Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-449-1096-03 27 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: საპატენტო უფლებების დაცვა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. შ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “თ.” და ნ. ა-ის მიმართ. მან მოითხოვა, მოპასუხეებს აეკრძალოთ მისი სასარგებლო მოდელით უკანონოდ სარგებლობა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა და ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის 150000 ლარის, გადახდა.

2003წ. 18 ივნისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე თ. შ-ესა და შპს “თ.” შორის მორიგების საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება.

თ. შ-ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა ნ. ა-ის მიმართ და მოითხოვა: აეკრძალოს მოპასუხეს ლიფტის გამშვები ფასიანი მოწყობილობით უკანონოდ სარგებლობა და მისი ჩართვა სამოქალაქო ბრუნვაში, მოპასუხეს დაეკისროს მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის, 150 000 ლარის, გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელს, ნ. ა-ის მიმართ საპატენტო უფლებების დაცვისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად ცნო ის ფაქტი, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა “ს.” გასცა პატენტი ¹4865 სასარგებლო მოდელზე _ (“ლიფტის გამშვები მოწყობილობა”) თ. შ-ის სახელზე; ასევე დადასტურებულად ცნო, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში “ს.” ნ. ა-ის მიერ შეტანილია განაცხადი, AN ¹2002001070, პრიორიტეტის თარიღი 28.06.2002 წელი, საკანცელარიო ნომერი ¹828 28.06.2002 წელი, სასარგებლო მოდელზე “ლიფტის გამშვები მოწყობილობა”. საქართველოს “საპატენტო კანონის” 48-ე მუხლის თანახმად, პატენტმფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი, ჩართოს ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში, მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი ან აკრძალოს აღნიშნული ქმედებები. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ დაამზადა და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართო მოსარჩელის პატენტით დაცული ობიექტი. ასევე, საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მოსარჩელეს მოთხოვნა მოპასუხისთვის 150000 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ნ. ა-ი აქვეყნებდა სარეკლამო განცხადებებს და ამზადებდა ლიფტის გამშვებ მოწყობილობებს, მაშინ როდესაც მას საამისოდ არავითარი უფლება არ გააჩნდა; შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ნ. ა-მა პროცესზე პრაქტიკულად არ უარყო სარეკლამო განცხადებებთან თავისი კავშირი; მოპასუხის ქმედებებით დაირღვა საქართველოს საპატენტო კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: კოლეგიამ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე თ. შ-ეს სახელზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, “ს.”, მიერ გაცემულია პატენტი ¹4865 სასარგებლო მოდელზე – ლიფტის გამშვები მოწყობილობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე ნ. ა-მა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “ს.” შეიტანა განაცხადი AN ¹ 2002001070 პრიორიტეტის თარიღი 28.06.2002, სასარგებლო მოდელზე _ “ლიფტის გამშვები მოწყობილობა”. სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ პრეტენზია წამოყენებული არა აქვს. დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი კოლეგიამ სწორად არ დააკმაყოფილა თ. შ-ის სარჩელი, რადგან საქართველოს საპატენტო კანონის 51-ე მუხლის თანახმად, განაცხადის გამოქვეყნების დღიდან პატენტის გაცემამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რაც მას მინიჭებული ექნებოდა პატენტით. თუ პატენტი არ იქნება გაცემული, მაშინ აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში ნ. ა-ს შეტანილი აქვს განაცხადი “ს.” სადავო სასარგებლო მოდელზე და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “ს.” მიერ 2002წ. 18 ივლისს გამოტანილია საპატენტო ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილება სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის თაობაზე. ამდენად, მან შეიძინა საქართველოს საპატენტო კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, სახელდობრ, უფლება თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს სასარგებლო მოდელი, დაამზადოს იგი, ჩართოს ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში, მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი ან აკრძალოს აღნიშნული ქმედებები, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს სასარგებლო მოდელი, დადგენილი წესით გასცეს ლიცენზია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მოპასუხე ნ. ა-ს უფლება ჰქონდა ესარგებლა იმ სასარგებლო მოდელის გამოყენებით, რომელზედაც შეტანილი ჰქონდათ განაცხადი “ს.”.

პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიაში საქმის განხილვის დროს ცნობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.