¹ ას-410-1078-03 21 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ბ-მა, ვ. გ-მა, ა. შ-მა, ა. გ-მა, ბ. ლ-მა, ს. ბ-მა და ო. ბ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “თ.” მიმართ და მოითხოვეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სს “თ.” 1996წ. ივლისიდან არღვევს კანონის მოთხოვნებს და ზარალს ანაზღაურებს ნაკლები ოდენობით. მათ მოითხოვეს, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა დადგენილი სხვაობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: “თ.” დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის სხვაობის გადახდა რ. ბ-ისათვის – 4466,54 ლარი, ა. შ-ისათვის – 4532,71 ლარი, ა. გ-ისათვის – 3383,25 ლარი, ს. ბ-ისათვის – 4540,14 ლარი, ვ. გ-ისათვის – 4501,98 ლარი, ბ. ლ-ისათვის – 4532,77 ლარი, ო. ბ-ისათვის – 3858,26 ლარი.
სს “თ.” სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “თ.” დაეკისრა ზარალის ანაზღაურების სხვაობის გადახდა: რ. ბ-ისათვის _ 85 ლარი, ა. შ-ისათვის – 85 ლარი, ა. გ-ისათვის –75 ლარი, ს. ბ-ისათვის – 85 ლარი, ვ. გ-ისათვის – 85 ლარი, ბ. ლ-ისათვის – 85 ლარი და ო. ბ-ისათვის – 85 ლარი.
მოსარჩელეებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სრულყოფილად არ არის დადგენილი, რა თანხა ეკუთვნოდათ მოსარჩელეებს კანონის შესაბამისად და ფაქტობრივად, რამდენი აქვთ მიღებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ისა და ვ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად “თ.” დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სხვაობის _ რ. ბ-ისათვის – 357 ლარისა და ვ. გ-ისათვის 357 ლარის გადახდა. ა. შ-ის, ა. გ-ის, ს. ბ-ის, ზ. ლ-ის და ო. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორებმა ო. ბ-მა, ა. გ-მა, ზ. ლ-მა, ვ. გ-მა, რ. ბლუიშვილმა, ა. შ-მა განცხადებით მიმართეს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატას და აღნიშნეს, რომ ისინი უარს ამბობენ სარჩელზე და სსკ-ს 272-ე მუხლის თანახმად მოითხოვენ საქმეზე წარმოების შეწყვეტას.
ს. ბ-მა 2003წ. 14 ნოემბრის განცხადებით ასევე უარი თქვა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
კასატორებმა: ო. ბ-მა, ა. გ-მა, ბ. ლ-მა, ვ. გ-მა, რ. ბ-მა, ა. შ-მა და ს. ბ-მა უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით უარი თქვეს სარჩელზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შეწყდეს ო. ბ-ის,M ა. გ-ის, ბ. ლ-ის, ვ. გ-ის, რ. ბ-ის, ა. შ-ის, ს. ბ-ის სამოქალაქო საქმეზე საქმის წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება.
განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.