Facebook Twitter

საქმე # 160100121004668788

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1172აპ-22 ქ. თბილისი

ნ ბ., 1172აპ-22 26 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ბ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით ცალსახად დასტურდება ბ. ნ-ს ბრალეულობა, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ზ. ა-მ ერთმნიშვნელოვნად ამხილა თავისი მამამთილი - ბ. ნ. ფიზიკურ ძალადობაში; დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება, რომ ზ. ა-ს სხეულსა და კისრის არეში დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა განმარტავდა, რომ მამამთილმა გაშლილი ხელი დაარტყა სახესა და კისერში; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც ასევე არ გამხდარა სადავოდ, ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედებისას დაზარალებულმა მიუთითა, სად და როგორ იძალადა მასზე მამამთილმა.

2. გამართლებული ბ. ნ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. გ. საკასაციო შესაგებლით ითხოვენ, არ დაკმაყოფილდეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ნ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2021 წლის 20 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ... მდებარე ბ. ნ-ს ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის საძინებელში, მზესუმზირის ოთახში ჭამის გამო გაბრაზებულმა ბ. ნ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა თავისი შვილის, ფ. ნ-ს მეუღლეზე - ზ. ა-ზე, კერძოდ, ერთი ხელით დაუჭირა ხელი, ხოლო მეორე, გაშლილი ხელი დაარტყა ჯერ სახის, შემდეგ კი - კისრის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

4. ბ. ნ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ბ. ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ბ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ბ. ნ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მხედველობაშია მისაღები, რომ სადავოდ გამხდარი შემთხვევის თვითმხილველები იყვნენ მხოლოდ გამართლებული ბ. ნ. და დაზარალებული ზ. ა., აქედან - ბ. ნ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს რძალზე ფიზიკურად არ უძალადია, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომლის საპირისპიროდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ მამამთილმა გაშლილი ხელი დაარტყა სახესა და კისერში, რის გამოც განიცადა ტკივილი და სხეულზე აღენიშნებოდა სიწითლეები, რის შესახებაც შეატყობინა დედას, რომელიც მივიდა მასთან და ბ. ნ-თან გასაუბრების შემდეგ წაიყვანა იგი მეუღლის სახლიდან. ამდენად, თანაბარი წონის სამხილებს შორის არსებითი წინააღმდეგობისას, ოჯახური კონფლიქტის მონაწილეთა ურთიერთგამომრიცხველი განმარტებების პირობებში, საყურადღებოა, რომ დაზარალებულის მტკიცების მიუხედავად, რომ ძალადობის შედეგად სხეულის დაზიანებული არეები გაუწითლდა, მისი ვიზუალური დათვალიერების ოქმი ცხადყოფს, რომ ზ. ა-ს სხეულსა და კისრის არეში დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ხოლო დაზარალებულის დედა, რომელმაც დაზარალებულის მითითებით, შემთხვევის შემდეგ მიაკითხა მას და ბ. ნ-თან გასაუბრების შემდეგ წაიყვანა მეუღლის სახლიდან, ბრალდების მხარეს არ გამოუკითხავს; დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი კი, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ უტყუარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ბ. ნ-ს ბრალეულობის სარწმუნოდ დასადასტურებლად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებლად გააქარწყლებდა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილ ეჭვს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც, in dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით, დაუდასტურებელი ეჭვი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბ. ნს სასარგებლოდ.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი