საქმე # 180100121004674014
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1005აპ-22 ქ. თბილისი
თ. გ., 1005აპ-22 16 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-სა და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-მა და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ.
- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გ. თ.ს ბრალეულობა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმხილველმა პირებმა, დაზარალებულებმა უარი განაცხადეს გ. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლომ მუქარის ეპიზოდში იგი მაინც დამნაშავედ ცნო, იმ ვითარებაში, როდესაც სხვა არცერთი მოწმე არ შესწრებია ფაქტს და საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც სხვა, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება.
- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გ. თ-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, მათ შორის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილშიც და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: საქმის არსებითი განხილვისას, მართალია, დაზარალებულებმა უარი განაცხადეს გ. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ ბრალდების მხარეს ბრალდების მოცემულ ეპიზოდშიც წარმოდგენილი ჰქონდა სხვა, საკმარის და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. თ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; ამასთან, ბრალდების მხარეს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი, მისი პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მიაჩნია აშკარად ლმობიერად, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. თ-ს ბრალად ედება: ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
გ. თ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 07:00 საათზე, მ-ს რაიონის სოფელ ძ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა გ. თ-მ, შელაპარაკების ნიადაგზე, შუბლის არეში მუშტი ერთხელ დაარტყა მამას - ჯ. თ-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულზე გ. თ-ს უსაყვედურა დედამ - ლ. თ-მ, რის გამოც მასაც ორჯერ დაარტყა მუშტი მარჯვენა მხარში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2021 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 07:00 საათზე, მ-ს რაიონის სოფელ ძ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა გ. თ-მ, შელაპარაკების ნიადაგზე, შუბლის არეში მუშტი ერთხელ დაარტყა მამას - ჯ. თ-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. როდესაც აღნიშნულზე უსაყვედურა დედამ - ლ. თ-მ, გ. თ-მ მათი საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში, პოლიეთილენის ავზიდან ტანსაცმელსა და სხეულზე შეასხა ბენზინი, ხოლო სითხის დასხმის შემდეგ, ორჯერ დაარტყა მუშტი მარჯვენა მხარში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდეგ ჯიბიდან ამოიღო ასანთი და აანთო. ლ. თ-ს გაუჩნდა შიში, რომ გ. თ. დაწვავდა მას, რის გამოც ხელი დაარტყა ანთებულ ასანთზე და ჩააქრო. ვინაიდან გ. თ. დედის მიმართ იყო აგრესიული, ლ. თ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გ. თ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით.
გ. თ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 15 აპრილიდან.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ბრალდების მხარემ - გ. თ-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, მათ შორის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილშიც.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. თ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. თ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2022 წლის 21 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 15 აპრილიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით (9 (ცხრა) თვე).
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვისა და ბრალდების მხარეების მოთხოვნებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ფიზიკური ძალადობის ბრალდების ეპიზოდისა, რომლის ჩადენაშიც იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, მუქარის ეპიზოდთან მიმართებით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. თ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
9. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულებმა - ლ. თ-მ და ჯ. თ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს თავიანთი შვილის - გ. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამავე უფლებით ისარგებლა მოწმე მ. ს-მაც (მსჯავრდებულ გ. თ-ს მეუღლემ), რომელმაც ასევე უარი განაცხადა გ. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო მათ მიერ გამოძიებაში მიწოდებულ ინფორმაციას ვერ გამოიყენებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაზარალებულებზე გ. თ-ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს.
10. რაც შეეხება მუქარის ბრალდების ეპიზოდს, ამ ნაწილში მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება საკასაციო სასამართლოსაც, სააპელაციო პალატის მსგავსად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, კერძოდ:
11. მართალია, დაზარალებულებმა, როგორც ზემოთ აღინიშნა, უარი განაცხადეს გ. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულების ჩვენების გარეშე შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი შიშის რეალურობის დადგენა (სუბიექტური კრიტერიუმი), რომლის გარეშეც გამოკვეთილი არ არის მუქარის შემადგენლობა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა (ობიექტური კრიტერიუმი), რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. თ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, სახელდობრ:
12. დაზარალებულ ლ. თ.ს მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომელთა, თანახმად დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან, მისივე მითითებით, ამოიღეს ის ჭურჭელი (ხუთლიტრიანი პლასტმასის ბიდონი), რომელშიც, დაზარალებულის განმარტებით, ესხა ბენზინი, რაც მიასხა შვილმა და ცდილობდა მისთვის ცეცხლის წაკიდებას. შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოიღეს ნიადაგის ნიმუშიც; 2021 წლის 14 მაისის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ პლასტმასის ბალონზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს, ხოლო გ. თ.ს სისხლიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს; ქიმიური ექსპერტიზის 2021 წლის 4 ივნისის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ბიდონში არსებული 7 მლ მოყვითალო, სპეციფიკური სუნის მქონე სითხე წარმოადგენს ნავთობპროდუქტ-დიზელს; ამავე დასკვნით ნავთობპროდუქტის კვალი ასევე აღმოჩნდა - გ. თ-ს ორივე ხელის ანაწმენდსა და ტანსაცმელზე, ნიადაგისა და ქვების ნიმუშებზე, ჯ. თ-სა და ლ. თ-ს ტანსაცმელზე; დ. თ-ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც გ. თ. გამოარიდა დედამისს და თვითონ სახლში დაბრუნდა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ვინაიდან ბენზინის სუნი ასდიოდა; 2021 წლის 15 აპრილს 112-ში შესული შეტყობინება, რომლის მიხედვით, ვ. თ. აცხადებდა, რომ მისი შვილი იყო ფსიქიკურად ავად და შესაძლოა, ვინმე დაეზიანებინა; გ. თ-ს მიმართ 2021 წლის 15 აპრილს გამოცემული N.... შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლის სისწორეც დადასტურებულია დაზარალებულ ლ. თ-ს ხელმოწერით. მასში მითითებულია, რომ მოძალადემ მსხვერპლს შეასხა ბენზინი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო კითხვებზე: „ფიქრობთ, რომ მოძალადე მოგაყენებთ ჯანმრთელობის დაზიანებას, მოგკლავთ, ჯანმრთელობას დაუზიანებს ან მოკლავს თქვენ შვილს ან/და სხვა ახლობელს“? და „მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია?“ - მონიშნულია პასუხები „კი“. ყოველივე აღნიშნული, გ. თ-ს თანმდევი ქცევის გათვალისწინებით, უტყუარად ადასტურებს მუქარისა და მის შედეგად დაზარალებულის მიერ საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტს.
13. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, პირის ინდივიდუალური მახასიათებლების, ჩადენილი ქმედების ხასიათის, სახისა და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გ. თ-ს დაუმძიმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი კიდევ უფრო გამკაცრების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-სა და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი