საქმე N 150100121005087389
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1167აპ-22 15 თებერვალი, 2023 წელი
ბ–ი ა., №1167აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ბ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ა. ბ–მა ა–ს რაიონის სოფელ კ–ში, ასანთის გამო მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ბებიას - შ. ქ–ს ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით ა. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ბ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 7 ნოემბერს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ა. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ა. ბ–ს ბრალეულობას, კერძოდ: ოჯახში მომხდარი დანაშაული წარმოადგენს სპეციფიკური კატეგორიის დანაშაულს და როგორც წესი, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა მოწმეების - ჯ. ქ–სა და კ. ქ–ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, იმყოფებოდნენ ეზოში, რა დროსაც კ. ქ–მა მშობლების სახლიდან გაიგონა დედის - შ. ქ–სის ტირილისა და ყვირილის ხმა. ისინი გაემართნენ სახლისკენ, რომლის შესასვლელი კარიც იყო დაკეტილი. ჯ. ქ–მი უკანა კარიდან შევიდა სახლში და ნახა, რომ შ. ქ–სი ტიროდა. მათ დაზარალებულმა უთხრა, რომ ცოტა ხნით ადრე, სახლში მივიდა მისი ნასვამი შვილიშვილი - ა. ბ–სი და სიგარეტის მოსაკიდებლად სთხოვა ასანთი. მან უთხრა, რომ ასანთი თან არ ჰქონდა და მოძებნიდა, რაზეც ა–იი გაბრაზებულა და შ. ქ–სთვის დაურტყამს სახეში. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ შ. ქ–ს მარცხენა თვალის არეში ჰქონდა დაზიანება. მოწმე რ. ქ–მა კი განმარტა, რომ 2021 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, მას დაურეკა დედამ - ჯ. ქ–მა და უთხრა, რომ მის ნათესავს ა. ბ–ს უცემია ბებია. იგი მივიდა შ. ქ–ს სახლში და ნახა, რომ შ–სს თვალზე აღენიშნებოდა დაზიანება და ტიროდა. მას შ–მა უთხრა, რომ ასანთის გამო სცემა ა. ბ–სმა. მან გვერდით ოთახში მყოფ ა. ბ–ს ჰკითხა ,,ეს რატომ გააკეთა?“ რაზეც ა–მა უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო და დაუწყო გინება. ამის გამო მან ა–ი გამოიყვანა ბებიის სახლიდან. სამედიცინო დოკუმენტაციითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადგინდა, რომ შ. ქ–ს მარცხენა ლოყის არეში აღენიშნებოდა შეშუპება, რაც პალპაციით იყო მტკივნეული, ხოლო ალკოტესტით შემოწმების ოქმით დადასტურდა, რომ 2021 წლის 8 სექტემბერს ა. ბ–ი იყო ნასვამი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ბ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. დაზარალებულმა შ. ქ–მა (ბებიამ) და მოწმე ლ. ბ–მა უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ა. ბ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმეების - ჯ. ქ–სა და კ. ქ–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დგინდება, რომ 2021 წლის 8 სექტემბერს იმყოფებოდნენ ა-ს რაიონის სოფელ კ-ში მდებარე სახლის ეზოში, რა დროსაც კ. ქ–მმა მეზობლად მდებარე მშობლების სახლიდან გაიგონა დედის - შ. ქ–ს ტირილისა და ყვირილის ხმა ,,ნუ მირტყამ“. ამის შემდეგ ჯ. ქ–ი გაემართა შ. ქ–ის სახლისკენ. მას უკან მიჰყვებოდა კ. ქ–ც. ვინაიდან სახლის შესასვლელი კარი იყო დაკეტილი, ჯ. ქ–ი უკანა კარიდან შევიდა და ნახა, რომ შ. ქ–ი ტიროდა, ხოლო თვალთან ჰქონდა დაზიანება. მათ დაზარალებულმა უთხრა, რომ ცოტა ხნით ადრე სახლში მივიდა მისი ნასვამი შვილიშვილი - ა. ბ–სი, რომელმაც სიგარეტის მოსაკიდებლად სთხოვა ასანთი, რაზეც უთხრა, რომ თან არ ჰქონდა და მოძებნიდა. ამის გამო ა. ბ–ი გაბრაზდა და სახის არეში დაარტყა ხელი. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ შ. ქ–ს მარცხენა თვალის არეში ჰქონდა დაზიანება. ამ დროს სხვა ოთახში მყოფმა, ნასვამმა ა. ბ–მა შეკითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, მათ დაუწყო კამათი. ამის გამო შ. ქ–მა დაურეკა შვილს - რ. ქ–ს, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მივიდა ადგილზე და ა. ბ–ი გაიყვანა სახლიდან. მოწმე რ. ქ–მა კი დაადასტურა, რომ 2021 წლის 8 სექტემბერს მას დაურეკა დედამ - ჯ. ქ–მა და უთხრა, რომ ა. ბ–მა სცემა ბებიას და მისულიყო მათთან. მისვლისას ნახა, რომ შ. ქ–სს თვალზე აღენიშნებოდა დაზიანება და ტიროდა. მას დაზარალებულმა უთხრა, რომ ასანთის გამო სცემა ა. ბ–მა. მან იმავე სახლში მყოფ ნასვამ ა. ბ–ს ჰკითხა, ,,რატომ გააკეთა ეს“, რის გამოც მას ა–მა დაუწყო გინება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დაზარალებულს თვალზე აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა მათი ჩვენებები ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არის ირიბი, რადგან ისინი გადმოსცემენ შ. ქ–ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, მოწმეების ჩვენებებით არ დგინდება, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა. ბ–ს მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N507/05/9-3 დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ სს „......... ჰოსპიტლები“ ახალქალაქის ჰოსპიტლის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №..........-ის მიხედვით, შ. ქ–ს სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი ეწინააღმდეგება მის კვლევით ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტი შ. ქ–ი პოლიციასთან ერთად შევიდა ფიზიკური დაზიანებების ფიქსაციის მიზნით. მისი გადმოცემით, დაზიანებები მიიღო ჩხუბის დროს. მისი ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მარცხენა ლოყის არეში აღენიშნება შეშუპება, პალპაცია მტკივნეულია. შესაბამისად, დასკვნის შინაარსი დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, არის წინააღდეგობრივი. ამასთან, მასში მითითებული არ არის დაზიანების ხანდაზმულობის შესახებ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა. ბ–სს ალკოტესტზე შემოწმებისას დაუდგინდა 2,101 პრომილე, არ ადასტურებს მის მიერ დაზარალებულზე ძალადობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე