საქმე # 200100120003451202
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №934აპ-22 ქ. თბილისი
უ. ჯ., 934აპ-22 30 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ჯ. უ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბიოლოგიური, სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, ჯ. უ-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჯ. უ-ს ბრალეულობა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. უ.ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 დეკემბერს, ღამის საათებში, ჯ. უ. მივიდა ა-ს რაიონის სოფელ კ-ში მდებარე ე. ღ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ე. ღ-სთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოუხდა სიტყვიერი შელაპარაკება. განაწყენებულმა ჯ. უ-მ შურისძიების მოტივით გადაწყვიტა ე. ღ-ს განზრახ მკვლელობა. ჯ. უ-მ აიღო ე. ღ-ს საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებული დანა, რომელიც მას განზრახ მოკვლის მიზნით დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, ხოლო ჯ. უ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ჯ. უ., - დაბადებული 19... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ჯ. უ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გამართლებულ ჯ. უ.ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ჯ. უ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ჯ. უ. უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი