გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-465-1137-03 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ნ-ემ 2001წ. 28 ნოემბერს სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “კ.-ს.” მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, ასევე განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 50000 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ შპს “გ. .... –სთან” ამჟამად წოდებული “კ.-ს.” 1998წ. პირველ სექტემბერს გააფორმა შრომითი ხელშეკრულება გარაჟის .... თანამდებობაზე სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. “კ.-ს.” გენერალური დირექტორის 2001წ. 23 ივნისის ¹101-კ ბრძანებით, მოსარჩელე თავდაპირველი სამუშაოდან, გადაყვანილი იქნა გარაჟის ტექმომსახურების .... თანამდებობაზე ისე, რომ აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. 2001წ. 11 სექტემბრის ¹147-კ ბრძანებით კი გაანთავისუფლეს გარაჟის .... თანამდებობიდან იმ მოტივით, რომ არ ასრულებდა გენერალური დირექტორის დირექტივებს, არ უზრუნველყოფდა სატვირთო მანქანების ყოველდღიურ მოვლას და სატვირთო მანქანებს გზავნიდა დანიშნულების ადგილზე ცუდ მდგომარეობაში.
თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 იანვარის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – ბათილად იქნა ცნობილი შპს “კ.-ს.” გენერალური დირექტორის 2001წ. 23 ივლისის ¹101-კ ბრძანება რ. ნ-ის ლილოს ლუდის ქარხნის გარაჟის .... გარაჟის ტექმომსახურების .... გადაყვანის შესახებ და 2001წ. 11 სექტემბრის ¹147-კ ბრძანება გარაჟის უფროსობიდან რ. ნ-ის განთავისუფლების შესახებ. შპს “კ.-ს.” რ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
შპს “კ.-ს.” სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთაA სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი. უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ რ. ნ-ემ 2003წ. თებერვალში განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მან ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა ის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა მისი მოთხოვნა ხანდაზმულად შკკ-ს 204-ე მუხლის საფუძველზე, რადგან სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება დღესაც არ ჩაბარებია. საკასაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ დარღვევების შესახებ, რომელიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას. საკასაციო პალატას მისთვის არ უცნობებია, რომ მისი საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილებოდა, რითაც დაარღვია სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა. მას შრომის წიგნაკი ჩააბარეს 2003წ. 29 იანვარს, სადაც აღნიშნულია, რომ იგი 2001წ. 23 ივლისის ¹101 ბრძანებით გარაჟის .... თანამდებობიდან გადაყვანილი იქნა ავტოფარეხის ტექმომსახურეობის უფროსად, 2001წ. 11 სექტემბრის ¹147-კ ბრძანებით კი გათავისუფლდა ტექმომსახურეობის .... თანამდებობიდან. საქმეში კი მოპასუხემ წარმოადგინა 2001წ. 11 სექტემბრის ¹147-კ ბრძანების ასლი, რომლის მიხედვითაც იგი გათავისუფლდა გარაჟის .... თანამდებობიდან. მას რომ თავის დროზე ჰქონოდა შრომის წიგნაკის ამონაწერი, მისთვის ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ივნისის განჩინებით რ. ნ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად საქმის წარმოების განახლების საფუძვლად შეიძლება იყოს ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვისას, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. რ. ნ-ის მიერ მითითებული გარემოება, რომ შრომის წიგნაკში ჩანაწერი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების შესახებ და საქმეში წარმოდგენილი ბრძანება არ ემთხვევა ერთმანეთს, არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების საფუძველს, რადგან სააპელაციო პალატის 2002წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით ნ-ის სარჩელი უარყოფილია ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო; ამიტომ გადაწყვეტილების მიღების დროს რ. ნ-ის მიერ შრომის წიგნაკის ამონაწერის წარდგენა გავლენას ვერ მოახდენდა მის მიერ გაშვებულ ხანდაზმულობის ვადაზე, შესაბამისად ვერ მოხდებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.
რ. ნ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე. მოითხოვა გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან პალატამ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რ. ნ-ისათვის ავტოფარეხის .... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ცნობილი გახდა 2003წ. 29 იანვარს, ე.ი მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ჩაბარდა შრომის წიგნაკი. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მას არ დაურღვევია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ რ. ნ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2003წ. 29 იანვარს ჩააბარეს შრომის წიგნაკი, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2001წ. 23 ივლისის ¹101-კ ბრძანებით გარაჟის .... თანამდებობიდან გადაყვანილი ყოფილა ავტოფარეხის ტექმომსახურების უფროსად. 2001წ. 1 სექტემბრის ¹147-კ ბრძანებით კი გათავისუფლებულა ტექმომსახურების ... თანამდებობიდან. რ. ნ-ეს მიაჩნია, რომ შრომის წიგნაკის ამონაწერის შესახებ მისთვის ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი და წარედგინა სასამართლოში, ეს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია რ.ნ-ის მოთხოვნა საკასაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ საკასაციო პალატას მისთვის არ უცნობებია, რომ მისი საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილებოდა. საქმეში წარმოდგენილია რ. ნ-ისათვის გაგზავნილი შეტყობინების ასლი იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი საკასაციო საჩივარი განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმეში წარმოდგენილია ცნობა ასეთი შეტყობინების რ.ნიქაბაძისათვის ჩაბარების შესახებ.პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი, რომელშიც მითითებულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა სასამართლოსთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო. ამიტომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად კასატორის მიერ მითითებული მოტივი მისთვის ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი შრომის წიგნაკიდან ამონაწერის შესახებ, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. ნიქაბაძის მიერ შრომის წიგნაკის ამონაწერის წარდგენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ გამოიწვევდა იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ მიიჩნია ხანდაზმულად. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ივნისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.