საქმე N 330141222006608079
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №31-23 2 თებერვალი, 2023 წელი
გ–ი ზ., N31-23 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჩ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2022 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელმაც მოითხოვა ზ. გ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით ზ. გ–ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 16 მარტს, შუადღის საათებში, ზ. გ–ი და ი. ბ–ი შეთანხმდნენ, რომ პირადი მოხმარების მიზნით, ჯგუფურად შეეძინათ ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკების შესაძენად ი. ბ–მა შეაგროვა 50 აშშ დოლარი, ხოლო ზ. გ–მა - 100 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ ი. ბ–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თავის ნაცნობ ი. მ-ს, რომელსაც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შეძენაზე შეუთანხმდა.
2012 წლის 16 მარტს, შუადღის საათებში, ზ. გ–ი და ი. ბ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი „BMW-ს“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით „......“ მივიდნენ ჯ–ს ქუჩაზე. .... რიგის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე ი. ბ–იი ავტომობილიდან გადავიდა და წინასწარ შეთანხმებისამებრ, ი. მ–საგან 150 აშშ დოლარის საფასურად შეიძინა დიდი ოდენობით - 2,884 გრამი კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ოპიუმი“, ,,ამფიონი“. აღნიშნულის შემდგომ ი. ბ–იი ავტომობილში დაბრუნდა და საჭესთან მჯდომ ზ. გ–სას ნარკოტიკული საშუალების ნაწილი, კერძოდ - 1,9821 გრამი გადასცა, ხოლო 0,9019 გრამი ,,ოპიუმი“, ,,ამფიონი“ თავისთვის დაიტოვა.
2012 წლის 16 მარტს თბილისის ..........ის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიების შედეგად .....ს .....ზე, მე-.. მიკრორაიონში, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ამხილეს ი. ბ–ი და ზ. გ–ი. კერძოდ, ი. ბ–იის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 0,9019 გრამი ,,ოპიუმი“, ,,ამფიონი“, ხოლო ზ. გ–სამა 1,9821 გრამი ,,ოპიუმი“, ,,ამფიონი“ ავტომობილის სალონში ჩააგდო, რომელიც ამოიღეს ავტომანქანის ჩხრეკისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 25000 ლარი. ზ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 16 მარტიდან 2012 წლის 23 მარტის ჩათვლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. გ–სას 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თბილისის პრობაციის ბიუროს წარდგინება და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით განსაზღვრული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ზ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 16 მარტიდან 2012 წლის 23 მარტის ჩათვლით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის შუამდგომლობა ზ. გ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და ზ. გ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოცემამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციით შეესაბამებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელებულიყო ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და უნდა განახევრებოდა სასჯელი. კასატორის პოზიციით, სასამართლოს განმარტება, რომ ზ. გ–ი იყო ნასამართლევი, რის გამოც მასზე არ უნდა გავრცელებულიყო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, არის არასწორი, რადგან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა, რაც გადახდილია. შესაბამისად, იგი ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ და მასზე უნდა გავრცელებულიყო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.
3. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელშიც მითითებულია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით კონსტრუქციულად შეიცვალა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შემადგენლობა და დღეს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. ხოლო ზ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის N2421-21 გადაწყვეტილება) საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ზ. გ–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის N1/ბ-2260 განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20000 ლარი, რაც სრულად გადახდილია 2006 წლის დეკემბერში. ზ. გ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2006 წლის 12 იანვრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. ვინაიდან ზ. გ–ი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, მას ნასამართლობის ვადა გაუქარწყლდებოდა სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. შესაბამისად, ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაულის ჩადენის დროს - 2012 წლის 16 მარტს იგი იყო ნასამართლევი, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჩ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჩ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე