საქმე # 010100122005422667
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1072აპ-22 ქ. თბილისი
ბ. ო., 1072აპ-22 16 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ო. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რომლებიც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო და სამართლებრივად არასწორად შეაფასა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო. ბ-ს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 27 დეკემბერს, დღის საათებში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, ო. ბ თავისი ოჯახის წევრს, შვილის, დ. ბ-ს მეუღლეს - მ. ბ-ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა, რომ ცულის დარტყმით მოუსპობდა სიცოცხლეს, რა დროსაც მ. ბ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის განაჩენით ო. ბ, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ო. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 (ათასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ. ბ-ს.
გამართლებულ ო. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ო. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას წარდგენილ ბრალდებაში ო. ბ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას ო. ბ-ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების არასაკმარისობის თაობაზე და, ამდენად, ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი