გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-464-1138-03 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 19 დეკემბერს ა. ტ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ თბილისში, ... პრივატიზებული სახლის 26/320 ნაწილი ირიცხება მის სახელზე. 18/320 ნაწილში კი ცხოვრობდნენ ცოლ-ქმარი გ. მ-ი და გ. ბ-ი, რომელთანაც ჰქონდა საერთო სარგებლობაში სამზარეულო და საპირფარეშო.
მოსარჩელის განცხადებით, გ. ბეკოევს იგი შეუთანხმდა, რომ ბინას მიჰყიდიდა მას, მაგრამ 1993წ. 22 დეკემბერს ბეკოევის მეუღლეს გაუფორმებია თ. ნ-თან ნასყიდობის ხელშეკრულება, ისე რომ ა. ტ-ისათვის, როგორც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონესათვის, არ უცნობებიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მოსარჩელემ ითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელს ეთქვა უარი, რასაც არ დაეთანხმა ა. ტ-ე და გაასაჩივრა იგი სააპელაციო საჩივრით.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილი და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ იურიდიული შეფასება არ მისცა შემდეგ ფაქტებს: თ. ნ-ი თავის ბინასთან ერთად ცალკე ფლობდა სამზარეულოსა და სველ წერტილებს, ტ-ის ბინის ერთი ოთახი განთავსებულია დერეფნის შუაში და კედელი ჰყოფს მ-ის მიერ გაყიდული ბინისგან. აპელანტის განცხადებით, სასამართლოს მიერ ყალბად იქნა შედგენილი ადგილობრივი დათვალიერების ოქმი.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელე გააფრთხილა ბინის შესყიდვის უპირატესი უფლების შესახებ.
სააპელაციო პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინებით ა. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შემდეგი გარემოებების გამო:
გ. ბ-ის მინდობილობით გ. მ-სა და თ. ნ-ს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაიდო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო პალატა თვლის, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ხანდაზმულობის თაობაზე სწორია, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1507-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული სკ-ს 116-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ წილი შესყიდვის უპირატესი უფლების დარღვევით გაიყიდა, საერთო წილადი საკუთრების ყოველ სხვა მონაწილეს უფლება აქვს სამი თვის განმავლობაში სასამართლო წესით მოითხოვოს წილის შესყიდვის უპირატესი უფლება. სარჩელი ტ-ემ შეიტანა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.
სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებას არ დაეთანხმა მოსარჩელე ა. ტ-ე და გაასაჩივრა იგი საკასაციო საჩივრით, რომლის საფუძვლადაც შემდეგი გარემოებანი მიუთითა:
საოლქო სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება საქმის ფაქტობრივ მხარეს, როცა მოისმინა, რომ ვერ დასტურდება საერთო საკუთრება სამზარეულოსა და საპირფარეშოზე.
კასატორი უთითებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გამყიდველი მოვალეა, წერილობით შეატყობინოს საერთო წილადი საკუთრების დარაჩენ მონაწილეებს თავისი წილის გარეშე პირისათვის მიყიდვის განზრახვა და ფასი, რაც მოპასუხეს არ გაუკეთებია. მოპასუხემ სადავო ბინის გასხვისების თაობაზე გარეშე პირისაგან მოგვიანებით შეიტყო.
კასატორი მიიჩნევს, რომ უფლების წარმოშობის დღიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში მიმართა სასამართლოს, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდახმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება კი წარმოიშობა იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, შეწყვეტის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა ხელახლა იწყება, ხოლო შეწყვეტამდე გასული დრო კი ახალ ვადაში არ ჩაითვლება. კასატორის მოსაზრებით, მის მიერ ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში ბოლო სარჩელის წარდგენით შეწყვეტილი იყო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა და აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნა კანონიერი იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისში, ... მდებარე პრივატიზებული სახლის 26/320 ნაწილი ირიცხება ა. ტ-ის სახელზე. აღნიშნული სახლის 18/320 ნაწილში ცხოვრობდნენ ცოლ-ქმარი გ. ბ-ი და გ. მ-ი, რომელთანაც ჰქონდა საერთო სარგებლობაში სამზარეულო და საპირფარეშო.
1993წ. 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. ბ-ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მისმა მეუღლემ, გ. მ-მა, სახლი მიჰყიდა თ. ნ-ს, ბინა აღირიცხა თ. ნ-ის სახელზე.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მან უფლების წარმოშობის დღიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში მიმართა სასამართლოს და აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საქმის მასალების მიხედვით სარჩელი სასამართლოში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ ა. ტ-ემ შეიტანა 1995წ. 5 თებერვალს, განმეორებით იმავე წლის 3 აგვისტოს და 1995წ. 30 ნოემბერს, აღნიშნული სარჩელები განუხილველად იქნა დატოვებული 1995წ. 3 მაისს, 1995წ. 5 სექტემბერს და 1995წ. 13 დეკემბერს.
ა. ტ-ემ სარჩელი ანალოგიური მოთხოვნით, მეოთხედ, 2000წ. 19 დეკემბერს წარადგინა.
სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებით, ვინაიდან გარიგება, რომლის ბათილობასაც მხარე მოითხოვს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქციით) მოქმედების დროს დაიდო.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, თუ წილი შესყიდვის უპირატესი უფლების დარღვევით გაიყიდა, საერთო წილადი საკუთრების ყოველ სხვა მონაწილეს უფლება აქვს სამი თვის განმავლობაში სასამართლო წესით მოითხოვოს მყიდველის უფლებებისა და მოვალეობების თავის თავზე გადმოტანა პირველად შეთავაზებული პირობებით.
საქმის მასალებით უდავოა, რომ ა. ტ-ეს გაშვებული აქვს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით, ხოლო ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული, მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, მართალია, სარჩელის აღძვრით შეწყდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა, მაგრამ მხარემ აღნიშნული სარჩელის განუხილველად დატოვების შემდეგ გაუშვა დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადა.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ ასეთი პრეტენზია წარმოდგენილი არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.