¹ ას-470-1106-03 11 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1996წ. 27 ივნისს თ. თ-ესა და ი. ბ-ს შორის დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საცხოვრებელი სახლი, მდებარე ... ქ. გორში ი. ბ-ს გადაეცა საკუთრებაში. დღეისათვის ბინა ირიცხება ამ უკანასკნელის სახელზე. თ. თ-ის მეუღლემ მ. თ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ მითითებული გარიგების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ იგი გაყიდული ქონების თანამესაკუთრეა და ხელშეკრულება მის მეუღლეს და ი. ბ-ს შორის დადებულია მოსაჩვენებლად. მისი განმარტებით, ი. ბ-ს მოსკოველი პარტნიორებისათვის ესაჭიროებოდა ეჩვენებინა ქ. გორში მის სახელზე რიცხული ოფისისათვის საჭირო ფართი, რის გამოც მითითებული ბინა მის სახელზე გადაფორმდა ფორმალურად. როგორც მ. თ-ე მიუთითებს, გარიგებას იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია და სადავო ბინას დღესაც ფლობს თვითონ. მისივე განცხადებით, ი. ბ-მა აღძრა სარჩელი სასამართლოში და ითხოვს უკანონო მფლობელობიდან მისი ქონების გამოთხოვას. მ. თ-ის აზრით, ქონების შესაძენად დადებული გარიგება, თანახმად სკ-ს 56-ე, 81-ე მუხლებისა, ბათილია, რის გამოც შეუძლებელია ი.ბ-ის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მ. თ-ემ გაუშვა სასამართლოსათვის მიმართვის 3 წლიანი ვადა.
მ. თ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მ. თ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დავის გადასაწყვეტად უნდა გამოყენებულიყო ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომლის 129-ე მუხლის თანახმად უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. თ-ემ გაუშვა კანონით დადგენილი ექვსწლიანი ვადაც, ამიტომ მის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
მ. თ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ი. ბ-ი არ ითხოვდა სასარჩელო ხანდაზმულობის გამო მის სარჩელზე უარის თქმას. სასამართლომ კი დაარღვია სსკ-ს მე-4 მუხლი და მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა სწორედ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ამასთან, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ საფუძვლებზე და არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე. სასამართლომ არ მოიწვია სხდომაზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული თ. თ-ე და ნოტარიუსი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, სააპელაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მ. თოდაძის სარჩელს უარი ეთქვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ს მე-4 მუხლის მოთხოვნათა უგულველებყოფით. მითითებული ნორმის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეებს, იქნება ეს მოსარჩელე თუ მოპასუხე, თანაბარი უფლება აქვთ დაასაბუთონ, უარყონ და გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები მხოლოდ მათ მიერ მითითებული ფაქტებისა და ამ ფაქტების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არც სააპელაციო სასამართლოში და არც გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელის უარყოფის მოთხოვნა ი. ბ-ს არ დაუმყარებია იმ ფაქტზე, რომ მ. თ-ემ გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. გადაწყვეტილებაში მითითებული ნორმების საფუძველზე დავის გადაწყვეტა დასაშვები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ი. ბ-ი სარჩელს უარყოფდა მ. თ-ის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტზე მითითებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ დავის ხელახალი განხილვისას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეაფასოს მხარეთა მიერ წამოყენებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.