გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-43-745-03 22 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სხეულის დაზიანების გამო სარჩოს დანიშვნა და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 22 ნოემბერს ნ. ქ-ემ სს “ე. თ.” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი შვილი 9 წლის შ. ბ-ი ეზოში თამაშის დროს შევიდა სატრანსფორმატორო ქვესადგურის მაღალი ძაბვის სათავსოს ღია კარებში, სადაც ელექტროდენის ზემოქმედების გამო მიიღო სიცოცხლისათვის საშიში სხეულის დაზიანება, კერძოდ, IIIა-IIIბ-IV ხარისხის ელექტროკონტაქტური დამწვრობა, რის გამოც აუცილებელი გახდა მარჯვენა ხელის ამპუტაცია, მარცხენა ხელის მტევანი აღარ ფუნქციონირებს, ტანზე და სახეზე დარჩა დასახიჩრების წარუშლელი კვალი.
მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მკურნალობის ხარჯების სახით მოპასუხეებს – სს “ე. თ.” თელასს დაეკისრა 180000 აშშ დოლარის, ხოლო შპს “ჰ.” 200000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
უდიდესმა ფიზიკურმა ტკივილმა და სხეულის დასახიჩრებამ მასში გამოიწვია ნეგატიური ფსიქიკური ცვლილებები. შიში გახდა მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მან გადაიტანა სიკვდილის შიში, უდიდესი შიში კი ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ ხელის დაკარგვის გამო. ყოველი ოპერაციის წინ დედას უხდებოდა მისი დარწმუნება, რომ არ მოხდებოდა მარცხენა ხელის ამპუტაცია (მარჯვენა ხელის რეამპუტაცია გარდაუვალია). დაზარალებულის ფსიქიკური ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი და ჩვეული გარემო – ოჯახი, თანატოლები და სკოლა შეიცვალა უცხო, მიუღებელი გარემოთი. იგი გახდა გულჩათხრობილი, გაუჭირდა თანატოლებთან ურთიერთობა არა მარტო იმიტომ, რომ გაუჩნდა არასრულფასოვნების კომპლექსი და მისთვის სარკეში ყოველი ჩახედვა აუტანელი სულიერი ტკივილის მომტანია, არამედ იმიტომაც, რომ თავისი ფიზიკური ნაკლის გამო ის მოკლებულია ისეთ უწყინარ და ბავშვისათვის აუცილებელი საქმიანობის შესრულებას, როგორიცაა თამაში, აქტიური გართობა.
ზემოაღნიშნული გარემოების გამო, მოსარჩელემ არამატერიალური ზიანის კომპენსაციის მიზნით მოითხოვა მოპასუხისათვის 800000 აშშ დოლარის, ხოლო შრომის უნარის დაკარგვის გამო, ყოველთვიური სარჩოს სახით 500 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შრომის უნარის დაკარგვის გამო, ყოველთვიური სარჩოს სახით 500 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან დაზარალებული მცირეწლოვანია და შრომის უნარი არ გააჩნია, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა მოხდეს გონივრულობისა და სამართლიანობის ფარგლებში. მისი მოსაზრებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სს “ე. თ.” გადახდილი აქვს მკურნალობის ხარჯები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო პალატის 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სს “ე. თ.” ნ. ქ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისრა 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო ყოველთვიური სარჩოს გადახდის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 2000წ. 13 აპრილს 14 საათზე არასრულწლოვანმა შ. ბ-მა ელექტრო ჯიხურში გამავალი მაღალი ელექტრო ძაბვის დარტყმის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება.
იმავე დღეს შ. ბ-ი მოთავსდა თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში დიაგნოზით – ელექტროკონტაქტური ტრავმა მარჯვენა ზემო კიდურის არეში, მარჯვენა წინა მხარის ამპუტაცია ზემო მესამედში (გართულებული სეფსისით).
საოლქო სასამართლომ სკ-ს 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მორალური ზიანის ფაქტობრივად არსებობის დადასტურებისათვის საკმარის საფუძვლად მიიჩნია შ.ბ-ის სხეულის დაზიანება და ამ ზიანის ასანაზღაურებლად ფულადი ანაზღაურება გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპის გამოყენებით მიზანშეწონილად მიიჩნია 100000 აშშ დოლარის ფარგლებში. მოთხოვნა სკ-ს 408-ე მუხლის შესაბამისად შრომის უნარის დაკარგვის გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, უსაფუძვლოდ მიიჩნია და სასამართლომ მიუთითა, რომ მცირეწლოვან შ. ბ-ს, რომელმაც მიიღო სხეულის დაზიანება შრომისუნარი არ გააჩნდა და აქედან გამომდინარე, მოთხოვნა შრომის უნარის დაკარგვის გამო სარჩოს დანიშვნის შესახებ, საქმის განხილვის ამ სტადიაზე უსაფუძვლო იყო. ამ სახის სარჩელის წარდგენა მას შეეძლო შრომისუნარიანობის ასაკის მიღების შემდეგ.
მოსარჩელეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ხოლო მოპასუხემ 2003წ. 14 მაისს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის 100000 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. ანაზღაურების დროს მხედველობაში უნდა მიიღონ ის გარემოება, რომ დაზარალებულს მკურნალობისათვის მიღებული აქვს 400000 ლარამდე თანხა და არ შეიძლება არაქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვროს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირის, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 150 წლის ხელფასით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი, სარჩელის მხოლოდ 100000 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი, მაგრამ საოლქო სასამართლოს მიერ არაქონებრივი ზიანის სახით განსაზღვრული თანხა 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით რომ დამწვრობამ მოიცვა დაზარალებულის სხეულის 25%, გამოიწვია მარჯვენა ზედა კიდურის ამპუტაცია (ამავე კიდურის რეამპუტაცია გარდაუვალია), მრავალი პლასტიკური ოპერაცია, რამაც გამოიწვია ნეგატიური ფსიქიკური ცვლილებები: (შიში, არასრულფასოვნების კომპლექსი და სხვ.) გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაშია დამდგარ შედეგთან.
მართალია, არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღება ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც, მაგრამ სხეულის დაზიანების შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ანაზღურების მოთხოვნისადმი სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის როგორც სუბიექტის დამოკიდებულებას, ისე ობიექტურ გარემოებებს. ამ თვალსაზრისით, საოლქო სასამართლოს მიერ საკომპესაციოდ განსაზღვრული თანხა გონივრულ შესაბამისობაშია დამდგარ შედეგთან. კონკრეტულ შემთხვევაში დაუშვებელია, არაქონებრივი ზიანისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს კასატორის მითითების შესაბამისად, რომელიმე თანამდებობის პირის ყოველთვიური სარგოს წლებზე გადამრავლების პრინციპით.
სკ-ს 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია, კანონითაა ზუსტად განსაზღვრული, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში დაკმაყოფილების შესახებ, გონივრულ შესაბამისობაშია მიყენებულ ზიანთან, ამიტომ სამართლიანია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ე. თ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.