გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-441-1122-03 7 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 20 მარტს თ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და მესამე პირის, შპს “ტ. და ე. ბ.” დირექტორის ნ.ჩ-ის მიმართ, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანების გაუქმების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 1999წ. 29 ოქტომბერს ¹17 ბრძანებით “ტ. და ე. ბ.” დირექტორის შემსრულებელმა ნ. უ-ემ თავისი მოვალეობის შემსრულებლად 1999წ. პირველი ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე დანიშნა მოსარჩელე და მიღება-ჩაბარების აქტით მას გადაეცა ბეჭედი და შტამპი.
სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანებით ქუთაისის ტურიზმისა და ექსკურსიების ბიუროს ბაზაზე დაფუძნდა შპს “ტ. და ე. ბ.”, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და საწესდებო კაპიტალის 100% მესაკუთრე იყო სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს სახით. საწარმო მართვის უფლებით^გადაეცა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს. იგი აღიარებულ იქნა ქუთაისის ტურიზმისა და ექსკურსიების ბიუროს სამართალმემკვიდრედ და მის დირექტორად დანიშნულ იქნა ნ.ჩ-ე. შპს “ქ. ტ. და ე. ბ.”, “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, 2001წ. 12 დეკემბრის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანების გაუქმება შპს ქუთაისის ტურიზმისა და ექსკურსიების ბიუროს დირექტორად ნ.ჩ-ის დანიშვნის ნაწილში. თ.მ-ის განმარტებით, მან სადავო ბრძანების შესახებ 2002წ. 4 მარტამდე არაფერი იცოდა და კვლავ აგრძელებდა დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას. 2002წ. 18 იანვარს მოსარჩელის მიერ აღძრულ იქნა სარჩელი სასამართლოში შპს “კ.” მიმართ და სწორედ აღნიშნული საქმის სასამართლოში განხილვისას 2002წ. 4 მარტს შეიტყო სადავო ბრძანების არსებობის შესახებ, ამასთან თ.მ-ე არ გაცნობია მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანებას. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა შკკ-ს 34 მუხლის მე-2 პუნქტი, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 421-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 423-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები, 71-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნები.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სამმართველოში არ მოიპოვება არავითარი სამართლებრივი დოკუმენტი თ.მ-ის ტურიზმისა და ექსკურსიების ბიუროს დირექტორად დანიშვნის შესახებ.
მესამე პირმა არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ იცოდა მისი ტურიზმისა და ექსკურსიების ბიუროს დირექტორად დანიშვნის შესახებ და შეგნებულად არ ცხადდებოდა სამსახურში, რომ არ მოეხდინა ბეჭდისა და შტამპის ჩაბარება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით თ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება. თ.მ-ის სარჩელი შპს “ქ. ტ. და ე. ბ.” დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით განსახილველი დავა უნდა გადაწყვეტილიყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად და არა შკკ-ს თანახმად, რადგან სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველო, როგორც შპს-ს პარტნიორი, ამ შემთხვევაში წარმოადგენს კორპორაციული სამართალურთიერთობის სუბიექტს და მის მიერ დირექტორის დანიშვნის საკითხი რეგულირდება კანონით “მეწარმეთა შესახებ”. ამავე კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტის მიხედვით თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნასა და გამოწვევის შესახებ იღებს პარტნიორთა კრება. მოცემულ შემთხვევაში, ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს მიერ ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად ნ.ჩ-ე სავსებით კანონიერად იქნა დანიშნული საზოგადოების დირექტორად. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ, ვინაიდან იგი იყო სახაზინო საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, ავტომატურად უნდა დანიშნულიყო შპს-ს დირექტორად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების ნაცვლად, არასწორად იქნა განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმეობის წესით, რის გამოც იგი 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად უნდა გაუქმდეს, ხოლო თ.მ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.მ-ემ. მისი აზრით, პალატამ არასწორად იხელმძღვანელა და განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტი, ვინაიდან დირექტორის დანიშვნის საკითხზე საზოგადოების პარტნიორთა კრების ჩატარების შესახებ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. თ.მ-ის მითითებით, მოპასუხე ორგანიზაციის სახაზინო საწარმოდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადობად გადაკეთებისას მასზე გადმოვიდა ძველი საწარმოს უფლება-მოვალეობათა სრული მოცულობა, ამრიგად, სახაზინო საწარმოს დირექტორის მოვალეობის შესრულება ავტომატურად უნდა გადასულიყო შპს-ს დირექტორზე. კასატორის განმარტებით, სადავო ურთიერთობას აწესრიგებს შკკ, კერძოდ, პირველი მუხლის პირველი ნაწილი, 42-ე მუხლი მე-5 პუნქტი, 423-ე მუხლის “ა” და “ბ” პუნქტები, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 421-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 71-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 96-ე და 98-ე მუხლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამ სახის პრეტენზიას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს, გასაჩივრებული განჩინებით კი დადგენილია შემდეგი:
ქუთაისის ტურიზმისა და ექსკურსიების ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ.უ-ის 1999წ. 29 ოქტომბრის ¹17 ბრძანებით დირექტორის მოვალეობის შესრულება დაევალა მთავარ ბუღალტერ თ. მ-ეს. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანებით ქუთაისის ტურიზმისა და ექსკურსიების ბიუროს ქონების ბაზაზე დაარსდა შპს “ქ. ტ. და ე. ბ.”, რომელიც გახდა ყოფილი ქუთაისის ტურიზმისა და ექსკურსიების ბიუროს სამართალმემკვიდრე. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა წარმომადგენლობის ერთპიროვნული უფლებამოსილება მიენიჭა დირექტორ ნ. ჩ-ეს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ თ. მ-ის მოსაზრებას სასამართლოს მიერ კანონის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაასკვნა, რომ სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად. სამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის ძირითადი მიზნის – მოგების მიღების განხორციელებაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელების – დირექტორების კომპეტენტურობას, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდის უფლებამოსილი ორგანოს რისკს მათი დანიშვნისას. დირექტორები განაგებენ რა საზოგადოების მთელ ქონებას, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობის კანონშესაბამისი და კეთილსინდისიერი შესრულება განსაზღვრავს საწარმოს რენტაბელობას და განვითარების ფარგლებს. დირექტორები სხვა მუშა-მოსამსახურეების მსგავსად ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, მაგრამ მათი გათანაბრება, დირექტორის სამართლებრივი მდგომარეობის სპეციფიურობიდან გამომდინარე, არ არის გამართლებული. დირექტორთა დანიშვნაც და გამოწვევაც, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, უნდა მოხდეს “მეწარმეთა შესახებ” კანონის და არა შკკ-ს დანაწესებიდან გამომდინარე. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნის და გამოწვევის, მათთან შრომის ხელშეკრულებების დადების და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშის დამტკიცების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ კანონის შესაბამისად განახორციელა თავისი უფლებები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორად დანიშნა მისთვის, როგორც პარტნიორისათვის მისაღები პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.