Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-416-1069-03 8 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: შრომის მოვალეობის შესრულებისათვის მუშაკისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 ნოემბერს ო. ჩ-მა შპს “ს. რ.” ფილიალ “ს. ხ.” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მესამე განყოფილების უფროს ... სადგურ ხაშურთან არსებულ მარქაფში.

1960წ. 18 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოძრავი შემადგენლობების შეჯახების შედეგად მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. შეჯახებაში დამნაშავე პირი გ.ლ-ე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სხეულის დაზიანების გამო იგი ცნობილ იქნა მესამე ჯგუფის ინვალიდად, შრომის უნარის 25%-ის, ხოლო პროფესიული შრომის უნარის 75%-ის დაკარგვით. ხაშურის რაიონული სასამართლოს 1962წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით 1960წ. 9 ივნისიდან საწარმოოს მიერ ნებაყოფლობით გადახდილ ყოველთვიურ თანხას – 33 მანეთს და 83 კაპიკს დაემატა პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა 14 მანეთი და ყოველთვიურად სულ დაენიშნა 47 მანეთი და 83 კაპიკი, რასაც იგი იღებდა 1973 წლამდე. ამის შემდეგ მოპასუხემ შეუწყვიტა სარჩოს გაცემა, ვინაიდან სარჩოს იღებდა ხაშურის სოციალური განყოფილების მეშვეობით, (დღევანდელი სოცფონდი). 1973 წელს ხანძრის გამო დაიწვა სოცფონდის შენობა და განადგურდა მთელი დოკუმენტაცია, მათ შორის საპენსიო დოკუმენტებიც.

ვინაიდან მას საერთო შრომის უნარი დაკარგული ჰქონდა 25%-ით, მუშაობა დაიწყო სხვა დაწესებულებაში, თან მკურნალობას აგრძელებდა. 2000წ. ივნისში თავის ტკივილებისა და თავბრუხვევების გამო მკურნალობდა სტაციონალურად, სადაც დაუსვეს დიაგნოზი – საწარმოო ტრავმასთან დაკავშირებული ტრავმული ენცეფალოპატია, თავის ტვინის შერყევა მკვეთრად გამოხატული სისხლძარღვთა დისფუნცქიით, ინტრავმანალური ჰიპერტენზია, ორმხრივი პირამიდული უკმარისობა.

ხაშურის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის კომისიის ხაშურის სარაიონთაშორისო ბიუროს მიერ 2000წ. 18 დეკემბერს იგი ცნობილ იქნა მეორე ჯგუფის ინვალიდად, 1960წ. 19 აპრილს მიღებული ტრავმის შედეგად პროფესიული შრომის უნარის 30%-ის დაკარგვით.

აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის კომისიისა და ხაშურის პოლიკლინიკის ამბულატორიული გაერთიანების მიერ.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 1999, 2000, 2001წ., სულ 36 თვისა და 2002წ. 10 თვის მინიმალური ხელფასის 10-ზე გამრავლებით გამოკლებული 20%, ანუ ერთჯერადი თანხის – 7360 ლარის და გადაწყვეტილების მიღებიდან ყოველთვიურად 160 ლარის დაკისრება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 მარტის განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება შპს “ს. რ.”.

მოპასუხემ სარჩელთან დაკავშირებით შეპასუხება არ წარადგინა, მაგრამ სასამართლო პროცესზე არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ საწარმოო მძიმე ტრავმის გამო გ.ჩ-ი მართლაც ღებულობდა სარჩოს, მაგრამ ვინაიდან 1973 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მას შეუწყდა სარჩოს გადახდა. სარჩოს მიღების თაობაზე მან მოპასუხეს მიმართა მხოლოდ 2000 წელს. როცა მოპასუხემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მან მიმართა სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ 2001წ. 10 მაისის განჩინებით საქმე წარმოებით შეწყვიტა. მოსარჩელეს ეს განჩინება არ გაუსაჩივრებია, რის გამოც იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

ამის შემდეგ გ. ჩ-მა იგივე სარჩელით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც საქმე ქვემდებარეობით გადასცა ხაშურის რაიონულ სასამართლოს. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ თავისი 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით გააუქმა ამავე სასამართლოს 2001წ. 10 მაისის განჩინება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ. მას მიაჩნია, რომ სასამართლოს მოქმედება კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების შესახებ უკანონოა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა – უსაფუძვლო, ვინაიდან მიაჩნია, რომ გ.ჩ-ი მათ ორგანიზაციაში მიღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ის დაზიანებანი, რომელიც ამჟამად გ.ჩ-ს აღენიშნება, არ შეიძლება დაკავშირებული იყოს 1960 წელს მიღებულ ტრავმასთან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს “ს. რ.” გ.ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 102,33 ლარი, ხოლო 2000წ. 13 ოქტომბრიდან 2003წ. აპრილამდე 3069,90 ლარი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მან საწარმოო ტრავმა მიიღო დამქირავებლის ბრალით, რის გამოც ღებულობდა სარჩოს. სარჩოს გაცემა შეუწყდა ხანძრის შედეგად, მისი პირადი საქმის განადგურების გამო. ვინაიდან მოსარჩელემ წარმოადგინა დოკუმენტების ასლები, რომელთა ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დგება, ისინი სასამართლომ სათანადო მტკიცებულებად მიიჩნია, მითუმეტეს იმ თვალსაზრისით, რომ მოსარჩელე მოითხოვდა არა სარჩოს დანიშვნას, არამედ აღდგენას.

რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ათმაგი მინიმალური ხელფასის ანაზღაურების შესახებ, იმ მოტივით, რომ ორგანიზაციაში არსებობს უფროსი კონდუქტორის შტატი, რომლის ხელფასის ოდენობას 127,92 ლარი შეადგენს, არ დააკმაყოფილა ყოველთვიური სარჩოს ოდენობა გაიანგარიშა მითითებული ხელფასიდან 80%-ის გაანგარიშებით და 2000წ. 13 ოქტომბრიდან ჩათვლით გადაწყვეტილების მიღებამდე ერთდროულად ასანაზღაურებლად განსაზღვრა 3069,90 ლარი, ხოლო ყოველთვიურად 102,33 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით ასევე გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის განჩინება 2001წ. 10 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა საფუძველი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 მაისის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოებით განახლების შესახებ. 2001წ. 8 ნოემბრის განჩინება უკანონო იყო, ამიტომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

გ. ჩ-მა 2003წ. 26 აგვისტოს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი. სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებში იგულისხმება ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც უდავოდაა დადგენილი მოცემულ საქმეზე და რომლებიც მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი, მაგრამ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებული გარკეულ მტკიცებულებების გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს, თავისი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, არ მიუთითებია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, არ ჩამოუყალიბებია წარდგენილი სარჩელის თაობაზე თუ რა ფაქტობრივი გარემოებები მიაჩნია უდავოდ დადგენილად და რომელ ფაქტობრივ გარემოებებს ხდის სადავოდ.

იმ შემთხვევაში, როცა საქმეზე არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამ სახის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს და ამგვარი გადაწყვეტილების აუცილებელ გაუქმებას იწვევს.

მოცემულ საქმეში სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ო. ჩადუნელის მიერ ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2002წ. 18 ნოემბერს წარდგენილი სარჩელი, რომელიც რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2002წ. 27 ნოემბერს და ამ სარჩელთან დაკავშირებით 2003წ. 14 აპრილს მიიღო სათანადო გადაწყვეტილება. მოცემული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა საქმე ¹2/648, რომელზეც 2001წ. 10 მაისს მიღებული განჩინება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებული კი იყო, მაგრამ საქმის წარმოება არ განახლებულა.

სააპელაციო სასამართლომ მართალია, გამოთხოვილი საქმე მიიღო, მაგრამ თავისი განჩინებით იგი საქმეზე არ დაურთავს (თუმცა ამ საქმეს საერთო არა ჰქონდა რა წინამდებარე საქმესთან) და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ, ვინაიდან საქმე ¹2-648-ში განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას, იგი არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა საქმის წარმოების განახლებას, ამიტომ სამოტივაციო, შემდეგ კი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინა საქმე ¹2-648-ზე _ 2002წ. 8 ნოემბერს მიღებული განჩინების და ძირითად საქმეზე, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება.

ამავე გადაწყვეტილებით ო.ჩ-ის სარჩელსა და განცხადებას დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომელიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ განიხილოს სხვა საქმეში მიღებული განჩინებები. 2003წ. 8 ნოემბრის განჩინება, 2001წ. 10 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ, მიღებულია ¹2-648 საქმეზე. ამ განჩინებით, მართალია გაუქმდა ამ საქმეზე 2001წ. 10 მაისს მიღებული განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო), მაგრამ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება არ განახლებულა. მითითებული საქმე, ო.ჩადუნელის სარჩელის გამო, 2002წ. 27 ნოემბერს აღძრულ საქმე _ ¹2-946-თან არ გაერთიანებულა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება, რომელზეც შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავდა სასამართლო, 2-648 საქმეს საერთოდ არ შეხებია, ანუ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა ¹2-946 საქმეზე 2003წ. 14 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო განეხილა სხვა საქმეზე მიღებული განჩინებები, ვინაიდან ისინი არ იყო ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებები.

სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ო.ჩ-ის 2002წ. 18 ნოემბერს წარდგენილ სარჩელზე, მსჯელობის გარეშე გააუქმა სარჩელთან დაკავშირებით მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 7 აგვისოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებები, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გააუქმა მის მიერვე სხვა საქმეში გამოტანილი განჩინება არ შეიძლებოდა საფუძველი გამხდარიყო საქმე ¹2-946-ზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:

დავა ეხება შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ამ საქმეზე ჯერ კიდევ 1962წ. 31 მარტს მიღებულია ხაშურის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მდგომარეობის შეცვლამდე 1962წ. 1 აპრილიდან დაენიშნა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა ყოველთვიურად 14 მანეთის ოდენობით _ ერთდროულად 490 მანეთი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ დროისათვის მოსარჩელეს პროფესიული უნარი დაკარგული ჰქონდა 75%-ით, ხოლო საერთო შრომის უნარი 25%-ით. მდგომარეობის შეცვლამდე სარჩოს დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ იგი არ არის მუდმივი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეიძლება სარჩოს ოდენობა გაიზარდოს, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისას – პირიქით. სარჩოს ოდენობის ანაზღაურებაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ხელფასის ზრდამ და სხვა გარემოებებმა. ყოველივე ამის გათვალისწინებით სარჩოს გადახდა უნდა აწარმოოს სარჩოს გამცემმა ორგანომ, მაგრამ თუკი იგი არ ასრულებს თავის მოვალეობას დაზარალებულს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს. ამ საფუძვლით წარდგენილი სარჩელი არ წარმოადგენს სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად საქმის წარმოებით შეწყვეტის საფუძველს, რადგან იგი არ შეიძლება ჩაითვალოს იმავე საგანზე იმავე საფუძვლით შეტანილ სარჩელად. თუ პირველ შემთხვევაში შეტანილი სარჩელი სარჩოს დანიშვნას ეხება, მეორე სარჩელი შეიძლება ეხებოდეს სარჩოს გადახდის უკანონოდ შეწყვეტას, სარჩოს გადახდის განახლებას და მიუღებელი სარჩოს დაკისრებას, ანუ სარჩოს მიღების სხვა საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს ისიც, რომ ო.ჩადუნელის მიერ 2002წ. 18 ნოემბერს წარდგენილი სარჩელი არ არის იგივე სარჩელი, რომელიც განხილულ იქნა 1962 და 2001 წელს. 2002წ. 18 ნოემბრის სარჩელით მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება პროფესიული შრომის უნარის 80%-ის დაკარგვისათვის, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, რაც 1962 წელს და 2001 წელს წარდგენილ სარჩელებით მოთხოვნილი არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.