საქმე # 330100121005028072
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1121აპ-22 ქ. თბილისი
გ. ზ., 1121აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას (გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მხედველობაში მიღებით) და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივაციით: ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით ზ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით; ამასთან, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მკიხედვითაც, გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია ირიბი ჩვენების გამოყენება.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. გ.მ ჩაიდინა:
- ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
- ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
- ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ზ. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 20:15 საათზე, ..... მდებარე სავაჭრო ობიექტ „...“, ზ. გ-მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ თავისი მეუღლე - ლ. გ., როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უკონტროლებდა სოციალური ქსელით კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა ლ. გ.ზე, კერძოდ: ხელი ჩაავლო თმაში და მუშტი ძლიერად დაარტყა ცხვირში, რის შედეგადაც დაზარალებულს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და წაიქცა, ზ. გ. კი აგრძელებდა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2021 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 20:15 საათზე, ... მდებარე სავაჭრო ობიექტ „...“, ზ. გ.მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ თავისი მეუღლე - ლ. გ., როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უკონტროლებდა სოციალური ქსელით კომუნიკაციას, ოჯახური ძალადობის შემდეგ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. გ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ „საკუთარი ხელით დაახრჩობდა და არ აცოცხლებდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის იანვარში (ზუსტი თარიღი უცნობია), ... მდებარე N.. სახლში, ზ. გ-მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლე - ლ. გ., როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე და უკონტროლებდა სოციალური ქსელით კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მეუღლეზე, კერძოდ: არასრულწლოვან დ. რ-ს (დაბადებული 2010 წლის ....) თანდასწრებით, თავი რამდენჯერმე მიარტყმევინა სახლში განთავსებულ მაცივარზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის იანვარში (ზუსტი თარიღი უცნობია), ... N.. სახლში, ზ. გ., რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლე - ლ. გ., როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე და უკონტროლებდა სოციალური ქსელით კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახური ძალადობის შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, კერძოდ: არასრულწლოვან დ. რ-ს (დაბადებული 2010 წლის ...) თანდასწრებით უთხრა, რომ „მოკლავდა და არ აცოცხლებდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2021 წლის 10 ივლისის ჩათვლით, თანაცხოვრების განმავლობაში და ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, .... მდებარე N.. სახლში, პირადად და სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ზ. გ., რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლე - ლ. გ., როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე და უკონტროლებდა სოციალური ქსელით კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად, კვირის განმავლობაში რამდენჯერმე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით. ზ. გ-ს მიერ ჩადენილი შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათის მხედველობაში მიღებით, ლ. გ-მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით ზ. გ., - დაბადებული 19.. წელს, - საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
ზ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა მითითება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე.
ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. გ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 11 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. გ-მ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2021 წლის 10 ივლისის ეპიზოდი); ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
ზ. გ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 20:15 საათზე, ... ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტ „....“, ზ. გ-მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ლ. გ-ზე, კერძოდ: ძლიერად დაარტყა მუშტი ცხვირში, რის შედეგადაც ლ. გ-ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და წაიქცა, ხოლო ზ. გ. აგრძელებდა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ზ. გ-ს ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2021 წლის 10 ივლისის ჩათვლით, თანაცხოვრების განმავლობაში და ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, ... N.. სახლში, პირადად და სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ზ. გ. მეუღლეს - ლ. გ-ს სისტემატურად, კვირის განმავლობაში რამდენჯერმე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: აგინებდა და მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით. შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათის მხედველობაში მიღებით, ლ. გ-მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
- თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. გ-ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
- მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ზ. გ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით: თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის გამამტყუნებელ განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ზ. გ. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ. გ.ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა მითითება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე.
ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. გ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. გ.ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 11 ივლისიდან.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს ზ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მოცემულ ეპიზოდებში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ:
10. დაზარალებულმა ლ. გ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის - ზ. გ-ს წინააღმდეგ ჩვენება. ამავდროულად, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, მართალია, დაზარალებულმა უარი განაცხადა ზ. გ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სახელდობრ: შემთხვევის (2021 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) თვითმხილველი მოწმის - ა. მ-ს ჩვენებით, დანაშაულის თაობაზე შეტყობინებით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების - დ. მ-სა და რ. კ-ს ჩვენებებითა და მათი სამხრეკამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმებით, სისხლიანი ხელსახოცებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების - მ. ო-სა და თ. თ-ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულის სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, ხოლო რაც შეეხება ფიზიკური ძალადობისა და მუქარის 2020 წლის იანვარის ეპიზოდებს, ასევე 2021 წლის 10 ივლისის მუქარის ეპიზოდს, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მითითებულ ეპიზოდებში ზ. გ-ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, ირიბი მტკიცებულებები კი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს საპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცბულებებით არ დასტურდება ზ. გ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენის ფაქტი.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი