საქმე N 020100121004499866
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1197აპ.-22 28 თებერვალი, 2023 წელი
გ. მ., №1197აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. გ. (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 მაისს ქ. რ. და მ. გ-ს შორის დადებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „.......“ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - „სუბარუს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ......., ფლობის, სარგებლობისა და მომავალში გამოსყიდვის უფლებით გადაეცა მ. გ-ს, რომელმაც მიითვისა შპს „.....“ კუთვნილი მითითებული ავტომობილი და პირადი შეხედულებისამებრ განკარგა, რის შედეგადაც შპს „....“ მიადგა 6100 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ქ-ამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. გ-სთვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის დაკისრება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.
3.2. 2022 წლის 4 ნოემბერს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, კერძოდ, მისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3.3. 2022 წლის 11 ნოემბერს მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ქ-მ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, მ. გ-სთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მან მიყენებული ზიანი აანაზღაურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება და მ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შპს ,,მ- თვის“ მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, დაზარალებულს მის მიმართ არ აქვს პრეტენზია და თანახმაა, გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, მ. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მ. გ-სთვის განსაზღვრული სასჯელი (ჯარიმა და სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.7. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია რამდენიმე პირობის (ნასამართლობის არქონა, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, დაზარალებულის თანხმობა) ერთდროულად არსებობასთან, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. გ. ნასამართლევი არ არის, ამასთან, 2022 წლის 18 ივლისს შპს ,,.....“ იურისტის მიერ გაცემულია წერილი, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულმა აანაზღაურა შპს ,,მ- თვის“ მიყენებული ზიანი და იგი თანახმაა, მ. გ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება. ამდენად, მ. გ-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებუილი დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული დამატებითი სასჯელი და 6 თვით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის N785აპ.-20 განაჩენი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. გ. ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი; მასვე 1 წლით ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მ. გ-ს გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული დამატებითი სასჯელი და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება;
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე