყო წარსული დროისათვის, მაგრამ არა უგვიანეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტის მოსაზრებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი მოსარჩელის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო, ვინაიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2001 წლის ¹05/10-1364 წერილის თანახმად, აღნიშნული კანონის არც ერთი მუხლით არ იყო გათვალისწინებული ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ ომის ინვალიდებზე, რომლებიც არ იყვნენ ოფიცრები, მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე ორი სახეობის პენსიის ერთდროულად დანიშვნა. აღნიშნული მუხლი ეხებოდა მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც პენსია დანიშნული ჰქონდათ ძალოვან უწყებებში ოფიცრად, ზევადიან სამსახურში ან ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით საჭირო წელთა ნამსახურობის შესაბამისად. ამასთან, კანონის მითითებული ნორმა უნდა ამოქმედებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლისა და მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებოდათ ერთი სახეობის პენსია. ამდენად, მოქმედი საპენსიო კანონმდებლობა, როგორც წესი, ადგენდა მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნას, მაგრამ კანონმდებელი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლში, გამონაკლისის სახით, განსაზღვრავდა მეორე სახეობის პენსიის _ მოხუცებულობის გამო მიღების უფლებას ორი მინიმალური პენსიის დანამატით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 25 ნოემბრისა და 28 დეკემბრის განმარტებების მიხედვით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის პირი უნდა ყოფილიყო: 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წლის, ოფიცერი და/ან სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული პირი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მე-60 მუხლის 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში 2003 წლის 31 დეკემბრის კანონით შეტანილი დამატების თანახმად, მართალია, კანონს დაემატა გარდამავალი დებულებების შემცველი თავი, რომლის 63-ე მუხლის თანახმად, კანონის მე-60 მუხლი უნდა ამოქმედებულიყო 2005 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ 2004 წლის 29 დეკემბერს აღნიშნულ 63-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით ამ კანონის მე-60 მუხლის ამოქმედება განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვრიდან. 2004 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე მოქმედებდა მე-60 მუხლის თავდაპირველი რედაქცია, რომელიც 1997 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონის ამოქმედებასთან ერთად და რომლის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდა შ. დ-ა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი მოსარჩელეზე არ უნდა გავრცელებულიყო, ვინაიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2001 წლის ¹05/10-1364 წერილის თანახმად, აღნიშნული კანონის არც ერთი მუხლით გათვალისწინებული არ იყო ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ ომის ინვალიდებზე, მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე (რომლებიც არ იყვნენ ოფიცრები) ორი სახეობის პენსიის ერთდროულად დანიშვნა. აღნიშნული მუხლი ეხებოდა მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც პენსია დანიშნული ჰქონდათ ძალოვან უწყებებში ოფიცრად, ზევადიან სამსახურში ან ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით საჭირო წელთა ნამსახურობის შესაბამისად. ამასთან, საგულისხმო იყო, რომ ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ომის ინვალიდების, მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირების მიერ სარჩელი შეტანილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც 1997 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, კანონის მითითებული ნორმა უნდა ამოქმედებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შ. დ-ას მოპოვებული ჰქონდა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება, რაც სწორად დაადგინა სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნული მუხლის თანახმად, ორი სახეობის პენსია ენიშნებოდა 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილეს, რომელიც უნდა ყოფილიყო 75 წელს მიღწეული და დიდი სამამულო ომის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი ან ოფიცერი. საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე დ-ა დაბადებულია 1923 წელს, მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, სადაც მიღებული ჭრილობის გამო მინიჭებული აქვს ინვალიდობის მეორე ჯგუფი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის სწორი განმარტებისა და გამოყენების საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ. ასევე კანონშესაბამისია მოსარჩელისათვის წინა ერთი წლის პენსიის თანხის ანაზღაურება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ ზემოაღნიშნულ საპენსიო შეღავათის გავრცელებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ამოღებულია “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-7 და მე-8 თავები და, შესაბამისად, გაუქმებულია მე-60 მუხლიც, რომელიც აღნიშნული მე-7 თავის შემადგენელ ნორმას წარმოადგენდა. იმავდროულად, მიღებულია “სახელმწიფო პენსიის შესახებ” 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი, რომლის გარდამავალი დებულებების 22-ე მუხლში მოწესრიგებულია ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნების საკითხი. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულია ომის მონაწილეთა პენსიის განსხვავებული ოდენობები იმისდა მიხედვით, პირი განეკუთვნება მხოლოდ ომის მონაწილეს, ომის მონაწილე პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდს თუ ომის მონაწილე მესამე ჯგუფის ინვალიდს, მათ შორის, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდებისათვის დადგენილია 84 ლარის ოდენობის პენსია. იმავდროულად, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პენსიების ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე, პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, თუ დანიშნული პენსია ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის ოდენობაზე ნაკლები ან მისი ტოლია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უნდა გაუთანაბრდეს “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, ძველი კანონით მინიჭებული უკეთესი საპენსიო შეღავათის შენარჩუნების უფლების მქონე პირთა კატეგორიას და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის დადგენილია პენსიის ოდენობა _ 129 ლარი. მოსარჩელემ, რომელსაც ძველი კანონის _ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად მინიჭებული ჰქონდა აღნიშნული საპენსიო შეღავათის მიღების გარანტია, ხოლო საპენსიო ფონდი არამართლზომიერად ეუბნებოდა მასზე უარს, ჯერ კიდევ ახალი კანონის _ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის ამოქმედებამდე, ძველი კანონის საფუძველზე მოითხოვა სასამართლო წესით აღნიშნული უფლების რეალიზაცია. ამდენად, ძველი კანონის მოქმედების პირობებში მოსარჩელეს გამოხატული ჰქონდა ნება კუთვნილი უფლების განხორციელებაზე, რაც შეფერხდა საპენსიო ფონდის არამართლზომიერი ქმედებით, ხოლო “სახელმწიფო პენსიის შესახებ” ახალი კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი კი ითვალისწინებს ძველი კანონის საფუძველზე კუთვნილი გარანტიების შენარჩუნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.