Facebook Twitter

საქმე # 010100121004824697

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№901აპ-22 ქ. თბილისი

ფ. დ. 901აპ-22 18 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, დ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, რეციდივისა და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა - რ. ფ-მ და ნ. რ-მ ისარგებლეს კანონთ მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენებები, დანაშაულის შემსწრე პოლიციელების - რ. ბ-სა და რ. მ-ს ჩვენებებით, რომლებმაც დანაშაულების ჩადენის დროს დააკავეს მსჯავრდებული, უტყუარად დასტურდება დ. ფ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ფ-ს, - დაბადებულს 19-- წლის 25 იანვარს, - ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 13 ივნისს, დღის საათებში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ. ფ შურისძიების მოტივით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, დედას - ნ. რ-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. 2021 წლის 13 ივნისს, დღის საათებში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ. ფ შურისძიების მოტივით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მამას - რ. ფ-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 2021 წლის 13 ივნისს, დღის საათებში, ... მდებარე რ. ფ-ს საცხოვრებელ სახლში, დ. ფ-მ სიტყვიერი კომუნიკაცია დაამყარა და შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე -სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა რ. ფ-ს, რითაც არ შეასრულა 2021 წლის 13 ივნისს გამოცემული №... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

3. დ. ფ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით დ. ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2021 წლის 13 ივნისიდან.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ფ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტი.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და დ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ. ფ-მ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - რომელიც დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმე რ. მ-ს ჩვენებით, მოწმეების - მ. გ-სა და რ. ბ-ს გამოკითხვის ოქმებით, № შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველ ნაწილში დ. ფ-ს მსჯავრდებას კანონიერად და სამართლიანად მიიჩნევს, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) ბრალდების სადავოდ გამხდარ ნაწილთან მიმართებით მიმოიხილავს.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

5. საყურადღებოა, რომ დაზარალებულებმა - რ. ფ-მ და ნ. რ-მ სასამართლოს არ მისცეს თავიანთი შვილის - დ. ფ-ს მამხილებელი ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასამართლომ დაადგინოს ფაქტები და მითუფრო - საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

6. საკასაციო სასამართლო კვლავაც ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის - საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებასა და საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ დაზარალებული გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი №97აპ-20 საქმეზე; 2020 წლის 20 ივლისის განაჩენი №118აპ-20 საქმეზე და 2020 წლის 10 სექტემბრის განაჩენი №369აპ-20 საქმეზე).

7. აღსანიშნავია, რომ დ. ფ-ს მიერ მშობლებზე ფსიქოლოგიური ძალადობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ, გარდა დაზარალებულების - ნ. რ-სა და რ. ფ-ს გამოკითხვის ოქმებისა, სასამართლოს წარუდგინა მოწმეების - რ. მ-სა და რ. ბ-ს პირდაპირი ჩვენებები, ასევე - მოწმე მ. გ-ს ჩვენება, შემაკავებელი ორდერი და ბრალდებულის დაკავების ოქმი, რომლებსაც გულდასმით შეაფასებს სასამართლო და გადაწყვეტს, რამდენად ქმნის ამ სამხილების ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

8. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ. გ-ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, დგინდება, რომ 2021 წლის 13 ივნისს, დილით, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით რ. ფ-ს პოლიციისათვის შეტყობინების საფუძველზე ადმინისტრაციულად გამოკითხა შეტყობინების ავტორი, მისი მეუღლე, ასევე - სავარაუდო მოძალადე - დ. ფ., მეუღლესთან ერთად და გამოსცა №... შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, დ. ფ-ს 30 დღით აეკრძალა რ. ფ-ს სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე - მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. დ. ფ. გაეცნო შემაკავებელი ორდერის ოქმს და გადაეცა მისი ასლი.

9. №... შემაკავებელი ორდერის ოქმით ირკვევა, რომ 2021 წლის 13 ივნისს, 12:14 საათზე, ოჯახის წევრზე, კერძოდ, მამაზე - რ. ფ-ზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დ. ფ-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება; მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

10. იმავე დღეს, 17:46 საათზე, საქართველოს შსს ... პოლიციის დეპარტამენტის ... რაიონულ განყოფილებაში მიიღეს დაზარალებულ რ. ფ-ს შეტყობინება შვილთან ოჯახური კონფლიქტის თაობაზე, რომლის მიმართაც გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.

11. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ. მ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 13 ივნისს პოლიციის განყოფილებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მივიდა შემთხვევის ადგილზე - .... სადაც ნახა სახლის აივანზე მყოფი დაზარალებულები - რ. ფ. და ნ. რ. რომლებიც ნერვიულობდნენ და იყვნენ შეშინებულები, რადგან მათი შვილი - დ. ფ., რომელიც იყო აგრესიული და გაღიზიანებული, ეზოდან ემუქრებოდათ: ,,დაგხოცავთ, კისრებს დაგაჭრით და არც დაგმარხავთო“. იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის დილას მსჯავრდებულის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც დ. ფ-ს აკრძალული ჰქონდა მამასთან კომუნიკაცია, იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები და იგი დააკავეს.

12. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ. ბ-ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, დგინდება, რომ 2021 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 17:45 საათზე, ოჯახური კონფლიქტისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მივიდა ... სადაც ნახა სახლის აივანზე მყოფი დაზარალებულები - რ. ფ. და ნ. რ., რომლებიც იყვნენ შეშინებულები, რადგან მათი შვილი - დ. ფ. ეზოდან ემუქრებოდათ - ,,დანით კისრებს დაგაჭრით და მიწაშიც არ დაგმარხავთ, ზემოთ დაგტოვებთო“. შემთხვევის დღეს გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე დ. ფ-ს აკრძალული ჰქონდა მამასთან კომუნიკაცია, რის გამოც იგი დააკავეს.

13. დაკავების ოქმით ირკვევა, რომ დ. ფ. 2021 წლის 13 ივნისს, 17:57 საათზე, დააკავეს ... მდებარე სახლის ეზოში.

14. ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასების კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ დ. ფ-ს ქმედებაში უტყუარად არ დგინდება მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის - ნ. რ-ს და რ. ფ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემადგენლობის არსებობა, ვინაიდან ზემოაღნიშნული არ გამომდინარეობს მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:

15. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა, რომ ,,ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად ხორციელდება. [...] განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები. აღნიშნული ჩვენებებით მართალია, დასტურდება მუქარის განხორციელების ფაქტი დაზარალებულების მიმართ, თუმცა პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე ვერ დადგინდება გაუჩნდათ თუ არა დაზარალებულებს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან პოლიციელები, როგორც ნებისმიერი გარეშე პირი, რომელთა მიმართ არ მიემართებოდა მუქარა, ობიექტურად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, შეაფასონ და აღიქვან ის საფუძვლიანი შიში, რომელიც უნდა გასჩენოდათ დაზარალებულებს მათ მიმართ მუქარის განხორციელების შედეგად“.

16. ამდენად, საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლოს საეჭვოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ დ. ფ. პოლიციელების - რ. მ. სა და რ. ბ-ს თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის მშობლებს - ნ. რ-სა და რ. ფ-ს, თუმცა დაზარალებულების ჩვენებების არარსებობის გამო, შეუძლებლად მიიჩნია ბრალად შერაცხული დანაშაულის - მუქარის - შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნის - დაზარალებულების მიერ საფუძვლიანი შიშის განცდის დადგენა, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით არასწორია, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, დანაშაულის ამ სავალდებულო ელემენტის მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებთან უპირობოდ დაკავშირებით, ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი შიშის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა.

17. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომელმაც დ. ფ-ს მიერ მშობლების მიმართ გაცხადებული აშკარა მუქარა არ მიიჩნია საკმარისად, რათა სარწმუნოდ დაედგინა, რომ ნ. რ-მ და რ. ფ-მ განიცადეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ურომლისოდაც არ არის გამოკვეთილი ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობა და აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების განცდების ნამდვილობის სუბიექტურად დადგენა მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია თავად ნ. რ-სა და რ. ფ-ს ჩვენებებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები დანაშაულის ამ სავალდებულო ელემენტის ფაქტობრივად (ობიექტურად) დასადასტურებლად, კერძოდ: მოწმეების - რ. მ-სა და რ. ბ-ს ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ დ. ფ-ს მუქარის შედეგად, რომელსაც ისინი პირადად შეესწრნენ, დაზარალებულები იყვნენ შეშინებულები, რასაც ასევე ცხადყოფს დასახმარებლად სამართალდამცავებისათვის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ფაქტიც; მუქარის რეალურობის შესაფასებლად ასევე საყურადღებოა დანაშაულის ჩადენის დროს თავად მსჯავრდებულის მოქმედება, რომელიც მშობლების მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას არ მორიდებია არც სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ, როდესაც დანაშაულის ჩადენა განაგრძო შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების - რ. მ-სა და რ. ბ-ს თანდასწრებით; იმის ობიექტურად გამოსარკვევად, თუ რამდენად შიშისმომგვრელი იქნებოდა დ. ფ-ს მუქარა მისი ხანშიშესული მშობლებისათვის, მეტად მნიშვნელოვანია გაანალიზდეს მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, მისი ურთიერთობა დაზარალებულებთან და მისი ქმედებები ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენამდე, კერძოდ, ხაზგასასმელია, რომ დ. ფ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით მსჯავრდენულია სწორედ დედაზე - ნ. რ-ზე ფიზიკური ძალადობის გამო, რისთვისაც მოიხადა საპატიმრო სასჯელი და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2019 წლის 7 მარტს, ხოლო შემთხვევის დილას - 2021 წლის 13 ივნისს სწორედ მამაზე - რ. ფ-ზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, გამოიცა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი, თუმცა ნათელია, რომ ვერცერთმა ზემოაღნიშნულმა ღონისძიებამ ვერ შეაკავა დ. ფ-ს ძალადობა და იგი პოლიციელების თანდასწრებით კვლავ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მშობლებს, რაც წარმოადგენს ისეთ პიროვნულ მახასიათებელს, რომელიც მის საშიშროებას მეტად ზრდის, ხოლო საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად შეფასებისას ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულის მიერ გაცხადებული მუქარა დაზარალებულებისათვის იყო რეალურად შიშისმომგვრელი.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ფ-ს ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის - ნ. რ-სა და რ. ფ-ს მიმართ მუქარის - შემადგენლობა, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, თუმცა იმის მხედველობაში მიღებით, რომ დ. ფ. ერთი ქმედებით, ერთდროულად დაემუქრა ოჯახის წევრებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად წარდგენილი ბრალდება უნდა დაკვალიფიცირდეს ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდად.

19. სასჯელთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

20. სასჯელის შეფარდების დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასათვალისწინებელია ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

21. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული დ. ფ, რომელიც საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2019 წლის 7 მარტს, ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ - 2022 წლის 7 მარტს, რისი მხედველობაში მიღებითაც, ახალი დანაშაულების ჩადენის დროს - 2021 წლის 13 ივნისს, ზემოაღნიშნული ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით გაქარწყლებული არ ჰქონია და სასჯელი უნდა შეეფარდოს რეციდივის წესის გამოყენებით.

22. სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო სრულად აფასებს სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებსა და მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ასევე - დამამძიმებელ ფაქტორებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დ. ფ-ს უნდა განესაზღვროს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. დ. ფ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (დაზარალებულ ნ. რ-ს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რ. ფ-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე (დაზარალებულების - რ. ფ-სა და ნ. რ-ს ეპიზოდი);

4. დ. ფ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების - რ. ფ-სა და ნ. რ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ. ფ-ს საბოლოოდ მიესაჯოს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. დ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენი სხვა, მათ შორის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დ. ფ-ს მსჯავრდების ნაწილში - დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი