Facebook Twitter

ბს-1504-1214-კ-05 28 აპრილი, 2005 წ.,

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

ზეპირი განხილვის გარეშე

განიხილა ბ. რ-ის, ქ. რ-ას, რ. პ-ის, ნ. ხ-ასა და ვ. პ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბ. რ-მა, მ. რ-მა, ქ. რ-ამ, რ. პ-მა, ნ. ხ-ამ, ვ. პ-მა და ს. ა-მა, 2003წ. 23 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მოპასუხეების ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს და ქ. ბათუმის მერიის და გ. ნ-ს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქ. ბათუმში, …... ¹37-ში მდებარე მიწის მესაკუთრედ რეგისტრირებული გ. ნ-ს შესახებ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა, შემდეგი საფუძვლით:

2003წ. 21 ოქტომბერს მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწა, რომელზედაც ისინი ცხოვრობდნენ ათეული წლების მანძილზე, 1999წ. 20 სექტემბერს რეგისტრირებულ იქნა მოპასუხე გ. ნ-ს სახელზე, რითაც შეილახა მათი კანონიერი უფლებები, ვინაიდან გ. ნ-ა ქ. ბათუმში, ...…¹37-ში საკუთრების უფლებით ფლობს მხოლოდ 27მ2 საცხოვრებელ ფართს. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეები თვლიან, რომ გ. ნ-ს შეეძლო მის სახელზე დაერეგისტრირებინა მხოლოდ 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მაშინ, როცა მოპასუხემ კანონსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა ... ¹27-ში მდებარე მიწა 686,14 კვ.მ-ის ოდენობით.

2003წ. 01 დეკემბერს მოსარჩელეთა მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომლითაც პირვანდელ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად მოსარჩელეებმა მოითხოვეს გ. ნ-ს სახელზე 1986წ. 26 სექტემბერს გაცემული ტექპასპორტის გაუქმება, რომელშიც დაფიქსირებული არასწორი მონაცემების საფუძველზე მოპასუხე გ. ნ-ს სახელზე კანონდარღვევით იქნა განხორციელებული სადავო მიწის ფართის რეგისტრაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა კ. კ-ემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის ქ. ბათუმში ... ¹37-ში მდებრე მიწის 686,14 კვ.მ-ზე გ. ნ-ს მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ, გაუქმება.

მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის და ქ. ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო.

მოპასუხე გ. ნ-ა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა.

2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბ. რ-ისა და სხვათა სარჩელი, ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1999წ. 20 სექეტმბერს ქ. ბათუმში, …... ¹37-ში მდებარე 686,14 კვ.მ. საეზოვე მიწის ნაკვეთის გ. ნ-ს სახელზე რეგისტრაციის ჩანაწერი, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1986წ. 26 აგვისტოს გაცემული “საჯარო ვაჭრობის შედეგად ქონების მაძიებლებზე გადაცემის” აქტის საფუძველზე გ. ნ-მ საკუთრებაში მიიღო შ. ბ-ს სახელზე რიცხული ბარაკული ტიპის სახლი, მდებარე, ... ¹37-ში საერთო ფართით 23,3 კვ.მ.

სასამართლომ 1986წ. 28 აპრილს შ. ბ-ზე გაცემული მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მას მემკვიდრეობის უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, … ... ¹37-ში მდებარე საერთო სასარგებლო ფართი 27,3 კვ.მ. მათ შორის, საცხოვრებელი ფართი 23,2 კვ.მ. და დამხმარე ფართი 3,8 კვ.მ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ ...ის ქ. ¹37-ში მდებარე ლიტერ “ბ”, “ბ1” და “ა”, “ა1” შენობები წარმოადენს ნ-ს საკუთრებას, რასაც ადასტურებს, როგორც გ. ნ-ს სახელზე გაცემული 1986წ. 24 სექტემბრის ტექნიკური პასპორტი, ისე _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადენილი იქნა, რომ გ. ნ-ა არის მითითებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე.

საქალაქო სასამართლოს მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ დანარჩენი შენობა-ნაგებობების მფლობელები არიან საერთო ეზოს დანარჩენი მაცხოვრებლები, კერძოდ, მოსარჩელეთა ოჯახები, რომელთაგან საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მხოლოდ მოსარჩელე ბ. რ-ია.

იმ გარემოების გამო, რომ გ. ნ-ს სადავო მიწის ფართზე ერთპიროვნული მფლობელობა და საკუთრების უფლება არ დასტურდება სათანადო დოკუმენტაციით, დაეყრდნო რა ქ. ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს ახსნა-განმარტებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ნ-ს მთლიანი ეზოს ერთპიროვნულ მესაკუთრედ რეგისტრაციისას დაშვებულია შეცდომა, რის გამოც დარღვეულია საქართველოს კანონის “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, ამავე კანონის 3.1 მუხლით გათვალისწინებული _ კანონის ამოქმედებამდე მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი მოპასუხე გ. ნ-ს არ გააჩნდა.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ნ-მ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:

საქალაქო სასამართლოს მიერ არაობიექტურად იქნა შეფასებული მოცემულ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რამდენადაც 1997წ. 23 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეები მას უხდიდნენ ბინის ქირას, ხოლო, 2003 წლიდან ბინის ქირის გაზრდის გამო, შეწყვიტეს მისი გადახდა, რაც აპელანტის მოსაზრებით, სკ-ის 562-ე მუხლის საფუძველზე უფლებას ანიჭებს მას, მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება და ისარგებლოს საკუთარი ნივთით ისე, რომ არ დაუშვას ამ ნივთით სხვა პირთა მიერ სარგებლობა.

აპელანტი თვლის, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული არგუმენტები უსაფუძვლოა, მით უფრო, მაშინ, როდესაც მათ არ გააჩნიათ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უფრო მეტიც, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების დამადასტურებელ უტყუარ საბუთს წარმოადგენს 1999წ. 20 სექტემბრის ¹69/99 სააღრიცხვო ბარათი და ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა.

მოწინააღმდეგე მხარემ ბ. რ-მა, მ. რ-მა, ქ. რ-ამ, რ. პ-მა, ნ. ხ-ამ, ვ. პ-მა, ს. ა-მა სააპელაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოწინააღმდეგე მხარე, ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის მოსაზრებით, შ. ბ-ა … მდებარე 686 კვ.მ. მიწის მესაკუთრედ არასოდეს იყო დარეგისტრირებული, რის გამოც სადავო მიწაზე საკუთრების უფლებას ვერ მოიპოვებდა ვერც გ. ნ-ა, მით უფრო მაშინ, როდესაც 1986წ. 26.08 ქ. ბათუმის სახალხო სასამართლოს აღმასრულებლის აქტის შესაბამისად გ. ნ-ს გადაეცა შ. ბ-ს საკუთრებაში არსებული ფართი 23,2 კვ.მ-ის ოდენობით. შესაბამისად, თვლის, რომ სადავო მიწის ფართი ეკუთვნის ბათუმის მერიას, რის გამოც საჯარო რეესტრის არსებულ ჩანაწერში აუცილებელია შევიდეს ცვლილება.

გ. ნ-ს სააპელაციო საჩივარი არ ცნო არც მოწინააღმდეგე მხარის ქ. ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა.

მოწინააღმდეგე მხარე ქ. ბათუმის ტექაღრიცხვის სამსახურის უფროსმა ზ. ქ-ემ სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენადაც ტექ-აღრიცხვის ბარათის, როგორც თავდაპირველი, ისე ამჟამინდელი მონაცემები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 1938 წლიდან ... ¹37-ში არსებული სახლთ-მფლობელობა საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ნ. ბ-ს სახელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ მითითებული სახლთმფლობელობის მესაკუთრე გახდა შ. ბ-ა, რასაც ადასტურებს 1986წ. 28 აპრილის ¹2-465 ნოტარიული ხელშეკრულება და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.

ის ფაქტი, რომ ტექ-აღრიცხვის სამსახურის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1986 წის 10 სექტემბრის ¹1288 მომართვის საფუძველზე დაფიქსირებულ იქნა ბ. რ-ის მშენებლობის პროექტი, ტექ-აღრიცხვის სამსახურის უფროსის ზ. ქ-ის მოსაზრებით, არ ნიშნავს იმას, რომ იგი გ. ნ-სთან ერთად საერთო სარგებლობაში ფლობდა მიწის ნაკვეთს ან რაიმე ქონებას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბ. რ-ის სახლი ექსპლუატაციაში არ შესულა და აღნიშნულის შესახებ არ არსებობს არც დირექტორის მიერ გაცმული კომისიის გადაწყვეტილება ან მიღება-ჩაბარების აქტი.

ასევე, მიუთითა, რომ ტექ-აღრიცხვის სამსახურში არ არსებობს ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ სადავო მიწის ფართი ოდესმე ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის სახელზე. იგი რეგისტრირებული იყო მხოლოდ მესაკუთრეზე, რასაც ადასტურებს ნოტარიული ხელშეკრულება 2-465. 1986წ., რომელშიც მითითებულია შ. ბ-ს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები განლაგებული 686 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელთაგან დაფიქსირებულია მხოლოდ საერთო-სასარგებლო ფართი 27 კვ.მ.-ის ოდენობით, ვინაიდან იმ დროისათვის ცნობა-დახასიათებაში მითითებულ დამხმარე ნაგებობებს ნოტარიუსი არ აღრიცხავდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. რ-ის, მ. რ-ის, ვ. პ-ის, რ. პ-ის, ქ. რ-ას, ნ. ხ-ას და ს. ა-ის სარჩელი და დამატებითი სასარჩელო განცხადების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რითაც სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსკ-ის 393.2 მუხლის ა), ბ) პუნქტები და 394-ე მუხლის “ე” პუნქტი, კერძოდ, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები მდებარე ... ¹37-ში ყოველთვის წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, ასევე, დადგენილად მიიჩნია 1986წ. 8 აპრილის ქ. ბათუმის ტექ-აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების საფუძველზე, რომ მითითებული სადავო მიწის ნაკვეთში განლაგებული ყველა შენობა-ნაგებობა, კერძოდ, ლიტერ “ბ”, “ბ1” ხის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფართით 27,3 კვ.მ., ასევე, დამხმარე სათავსები ლიტერ “ა” და ლიტერ “ვ” წარმოადგენდა შ. ბ-ს საკუთრებას, რომელიც ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1986წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაუფორმდა გ. ნ-ს.

სააპელაციო სასამართლომ უდაოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 23 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენდნენ ... ¹37-ში მდებარე გ. ნ-ს საკუთრებაში არსებული ბინის დამგირავებლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გ. ნ-ს საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე ფართით 686,14 კვ.მ; სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი საბუთი, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო საკუთრებას, ყალბია, რამდენადაც აღნიშნული საბუთი წარმოდგენილია ქსეროასლის სახით და იგი ეწინააღმდეგება ამავე საქმის მასალებში არსებული დოკუმენტის დედანს, სადაც ცალსახად არის განსაზღვრული, რომ მიწის მესაკუთრე არის გ. ნ-ა, მეტიც, ამასვე ადასტურებს მიწის მართვის სამმართველოს 2004წ. 03.06 შევსებული სააღრიცხვო ბარათი. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელე ბ. რ-ის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მითითებულია გ. ნ-სთან ერთად ერთ-ერთ თანამესაკუთრედ, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბ. რ-ზე 1994წ. 4 აგვისტოს გაცემული იქნა ¹46 მშენებლობის ნებართვა, რაც სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას არ წარმოშობს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. რ-ის, ქ. რ-ას, რ. პ-ის, ნ. ხ-ის და ვ. პ-ის წარმომადგენელმა ა. ხ-მა, რომელებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:

კასატორთა წარმომადგენელი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული არც ერთი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა გადაწყვეტილების იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასათანადოდ იქნა შეფასებული და შესწავლილი ის მტკიცებულებები, რომელიც წარმოდგენილ იქნა მოსარჩელეთა მიერ.

სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მთლიანად დაამყარა ტექაღრიცხვის სამსახურის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას და არ გამოუკვლევია მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, იყო თუ არა ტექაღრიცხვის სამსახურის მონაცემები ზუსტი, უტყუარი და შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს. ამასთან, სასამართლომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე დამტკიცებულად ჩათვალა ის გარემოება, რომ 2003წ. 28 ივლისის მიწის სააღრიცხვო ბარათი არის ყალბი, რითაც, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, აგრეთვე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393.1 მუხლის გ) პუნქტი, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის თანახმად, გ. ნ-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის დადასტურება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მას სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა დადგენილი წესით.

კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოერკვია ის გარემოებაც, რეალურად ცხოვრობდნენ და იყვნენ თუ არა აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულნი მოსარჩელეები და ეკუთვნოდა თუ არა შ. ბ-ს ... ¹37-ში მდებარე შენობა-ნაგებობებიდან ლიტ “ვ”, რამდენადაც აღნიშნულ ფართში მოსარჩელეები ცხოვრობენ 1972 წლიდან და იგი აღიარებულია საცხოვრებელ ფართად, რაც დასტურდება 1986წ. გ. ნ-ს სახელზე გაცემული ტექპასპორტითაც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. რ-ის, ქ. რ-ას, რ. პ-ის, ნ. ხ-ას და ვ. პ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა არცერთი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სათანადოდ არ შეაფასა და გამოიკვლია მოცემული საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393.1 მუხლის ა) პუნქტის მოთხოვნები და 394-ე მუხლის ე) პუნქტი, რომლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად სრულიად დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა კ. კ-ემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა მხოლოდ ...… ¹37-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული რეგისტრაციის გაუქმება, აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დავის საგნად, სადავო მიწის რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად მიუთითა ტექპასპორტის გაუქმებაზეც, რითაც დაარღვია სსკ-ის 377.1 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ პასუხობს სსკ-ის 249-ე და 389-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის აღნიშნული კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა, ანუ რომელი ნორმის მიხედვით შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა საფუძვლებზე, რომელთა გამოც გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს იურისდიქცია განისაზღვრება რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების ფარგლებით, ამ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, იგი ამოწმებს გადაწყვეტილებას სამართლებრივი დასაბუთებულობის თვალსაზრისით.

ვინაიდან, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მითითებას, თუ რა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა სადავო სამართალურთიერთობას, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სწორად არის თუ არა შეფარდებული მატერიალური სამართლის ნორმა, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გააკეთა დასკვნა, ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ექვემდებარება ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოში, რომელმაც საქმის ხელახლა არსებითად განხილვისას უნდა გამოიკვლიოს მთელი რიგი გარემოებები, შეკრიბოს მტკიცებულებები და შეასრულოს რიგი საპროცესო მოქმედებები, კერძოდ:

საკასაციო სასამართლოს არამართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ყოველთვის წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, რამდენადაც, 1986წ. 28 აპრილს ¹2-465 ნოტარიული ხელშეკრულების თანახმად, …... ¹37-ში არსებული 23,3 კვ.მ-ის საცხოვრებელი და დამხმარე 3,8 კვ.მ ნ. ბ-საგან მემკვიდრეობით მიიღო შ. ბ-მ. მიწაზე კერძო საკუთრების ცნება, საქართველოს სსრ რესპუბლიკაში არ არსებობდა და იგი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრება, ხოლო, სამკვიდრო მოწმობაში აღნიშვნა იმისა, რომ მითითებული საცხოვრებელი ფართი განლაგებულია 686,10 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ წარმოშობდა მასზე საკუთრების უფლებას.

უფრო მეტიც, სადავო საჯარო რეესტრის ჩანაწერში გ. ნ-ს მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტების გრაფაში, არაფერია მითითებული, გარდა, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონისა, რომლის 2.2 მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო, ამავე კანონის 3.1. მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედებამდე მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება და იგი არც მხარეს წარმოუდგენია; სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა მოიპოვოს შესაბამისი ინფორმაცია, შეაგროვოს მტკიცებულებები და ისე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება.

სკ-ის 1514-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა განხორციელებულიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტის საფუძველზე, რასაც საქმის მასალების მიხედვით, ადგილი არ ჰქონია და ეს გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული დაშეფასებული არ ყოფილა.

უფრო მეტიც, 1996წ. 14 ნოემბრის საქართველოს კანონის “მიწის რეგისტრაციის შესახებ” 17.2 მუხლის თანახმად, მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებულ და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, მით უფრო, მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება სადავო მიწაზე შექმნილი საკადასტრო რუკა, რომელიც როგორც აღინიშნა, მიწის რეგისტრაციის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მიუთითებს გარემოებაზე, რომ საქმის ¹109-ზე წარმოდგენილი მიწის სააღრიცხვო ბარათში მიწაზე და შენობა-ნაგებობებზე უფლების დამადასტურებელ საბუთად მითითებულია 1986წ. 26 აგვისტოს საჯარო ვაჭრობის შედეგად ქონების მაძიებელზე გადაცემის შესახებ აქტი, რომელშიც ცალსახადაა აღნიშნული, რომ გ. ნ-ს საკუთრების უფლებით გაუფორმდა მოქალაქე შ. ბ-ს კუთვნილი სახლი, რომლის საცხოვრებელი ფართობი შეადგენს 23,2 კვ.მეტრს მდებარე ქ. ბათუმში, … ¹37-ში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და იმსჯელა წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობასა და ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, აუცილებელია სააპელაციო სასამართლომ გამოარკვიოს აღნიშნული გარემოებები და მისცეს იურიდიული შეფასება.

აგრეთვე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტ გ. ნ-ს მტკიცება მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საბუთის სადავო მიწის ფართობის საერთო საკუთრების თაობაზე გაცემული ჩანაწერის სიყალბის თაობაზე, თუმცა, ამგვარ ვითარებაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 137.3. მუხლით და შეესრულებინა განსაზღვრული საპროცესო მოქმედება, ამასთან, აღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლომ შეფასება მისცა ქსეროასლის სახით წარმოდგენილს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას შეფასება უნდა მისცეს გ. ნ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რამდენადაც, აპელანტი საჩივრის დასკვნით ნაწილში ითხოვს არა მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, არამედ, ფაქტობრივად აყენებს სასარჩელო მოთხოვნასაც _ პ.3; პ.4, თუმცა, სასამართლო სხდომის ოქმში და გადაწყვეტილებაში ეს არ ასახულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105.2 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ხოლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 19.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სსკ-ის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას უგულვებელყოფილი იქნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა ბ. რ-ის და სხვათა წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გაუქმების სამართლებრივი და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქაალქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. რ-ისა და სხვათა წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქმეზე სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.