საქმე # 330100120003504822
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1038აპ-22 ქ. თბილისი
ფ. რ., 1038აპ-22 10 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ფ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ რ. ფ. შემთხვევის დღეს ნამდვილად მართავდა ავტომობილს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, რაც დადგინდა მისი კლინიკური შემოწმების შედეგად, ხოლო მას შემდეგ, რაც განსახილველ საქმეზე დაიწყო გამოძიება, დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მიზნით, გაიცა სასამართლოს განჩინება ნიმუშის აღების შესახებ, რომელიც რ. ფ-მ არ შეასრულა, რაც დამატებით მიუთითებს მის ბრალეულობაზე. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას გასცდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კვალდაკვალ საქმის შეფასების ფარგლებს, როდესაც განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რ. ფ-ს მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულებისას დაარღვიეს კანონი, კერძოდ, პოლიციელებმა რ. ფ. შეაჩერეს და გადაამოწმეს დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე, რაც ამ ქმედების უკანონობიდან გამომდინარე, მოწამლული ხის ნაყოფის პრინციპის მიხედვით, ყველა სხვა შემდგომ მოქმედებას, მათ შორის - რ. ფ.ს ნარკოლოგიურ შემოწმებას, უკანონოდ აქცევდა, რაზეც კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების კანონიერების სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე შეფასება გაუმართლებელი და უკანონოა; კასატორი მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოსდა, ნიმუშის აღების შესახებ განჩინების არსებობის გამო, გამომძიებელი ვალდებული იყო, ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც ბრალდებულის თავისუფლების შეზღუდვით (დაბმით), აეღო მისგან სისხლის ნიმუში და არ გაეთვალისწინებინა ექიმის კონსულტაცია, რომლის მიხედვით, არსებობდა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხე. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება, რომ ექსპერტ-ნარკოლოგის ჩვენების სანდოობას საეჭვოს ხდის ის ფაქტი, რომ სასამართლოში განმარტებების მიცემისას მან ვერ გაიხსენა იმ ლიტერატურის გამოცემის თარიღი, რომლითაც იხელმძღვანელა საექსპერტო დასკვნის გაცემის დროს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ფ-ს ბრალად დაედო: ავტომობილის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა; სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ..., რ. ფ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომანქანა „მერსედესს“, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ....
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის №... განჩინებით საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლებს მიეცათ ნებართვა, რ. ფ-საგან საექსპერტო კვლევის მიზნით, აეღოთ სისხლის ნიმუში. სასამართლოს გადაწყვეტილება გამომძიებელმა გააცნო რ. ფ-ს და შესთავაზა მისი შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, რ. ფ-მ უარი განაცხადა და არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის №... განჩინება და გამომძიებელს უარი განუცხადა სისხლის ნიმუშის აღებაზე.
3. რ. ფ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენით რ. ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ფ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა რ. ფ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული პასუხები გასცა აპელანტის - ბრალდების მხარის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, კერძოდ:
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის თქმის შემთხვევაში - მხოლოდ კლინიკური დასკვნით. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგნად ქცეული საკითხის: მართავდა თუ არა რ. ფ. 2020 წლის 20 იანვარს ავტომანქანას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი - სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია არსებითად მნიშვნელოვან მტკიცებულებად საქმეში წარმოდგენილი ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, რომელთა გამოკვლევის შედეგად, კლინიკურ ნარკოლოგიურ კვლევასთან მიმართებით გაჩენილი გაუქარწყლებელი ეჭვი, რაც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, იმის მხედველობაში მიღებით, რომ რ. ფ.მ ლაბორატორიულ შემოწმებაზე უარი განაცხადა, მართებულად გადაწყვიტა მის სასარგებლოდ.
11. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით რ. ფ.სათვის ბრალად წარდგენილ ქმედებას - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა რ. ფ.სგან სისხლის ნიმუშის ასაღებად სასამართლოს განჩინებით ნებადართული პროპორციული ძალა გამოიყენეს და ამის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მისგან ნიმუშის აღება, რაც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის რ. ფ.ს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება №511აპ-21 საქმეზე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება №703აპ-22 საქმეზე).
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
13. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი