გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-413-1064-03 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საცხოვრებელ ფართზე მფლობელობის და სარგებლობის შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის მესაკუთრე იყო ა. თ-ე, რომელმაც სახლთმფლობელობა უანდერძა თავის შვილს – ს. თ-ეს. ამჟამად მასზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ “ა”-დან ორი ოთახი ფართით 31,92 კვ. მ. და ლიტერ “ბ”-ს ერთი ოთახი ფართით 26,09 კვ.მ. ლ. თ-ე და მ. კ-ა მესაკუთრესთან იმყოფებიან ნათესაურ კავშირში, კერძოდ, ლ. თ-ე არის ს. თ-ის დეიდა, ხოლო მ. კ-ა – დეიდაშვილი.
თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ეს და მის შვილს – მ. კ-ას, ზემოაღნიშნულ ბინაში, რომელიც იმ პერიოდისათვის ირიცხებოდა ა. თ-ის (ს. თ-ის დედის) სახელზე, სარგებლობის უფლებით გამოეყოთ ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის ¹3 ოთახი ფართით 15,70 კვ.მ. და ¹8 ოთახი ფართით 16,80 კვ.მ, შემინული აივნით. აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
1991 წელს მ. კ-ამ შეიძინა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.თბილისში, ... რის შემდეგაც ის და ლ. თეთრაძე მუდმივად ცხოვრობენ ამ სახლში და შესაბამისად ამ დროიდან ს.თ-ის კუთვნილ ბინაში აღარ უცხოვრიათ, გადაწყვეტილებით მინიჭებული სარგებლობის უფლება კი განახორციელეს იმგვარად, რომ 2000წ. ზაფხულში სადავო ოთახებში, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, შეასახლეს მდგმურები, რომლებიც 2001წ. ოქტომბერში გადავიდნენ, რის შემდეგაც მოპასუხეებს აღარ უცდიათ თავისი მფლობელობის და სარგებლობის უფლების განხორციელება, რაც დასტურდება ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მიერ სათანადოდ შედგენილი ოქმებით.
2000წ. ნოემბერში ს. თ-ემ გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 1997წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელიც არ დაკმაყოფილდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ წარმოებაში მიიღო ლ.თ-ისა და მ.კ-ას ახალი სარჩელი, რის შედეგადაც აზრი დაკარგა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებამ; გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. თ-ისა და მ. კ-ას სარჩელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობის, მესაკუთრედ აღიარებისა და სამემკვიდრეო მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით ს. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის განჩინება.
2000წ. 22 თებერვალს ს. თ-ემ კვლავ აღძრა სარჩელი სასამართლოში ლ. თ-ისა და მ. კ-ას მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ... მდებარე მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ბინაზე მოპასუხეების მფლობელობის შეწყვეტა და მათი გამოსახლება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მ. კ-ამ 1991 წელს შეიძინა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.თბილისში, ..., რის შემდეგაც ის და ლ. თ-ე მუდმივად ცხოვრობენ ამ სახლში. შესაბამისად, მათ ამ დროიდან მოსარჩელის სახლში, საიდანაც სასამართლოს 1997წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარგებლობის უფლებით გამოეყოთ ¹3 და ¹8 ოთახები, აღარ უცხოვრიათ. ასეთ ვითარებაში სკ-ს 156-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს შეწყვეტილად ეთვლებათ მფლობელობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბინა დაუთმეს ახლობლებს, მათ ბინის მიტოვების სურვილი არ ჰქონდათ და არ აქვთ ახლაც. 1997წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც დღემდე ძალაშია, მოპასუხეებს მიეცათ სადავო ფართით სარგებლობის უფლება. ამდენად, არ არსებობს ბინაზე მოპასუხეთა მფლობელობის შეწყვეტის საფუძველი.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. თ-ეს და მ. კ-ას შეუწყდათ ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ლიტ “ა”-ს ¹3 _ 15,70 კვ.მ. და ¹8 _ 16,89 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ ოთახებსა და 8,28 კვ. მეტრი ფართის დამხმარე სათავსოზე მფლობელობის და სარგებლობის უფლება.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 155-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე, 168-ე მუხლებით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები სადავო ფართზე ფაქტობრივ ბატონობას არ ახორციელებენ, ეს ფართი კი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ს.თეთრაძეს, რომელსაც გააჩნია მოცემულ ფართზე მოპასუხეთა მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
მ. კ-ამ და ლ. თ-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ შესახლებული მდგმურები 2001წ. ოქტომბერში გადავიდნენ სადავო ბინიდან, ამ პერიოდიდან მოპასუხეებს აღარ უცდიათ სადავო ბინის დაკავება, ანუ არ განუხორციელებიათ მფლობელობა და მიატოვეს იგი, რითაც დაკარგეს ფაქტობრივი ბატონობა სადავო ოთახებზე. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ აპელანტებს გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, სადაც მუდმივად ცხოვრობენ და სადავო ბინა საცხოვრებლად არ სჭირდებათ. პალატამ იხელმძღვანელა რა სკ-ს 155-ე, 156-ე მუხლებით, აპელანტთა მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე ლ. თ-ემ და მ. კ-ამ შეიტანეს საკასაციო საჩივარი. კასატორებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინება მიაჩნიათ უკანონოდ, ვინაიდან საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ უგულებელყო 1997წ. 17 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია მათი მფლობელობის და სარგებლობის უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის ¹3 და ¹8 საცხოვრებელი ოთახები და 8,28 კვ.მ. ფართის შემინული აივანი პირადი საკუთრების უფლებით ირიცხება ს. თ-ის სახელზე, დედისგან – ა. თ-ისგან მემკვიდრეობით მიღების შედეგად. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. თეთრაძეს და მ. კ-ას სარგებლობის უფლებით გამოეყოთ ქ.თბილისში, ... მდებარე ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის ¹3 და ¹8 ოთახები და შემინული აივანი. გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
გადაწყვეტილებით მინიჭებული სარგებლობის უფლება ლ.თ-ემ და მ.კ-ამ განახორციელეს იმგვარად, რომ 2000წ. ზაფხულში, როცა ს. თ-ის ოჯახი ერთი წლის განმავლობაში სხვაგან იყო საცხოვრებლად გადასული, სადავო ოთახებში, მესაკუთრის თახმობის გარეშე შეასახლეს მდგმურები, რომლებიც 2001წ. ოქტომბერში გადავიდნენ ბინიდან ამის შემდეგ მოპასუხეებს აღარ უცდიათ სადავო ბინის დაკავება, ანუ არ განუხორციელებიათ მფლობელობა.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი შინაარსის პრეტენზია კასატორებს არ წამოუყენებიათ.
სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოება, რომ ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ესა და მ. კ-ას წარმოეშვათ მფლობელობის უფლება სადავო ფართზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით შეიბოჭა ს. თ-ისათვის კანონით მინიჭებული საკუთრების უფლება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული პირები წლების განმავლობაში არ სარგებლობდნენ სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებით _ დაუფლებოდნენ მათთვის გამოყოფილ ქონებას. ფაქტობრივად მათ მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივი ფლობის სახით სკ-ს 155-ე მუხლის შესაბამისად არ განუხორციელებიათ. ის გარემოება, რომ მათ მათთვის გამოყოფილ ფართში შეასახლეს მდგმურები, არ შეიძლება ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ მათ გამოხატეს აღნიშნული ფართით სარგებლობის ნება. სკ-ს 156-ე მუხლის თანახმად, კასატორებს დაკარგული აქვთ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რაც დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. თ-ისა და მ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.