Facebook Twitter

¹ ას-46-751-03 19 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 მაისს დ. ქ-ემ, ხოლო იმავე წლის 28 მაისს ნ. ქ-ემ სს “ჭ.” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს.

მითითებული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

დ. ქ-ემ სარჩელში მიუთითა, რომ ჭიათურის რაიონის, სოფ...., მისი საცხოვრებელი სახლის ქვემოთ გადის მღვიმეთის მაღაროთა სამმართველოს ¹... უბანი. მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად დაზიანდა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, შენობა-ნაგებობანი, განადგურდა მრავალწლიანი ნარგავები. 1996 წელს მოპასუხის წარმომადგენლებმა შეამოწმეს დაზიანებები, რის თაობაზეც შედგენილ იქნა აქტი. ამ აქტის შესაბამისად მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 17231 მანეთი (10287 აშშ დოლარი), რომელიც 1997წ. 4 ნოემბერს შემდგარი დირექტორთა გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით გადაფასდა 17231 აშშ დოლარად.

1998 წელს სს “ჭ.” მოსარჩელეს გადაუხადა მიყენებული ზიანის ნაწილი _ 3400 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 17231 აშშ დოლარის დაკისრება.

მოსარჩელე ნ. ქ-ემ სარჩელში მიუთითა, რომ იგი ცხოვრობს ჭიათურის რაიონის სოფ.... მისი საცხოვრებელი სახლის ქვემოთ გადის მღვიმეთის მაღაროთა სამმართველოს ¹... უბნის მიწისქვეშა სამუშაოების გვირაბი. ამ სამუშაოების შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი. 1996წ. 27 ნოემბერს შედგენილი აქტით მისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 12644 მანეთი (7548 აშშ დოლარი).

1998 წელს სს “ჭ.” მას გადაუხადა მიყენებული ზიანის ნაწილი, კერძოდ _ 1000 ლარი.

მისთვის მიყენებული ზარალი 1997წ. 4 ნოემბერს დირექტორთა გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით გადაფასდა და სულ შეადგინა 12 644 აშშ დოლარი.

მან მოითხოვა მოპასუხისათვის 17448 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელები არ ცნო და მიუთითა, რომ სს “ჭ.” ზარალის შემფასებელი კომისიის 1996 და 1997წ. აქტებით მოხდა შესაძლო ზარალის ოდენობის განსაზღვრა, რადგან მითითებული ტერიტორიის ქვეშ უნდა მომხდარიყო ფენის მეორადი დამუშავება, მაგრამ ვინაიდან არარენტაბელური გახდა სამთო სამუშაოების წარმოება, 2001წ. 25 იანვრის აქტით გაუქმდა 1996წ. 16 სექტემბრისა და 1997წ. 26 თებერვლის აქტები.

მოსარჩელეთა საკარმიდამო მიწის ქვემოთ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოება უახლოეს წლებში დაგეგმილი არ არის, ამიტომ მათი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უსაფუძვლობისა და მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

სს “ჭ.” ნ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12644 აშშ დოლარის, ხოლო დ. ქემერტელიძის სასარგებლოდ _ 16181 აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი მდგომარეობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის სს “ჭ.” მოქმედების შედეგად მიყენებული იყო ზიანი, რაც მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობების, ასევე მრავალწლიანი ნარგავების დაზიანებაში გამოიხატა.

ამასთან, მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოთხოვნის უფლება მოსარჩელეებს წარმოეშვათ 2001წ. იანვრიდან, როცა სს “ჭ.” ადმინისტრაციამ გააუქმა ის აქტები, რომლითაც იგი ვალდებულებას კისრულობდა მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ.

2003წ. 13 მაისს სს “ჭ-” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად გამოიყენა კანონი. მისი მოსაზრებით, 1991 და 1997 წლებში ზიანის გაანგარიშების თაობაზე შედგენილი აქტები უკვე მიყენებული ზიანის ოდენობას კი არ განსაზღვრავს, არამედ მიუთითებს, დასახელებულ უბანში მომავალში საწარმოები მეორადი მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად შესაძლო ზიანს, რომელიც გამოწვეული იქნებოდა ამ უბნიდან სახლების აღებისა და მათი სხვა ადგილზე გადატანით გამოწვეული ზარალის დასაფარად.

ავანსად გაცემული თანხა ვალის აღიარებას კი არ წარმოადგენდა, არამედ 1996-1997 წლებში შედგენილ აქტებით იყო გათვალისწინებული და შეადგენდა იმ თანხის ნაწილს, რომელიც უნდა გაცემულიყო სახლის გადატანამდე, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემოდა სახლის გადატანის შემდეგ.

ვინაიდან მიწისქვეშა მეორადი სამუშაოები დაიწყო, მაგრამ არ გაგრძელებულა, ცხადია, არც სახლები გადატანილა და არც უნდა გაიცეს სახლების გადატანის შედეგად გამოწვეული ზიანის საკომპენსაციო თანხა.

ვინაიდან მეორადი სამუშაოები არარენტაბელური აღმოჩნდა, სს “ჭ.” უარი განაცხადა ამ სამუშაოების შესრულებაზე, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ 2001 წელს გაუქმდა ის აქტები, რომლითაც საკომპენსაციო თანხა იყო გათვალისწინებული.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის ვადა არასწორად გამოითვალა 2001 წლიდან. მოთხოვნის უფლება მითითებულ პირებს არ წარმოშობია 2001 წლიდან.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა სახლები დაზიანდა მიწისძვრის შედეგად. სასამართლომ ამ დასკვნის უგულებელყოფა არასწორად მოახდინა ექსპერტიზაში მონაწილე ჯ. ბ-ის გამო, მაშინ, როცა ამავე პიროვნების მონაწილეობით 52 მოსახლიდან 31-ზე გაიცა დასკვნა, რომ ზიანი გამოწვეული იყო სამთო სამუშაოების შედეგად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სს “ჭ.” მოქმედების შედეგად მოსარჩელეებს მიადგათ სარჩელით მოთხოვნილი მატერიალური ზიანი, რაც მათი საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთზე განლაგებული ნაგებობების და მრავალწლიანი ნარგავების დაზიანებაში გამოიხატებოდა.

ამ მოსაზრებას სააპელაციო სასამართლო აფუძნებდა საქმეში წარმოდგენილ ზოგიერთ აქტებზე, მაშინ, როცა სს “ჭ.” უარყოფდა ზიანის არსებობას და მიუთითებდა, რომ აქტებში აღნიშნული ზიანის ასანაზღაურებელი თანხა უკვე მიყენებული ზიანის განმსაზღვრელი კი არ იყო, არამედ იგი იყო მომავალში შესაძლო ზიანის მიყენების განმსაზღვრელი თანხა, რაც დაკავშირებული იქნებოდა სს “ჭ.” მიერ მიწისქვეშა გვირაბების მეორადი დამუშავების გამო მიწისზედა ნაგებობების შესაძლო დაზიანებასა და საცხოვრებელი სახლების შესაძლო გადატანასთან, ანუ აქტებში მითითებული თანხა უკვე მიყენებული ზიანის განმსაზღვრელი კი არ იყო, არამედ იგი იყო გრუნტის მეორადი დამუშავების შემთხვევაში სახლების გადატანის აუცილებლობის გამო მიყენებული ზიანის განმსაზღვრელი თანხა. მით უმეტეს, საქმეში წარმოდგენილი 2001წ. 25 იანვრის აქტით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეთა სახლების დაზიანებანი გამოწვეული იყო არა მიწისქვეშა სამუშაოების, არამედ მიწისძვრის შედეგად, ხოლო 2002წ. 9 აგვისტოს აქტით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეთა სახლების ქვეშ და საერთოდ პროექტით გათვალისწინებული მეორადი სამუშაოების წარმოება უახლოესი 10 წლის მანძილზე შეუძლებელი, ხოლო სახლების გადატანის თაობაზე საკომპენსაციო თანხების გაცემა დაუშვებელი იყო.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ თითქოს მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად მოსარჩელეებზე მიყენებული ზიანის არსებობა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი აქტებით. მაგალითად, სს “ჭ.” დირექტორთა გამგეობის სხდომის 1997წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ნ. ქ-ის შენობა-ნაგებობების 1997წ. 26 თებერვლის ზარალის აქტი. ამავე საქმეში არსებული 1997წ. 26 თებერვლის აზომვის აქტში მითითებულია 1996წ. 27 ნოემბრის აქტზე (რომლითაც თითქოს ირკვევა, რომ მიყენებული ზიანი გამოწვეულია მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად), მაგრამ 1996წ. 27 ნოემბრის აქტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის გარკვევა, იყო თუ არა სახლსა და საკარმიდამო ნაკვეთში განლაგებულ ნაგებობებზე მიყენებული დაზიანებანი აქტის შემდგენი პირების მოსაზრებით მიწისქვეშა სამუშაოების შესრულების გამო გამოწვეული, საქმეში არ მოიპოვება.

საქმეს არ ერთვის დ. ქემერტელიძის სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე განლაგებული ნაგებობების დაზიანების თავდაპირველი, 1996წ. 18 აპრილის აქტიც.

ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, მოსარჩელეთა სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთში განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე მიყენებული ზიანის ოდენობისა და ზიანის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევის მიზნით დაენიშნა სათანადო ექსპერტიზა.

სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ იგი ვერ დაეთანხმებოდა ცენტრ “ს.” დასკვნას დაზიანების გამომწვევ მიზეზად მიწისძვრის მითითების შესახებ იმიტომ, რომ ამ დასკვნის შედგენაში მონაწილეობდა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი, დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოს ამ დასკვნის უარსაყოფად არ გააჩნდა არანაირი მტკიცებულება. თუკი იგი საეჭვოდ მიიჩნევდა ამ დასკვნის შედეგებს, ვალდებული იყო, ჩაეტარებინა სათანადო ექსპერტიზა და დაედგინა ზიანი და მისი გამომწვევი მიზეზები.

ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სკ-ს 361-ე მუხლზე მითითების თაობაზე. ამ ნორმის შესაბამისად, ყოველი შესრულება, მართალია, გულისხმობს ვალდებულების არსებობას, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სს “ჭ.” მიერ მოსარჩელეებისათვის ავანსად გადახდილი თანხები წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელე ნ. ქ-ის მიმართ 12644 აშშ დოლარის, ხოლო დ. ქ-ის მიმართ 16181 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე ვალდებულების აღიარებას, ვინაიდან სკ-ს 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება მართლაც გულისხმობს ვალდებულების არსებობას, მაგრამ მხოლოდ შესრულების ფარგლებში. ამიტომაცაა, რომ სკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაბრუნებას არ ექვემდებარება ვალდებული პირის მიერ შესრულება.

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობის გამო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად აუცილებლად უნდა ჩაატაროს გეოლოგიური და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა და დაადგინოს, მოსარჩელეთა სახლებზე და საკარმიდამო ნაკვეთებზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებსა და მრავალწლიან ნარგავებზე მიყენებულია თუ არა ზიანი, რას შეადგენს მისი ოდენობა, რითაა იგი გამოწვეული, მიწისძვრის, თუ მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად. შესაძლებელი და მიზანშეწონილია თუ არა ამ სახლების გამაგრება და რა ხარჯები იქნება ამისთვის საჭირო. თუ აუცილებელია მათი გადატანა, გადატანის შემთხვევაში რას შეადგენს ხარჯები და ვინ უნდა გაიღოს იგი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.