გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-4-713-03 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში); ბინის ფართზე მოსარგებლედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ა-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ფ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ. კრწანისის რაიონის სასამართლოს 1999წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა-ას სარჩელი. არ დაკმაყოფილდა ფ-ის შეგებებული სარჩელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ.
2000წ. 11 იანვარს ნ. ფ-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა სასამართლოს.
2000წ. 5 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ.ფ-ის განცხადება, გაუქმდა ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, რა დროსაც ქ. ა-ამ მოითხოვა ნ. ფ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან.
2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ.ასკურავას სარჩელი, ასევე არ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ის შეგებებული სარჩელი ბინის ფართზე მოსარგებლედ ცნობის თაობაზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ. ორივე მხარის განმარტებით, სასამართლომ არ დაადგინა ფაქტიური გარემოებები და, ამდენად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ა-ას სააპელაციო საჩივარი, ხოლო მოსარჩელე ნ. ფ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართის მესაკუთრეა ქ. ა-ა და საცხოვრებელი სახლი საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ.ა-ას სარჩელი ნ. ფ-ის გამოსახლების შესახებ დასაბუთებული და გამართლებულია. მესაკუთრეს, სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუძლია ისარგებლოს ქონებით, თუ ეს არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ქ. ა-ა კი, ფ-ის გამოსახლებას ითხოვს სათანადო კომპენსაციით. ქ. ა-ა თანახმაა გადაუხადოს ნ.ფ-ეს 5000 აშშ დოლარი გამოსახლებისთანავე.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.ფ-ე მოითხოვს ისეთი გარემოებების დადგენას, რაც არ არის სადავო. ნ.ფ-ე არის სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელი, იგი არის მოსარგებლე და სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით იხდის ბინის მესაკუთრე კომპენსაციას მისი გამოსახლებისას, რაც, სააპელაციო სასამართლოს აზრით, არის კეთილი ნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება ნ. ფ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება. მან აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დავა წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედებამდე, შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის ძველი რედაქციიით, ხოლო აღნიშნული კოდექსის ნორმებით, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მისი სადავო ბინიდან გამოსახლება, თუ იგი დაკმაყოფილებული იქნება იმავე ტერიტორიაზე, იმავე ფართით. აგრეთვე მან მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს _ გაუქმდეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სადავო ფართი საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ა-ას სახელზე. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს დროულ შეკეთებას. აღნიშნული ფართის მეორე სართული დაკავებული აქვს ნ. ფ-ეს, რომელმაც, როგორც საქმის მასალებისათვის თანდართული ხელწერილიდან ირკვევა 1976 წელს იყიდა იგი შ. და ხ. ტ-ებისაგან, თუმცა ზემოხსენებული ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნათა დაუცველად. 1976 წლიდან ნ.ფ-ე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო ფართში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას სათანადოდ არ გამოურკვევია და არ დაუდგენია საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამდენად, მოცემული საქმის განხილვისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს განსახილველი დავის გადაწყვეტის დროს უნდა გამოეყენებინა კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”. მითითებული კანონით რეგულირდება 1996წ. 28 ივნისამდე მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილი ის ურთიერთობები, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ასეთი ურთიერთობა არსებობს ბინის მოსარგებლე ნ. ფ-ესა და ბინის მესაკუთრე ქ. ა-ას შორის, რომელიც ბინის თავდაპირველი მესაკუთრის უფლებამონაცვლეა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან სახლი საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს, ქ.ა-ას სარჩელი ნ.ფცქიალაძის გამოსახლების შესახებ დასაბუთებული და გამართლებულია. სასამართლოს ეს მოსაზრება ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ქ.ა-ა ნ.ფ-ის გამოსახლებას ითხოვს სათანადო კომპენსაციით. ნ.ფ-ეს თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ ჰქონია, ხოლო თანხის სანაცვლოდ ბინის გამოთავისუფლება შეიძლება იყოს მხოლოდ მხარეთა მორიგების საგანი.
“საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-5 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მოსარგებლის ვალდებულებას, დაეკმაყოფილებინა მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის გათავისუფლებაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად და იურიდიულად ძალადაკარგულად იქნა ცნობილი. აღნიშნული კანონის სხვა მუხლები კი მოსარგებლის მიერ სარგებლობის შეწყვეტას _ გამოსახლებას აღარ ითვალისწინებს. გარდა ნამეტი ფართის გამოთავისუფლებისა, რაც დადგენილია სპეციალური კანონის მე-3 მუხლში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა გამოიყენოს სპეციალური კანონი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” და გამოარკვიოს თუ რა ფართი უკავიათ მოპასუხეებს და მათი სულადობის გათვალისწინებით რა ოდენობისაა ნამეტი ფართი, რომლის გამოთავისუფლებასაც ითვალისწინებს კანონი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.