საქმე # 330100122005757527
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №996აპ-22 ქ. თბილისი
ჩ. გ., 996აპ-22 27 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, საკასაციო საჩივრით ითხოვს მის შეცვლასა და გ. ჩ-სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან. კასატორის მტკიცებით, გ. ჩ-სათვის შეფარდებული არასაპატიმრო სასჯელი შეუსაბამოა ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სასჯელის მიზნებთან, მითუფრო, როდესაც მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა - თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. საყურადღებოა, რომ კანონის ეს მოთხოვნა იმპერატიულია და ერთადერთ გამონაკლისს აწესებს, როდესაც პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენით გ. ჩ, - დაბადებული 19-- წლის 4 ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ–მ ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით გ. ჩ გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. ჩ. 2020 წლის 27 ივნისს, 09:10 საათზე, მეტროსადგურ ,,...“ ვესტიბიულში, ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც პირადი გასინჯვისას ამოუღეს შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის გამკაცრებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ. ჩ-მ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული - განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რომელიც დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - გ. მ-სა და თავად გ. ჩ-ს გამოკითხვის ოქმებით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმითა და საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №... დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
3. ამდენად, საკასაციო სასამართლო, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა კანონერია, გასაჩივრებულ განაჩენს მხოლოდ სადავოდ გამხდარი სასჯელის ნაწილში მიმოიხილავს.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ჩ–ს კანონიერი სასჯელი შეუფარდა, ხოლო აპელანტის არგუმენტებთან მიმართებით, მართებულად აღნიშნა, რომ წარსული ნასამართლობა გ. ჩ-სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება - შემადგენელი ნიშანია და სასჯელის შეფარდების დროს მხედველობაში არ მიიღება, ისევე როგორც - გაქარწყლებული ნასამართლობა, რომელზეც ასევე აპელირებდა პროკურორი თავის სააპელაციო საჩივარში.
5. საკასაციო სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29), რისი მხედველობაში მიღებითაც, მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერი და სამართლიანია და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ამ ნაწილში შეცვლის რაიმე საფუძველი არ იკვეთება.
6. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით გ. ჩ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი, იმ მოტივით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ამნისტირებულია, არ აქვს კანონიერი გამართლება, რადგან შეუძლებელია კონკრეტული დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელი იყოს ამნისტირებული ,,ამნისტიის შესახებ“ შესაბამისი კანონის აღსრულების გარეშე, კერძოდ:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით გ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
8. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ გ. ჩ-ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2020 წლის 15 ივლისს.
9. ამდენად, ცხადია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით პირობით მსჯავრდებულმა გ. ჩ-მ მსჯავრად შერაცხული ქმედება - განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება - ჩაიდინა 2020 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის პერიოდში, რომლის მოხდის ვადაც სრულდებოდა 2020 წლის 15 ივლისს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ შეასრულეს კანონის იმპერატიული მოთხოვნა და არ გააუქმეს პირობითი მსჯავრი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება - არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №203აპ-15, №733აპ-16). ასევე - მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ. სასამართლოს ვალდებულება, გააუქმოს პირობითი მსჯავრი, არ არის დამოკიდებული პროკურორის პოზიციაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის არგაუქმებით არსებითად ირღვევა მატერიალური კანონი, რისი გასაჩივრების უფლებაც ბრალდების მხარეს ვერ შეეზღუდება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №349აპ-17, №682აპ-17).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან უტყუარად დადგენილია, რომ გ. ჩ-მა ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში და, ამდენად, დარღვეულია მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმით დადგენილი მოთხოვნა, უპირობოდ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ მსჯავრდებულზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა, რისი მხედველობაში მიღებითაც, გ. ჩ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი, უნდა გათავისუფლდეს ამ დანაშაულებისათვის შეფარდებული სასჯელებისაგან.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გ. ჩ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი;
4. გ. ჩ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;
5. გ. ჩ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენი სხვა, მათ შორის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გ. ჩ-ს მსჯავრდებისა და ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტის ნაწილში - დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი