გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-473-1113-03 21 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ს/ს “ე.” მიმართ, სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილების და ცეკავშირის გამგეობის დადგენილების გაუქმების, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მათი მოქმედების შეჩერების, ასევე, ს/ს “ე.” ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998წ. 15 ნოემბერს იგი არჩეულ იქნა ახალციხის რაიონის საკრებულოს ..., რის გამოც ს/ს “ე.” სამეთვალყურეო საბჭოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით იგი გამოწვეულ იქნა საზოგადოების ... თანამდებობიდან. ახალციხის რაიონის საკრებულოს 2001წ. 12 თებერვლის რიგგარეშე სხდომის ¹18 დადგენილებით რ.ს-ს შეუწყდა საკრებულოს მდივნისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ამიტომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის თანახმად იგი აღდგენილ უნდა იქნეს ძველ სამუშაო ადგილზე. მოსარჩელის განმარტებით, ცეკავშირის ს/ს “ე.” .... .... თანამდებობაზე ა. გ-ი არჩეულ იქნა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების მოთხოვნათა დარღვევით. მისი აზრით, ცეკავშირის გამგეობამ არ გადაამოწმა სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების უნარიანობა, ვინაიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უკანონოდ იქნენ შეცვლილნი, დაეყრდნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასა და დადგენილებას და გაატარა ს/ს “ე.” ხელმძღვანელობაში არსებული ცვლილებები.
ამავე დროს, 2001წ. 6 აპრილს ს/ს “ე.” აქციონერმა ა.გ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს ს/ს “ე.” სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 11 თებერვლის ოქმის საფუძველზე რ.ს-ისათვის საზოგადოების გენერალური დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტისა და აღნიშნულ თანამდებობაზე ა. გ-ის დანიშვნის შესახებ. ეს ორი საქმე ახალციხის რაიონული სასამართლოდან აცილების წესით გადაიგზავნა ასპინძის რაიონულ სასამართლოში და გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს/ს “ე.” სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა მისი საერთო კრების მიერ არჩევის შემდეგ არ შეცვლილა. რაც შეეხება 2000წ. 11 თებერვლის სხდომის ოქმის გაუქმებას, მხარემ მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 15.2 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ორთვიანი ხანდაზმულობის ვადა. მოპასუხემ არ გაიზიარა რ.ს-ის მოსაზრება “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის თანახმად მისი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე და მიიჩნია, რომ სამეწარმეო საზოგადოების დირექტორობა არ განეკუთვნება მოცემული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებს. მხარემ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელე საკრებულოს მდივნისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლდა ახალციხის რაიონული საკრებულოს 2001წ. 12 თებერვლის სხდომის ¹18 დადგენილებით. მითითებული დადგენილება კი არ არის შესული ძალაში, ვინაიდან გასაჩივრებულია რ.ს-ის მიერ, ხოლო ის გარემოება, რომ მას 2001წ. 12 თებერვლიდან არ მიუღია ხელფასი საკრებულოდან, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
ასპინძის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადებას უარი ეთქვა, ხოლო ა. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. ს/ს “ე.” გენერალურ დირექტორად სამეწარმეო რეესტრში მომხდარი ცვლილების საფუძველზე რ.ს-ის მაგივრად დაინიშნა ა.გ-ი.
აღნიშნული საქმე რამოდენიმეჯერ იქნა განხილული პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ და საქმე დაბრუნდა რაიონულ სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ს-ს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ დაადგინა, რომ 1998წ. 15 ნოემბრიდან მოსარჩელე არჩეულ იქნა ახალციხის რაიონის საკრებულოს წევრად, რის გამოც 2000წ. 8 თებერვალს მან განცხადებით მიმართა ს/ს “ე.” სამეთვალყურეო საბჭოს მისი საზოგადოების ... ... თანამდებობიდან გამოწვევის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება 2000წ. 11 თებერვლის სხდომაზე განმცხადებლის თანდასწრებით განხილულ იქნა და დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა სკ-ს 50-51-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ რ.ს-მა ზემოხსენებული განცხადებით გამოხატა ნება მოპასუხესთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რაც მიღებულ იქნა მეორე მხარის მიერ. შკკ-ს 30-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დატოვა თანამდებობა საკუთარი ინიციატივით. სასამართლოს აზრით, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.8 მუხლის საფუძველზე რ.ს-ი კანონიერად იქნა გათავისუფლებული საზოგადოების გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით რ.ს-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლში საუბარია სახაზინო საწარმოზე, რომელიც “მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად გაუქმებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა, ხოლო მოცემული კანონის 55.8 მუხლი ითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას, რომელიც, უმთავრესად, საზოგადოების ... დანიშვნასა და გამოწვევაში მდგომარეობს. პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა ორი იერარქიით თანაბარი კანონის ნორმათა კოლიზია და ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს სპეციალურ კანონს “მეწარმეთა შესახებ”, მით უფრო, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-19 მუხლი არის ფორმალური ნორმა, რადგან კანონით გაუქმებულია სახაზინო საწარმო, ამდენად, არც შეიძლება არსებობდეს შრომის გარანტია არარსებული სუბიექტის მიმართ. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ შკკ-ს 30-2 მუხლს, პალატის აზრით, იგი წარმოადგენს მატერიალური სამართლის იმ ნორმას, რომელსაც არ აქვს შემხებლობა მოცემულ დავასთან.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.ს-მა. მისი აზრით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და განსახილველი დავის ირგვლივ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებანი. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვისტოს განჩინების ასლის მტკიცებულებად მიღებაზე, რადგან სააპელაციო საჩივართან ერთად მისი წარდგენის საშუალება მხარეს არ გააჩნდა; შეცვალა რა ბორჯომის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, არ გამოიყენა სსკ-ს 384-ე, 385-ე და 394-ე მუხლები. ამასთან, არ დააკონკრეტა, რომელი მატერიალური ნორმით და რა ფარგლებში იქნა შეცვლილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სახეზეა კანონის ნორმათა კოლიზია და განმარტა, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი, შკკ-ს 109-ე მუხლი და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 70-ე მუხლი. ამასთან, არასწორად გამოიყენა აღნიშნული კანონის 55.8 მუხლის “ვ” პუნქტი და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ წარმოადგენდა რ.ს-ის პირად სურვილს, არამედ განპირობებული იყო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის, მე-15 მუხლის მე-6 პუნქტისა და 38-ე მუხლის შინაარსიდან. 2001წ. 7 მაისს სასამართლოში სარჩელის შეტანის მომენტში, ამავეწ. 2 ოქტომბრამდე, რ.ს-ის ს/ს “ე.” ... .... რეგისტრაცია გაუქმებული არ ყოფილა და, ამდენად, კასატორის აზრით, 1998წ. 22 ივნისიდან 2001წ. 2 ოქტომბრამდე სამეწარმეო რეესტრის თანახმად ს/ს “ე.” ერთადერთ სრულუფლებიან წარმომადგენლად ითვლებოდა რ.ს-ი. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ მიიღო გადაწყვეტილება ს/ს “ე.” სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 9 აგვისტოს სხდომის ¹3 ოქმის ბათილობის და შესაბამისი შედეგის თაობაზე. არ გამოიტანა კანონით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილება.
რ.ს-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რითაც დაკმაყოფილდება საქმეში წარმოდგენილი მისი სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის მოთხოვნები. ს/ს “ე.” სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 9 აგვისტოს სხდომის ¹3 ოქმის თანამდევი შედეგით ბათილად ცნობა, 2002წ. 18 აგვისტოს აქციონერთა საერთო კრების ¹1 ოქმის ბათილობით ს/ს “ე.” ... ..... 2002წ. 7 აგვისტოდან აღდგენა თანამდევი შედეგით, კერძოდ, შრომის ანაზღაურება, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შრომის ანაზღაურების იძულებით შეწყვეტით მიყენებული მატერიალური ზარალის ჩათვლით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს – გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ახალციხის რაიონის სასამართლომ 1998წ. 22 ივნისს რეგისტრაციაში გაატარა სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი – ეროვნული ალიანსი “ც.” სააქციო საზოგადოება “ერდო” და საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა დირექტორ რ. ს-ს, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშნულ იქნა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 1998წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით.
1998წ. ნოემბრის თვიდან რ. ს-ი არჩეულ იქნა ახალციხის რაიონის საკრებულოს წევრად, ხოლო 1999წ. 15 სექტემბრიდან ამავე საკრებულოს მდივნად. 2000წ. 8 თებერვალს ს-მა განცხადებით მიმართა სს “ე.” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მოითხოვა მისი გამოწვევა დაკავებული თანამდებობიდან არჩევით სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ 2000წ. 11 თებერვლის სხდომაზე (რომელშიც მონაწილეობდა თვით რ.ს-ი) მიღებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა: რ. ს-ი გამოწვეულ იქნა სააქციო საზოგადოების ... .... თანამდებობიდან და შეუწყდა სასამსახურო ხელშეკრულება 2000წ. 11 თებერვლიდან. ამასთან, იმავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს “ე.” გენერალურ დირექტორად ა. გ-ის დანიშვნის შესახებ, რომელთანაც 2000წ. 10 მარტიდან გაფორმდა სასამსახურო ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატის მსჯელობა “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმების მოქმედების თაობაზე სახაზინო საწარმოსთან მიმართებაში, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობის მხარედ გვევლინება სააქციო საზოგადოება.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი 1999წ. 1 სექტემბრამდე ითვალისწინებდა საწარმოთა შვიდ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, მათ შორის სახაზინო საწარმოს, რომელიც თავისი სპეციფიურობის გამო, მართალია, არ შედიოდა ტიპიური საწარმოების ჩამონათვალში, მაგრამ კანონის 2.3 მუხლი ადგენდა სხვა სამეწარმეო საზოგადოებების მსგავსად მის აუცილებელ რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში. სახაზინო საწარმოები იქმნებოდა რა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, ზემოთ მითითებული ნორმით დასაშვები იყო მისი გარდაქმნა კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სამეწარმეო საზოგადოებად.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ურთიერთობის მონაწილე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოებად და არა სახაზინო საწარმოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამათალურთიერთობა წარმოშობილია რა კერძო სამართლისათვის დამახასიათებელ მხარეთა თანასწორობის საფუძველზე, მის დასარეგულირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ კერძო, და არა პირთა ურთიერთოდაქვემდებარებაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის ნორმები.
სს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.6-ე, 51-ე და სკ-ს 29-ე მუხლების თანახმად არის კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის წარმოშობის (რეგისტრაციის), მართვის და საქმიანობის საკითხები მოწესრიგებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონით. ამავე კანონის 55.8-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით სს-ს დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა, ასევე, მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციაა, ხოლო “ბ” ქვეპუნქტით დირექტორების საქმიანობას კონტროლს უწევს რა სამეთვალყურეო საბჭო, ამ უკანასკნელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, რაც გამოწვეულია დირექტორთა ფართო უფლებამოსილებით განკარგონ და მართონ საზოგადოების მთელი ქონება. დირექტორსა და სამეწარმეო იურიდიულ პირს შორის ჩამოყალიბებულ კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში თითოეული მხარე მოქმედებს როგორც კორპორაციული ურთიერთობის მონაწილე, რომელთა კომპეტენცია რეგლამენტირებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონით. აღნიშნული კანონის 9.1 მუხლით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, ხოლო 56.1 მუხლით კი აღნიშნული მათი მოვალეობაცაა, რაც უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად. საზოგადოების მთელ ქონებას განაგებენ რა დირექტორები, მათ მიერ ნაკისრი თანამდებობრივი ვალდებულების კეთილსინდისიერი და წარმატებით შესრულება არსებით გავლენას ახდენს საწარმოს განვითარებაზე და შესაბამისად პარტნიორთა წარმატებებზე სამეწარმეო საქმიანობის სფეროში. ეს გარემოება განაპირობებს მოგებაზე ორიენტირებულ საზოგადოების პარტნიორთა დაინტერესებას საწარმოს დირექტორთა სამეწარმეო და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით შერჩევა-დანიშვნისას.
საზოგადოების ქონების მართვა და განკარგვა მინდობილი აქვთ რა დირექტორებს, ამ რისკის დასაბალანსებლად კანონი პარტნიორებს ანიჭებს უფლებას ნებისმიერ დროს გააკონტროლონ დირექტორთა საქმიანობა და იმსჯელონ დაკავებულ თანამდებობასთან მის შესაბამისობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააქციო საზოგადოება “ე.” სამეთვალყურეო საბჭო დირექტორად პირის დანიშვნის არჩევანში და შესაბამისად ამავე პირის სამუშაოდან დათხოვნის საკითხში, სამეწარმეო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონით შეზღუდული არ არის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სს-ში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა რ.ს-ის პირად სურვილს არ წარმოადგენდა, არამედ განპირობებული იყო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესებით, რომლის მე-18 მუხლის მეორე ნაწილით მას ეკუთვნის სამუშაოზე აღდგენა. ამასთან, საკრებულოს მდივნად მუშაობის პერიოდში რ. ს-ი მაინც რეგისტრირებული იყო საზოგადოების .... 2001წ. 2 ოქტომბრამდე.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.6 მუხლი ითვალისწინებს კანონით დადგენილი რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების, მათ შორის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირებთან დაკავშირებული ყოველი ცვლილების აუცილებელ რეგისტრაციას. აღნიშნული განპირობებულია სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის და მესამე პირთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფით. ამ დანაწესის დარღვევა დირექტორის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი ვერ გახდება.
რაც შეეხება “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილს, იგი ადგენს, რომ “საკრებულოს წევრს საკრებულოში იმ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომელზეც უფლებამოსილება ხორციელდება საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოწყვეტით, უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი აღარ არსებობს – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) იმავე ან მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში”. მითითებული ნორმა სააქციო საზოგადოების დირექტორთა სამართლებრივი მდგომარეობის ზემოთ დასაბუთებული სპეციფიურობიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.
ამასთან, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საკრებულოს წევრს წინანდელ ან მსგავს სამუშაოზე აღდგენის უფლებით აღჭურავს სახელმწიფო, რომელთა უფლებამოსილება მისდამი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებებით შემოიფარგლება. კერძო სამართლებრივი ურთიერთობები ხორციელდება რა თანასწორობის პრინციპებზე, სახელმწიფო ამ ურთიერთობებში ჩვეულებრივი მხარეა და “მეწარმეთა შესახებ” კანონით გარანტირებულ თავისუფალ საქმიანობაში იძულების წესით ჩარევის უფლება არ გააჩნია. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ არ მიიღო გადაწყვეტილება ს/ს “ე.” სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 9 აგვისტოს სხდომის ¹3 ოქმის ბათილობის შესახებ და ამ საკითხზე არც შემდგომში უმსჯელიათ დამატებითი გადაწყვეტილებით. სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილით სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ვინაიდან რ. ს-ს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოხსენებული ¹3 ოქმის ბათილობის შესახებ, მასზე სააპელაციო სასამართლოს კანონიდან გამომდინარე არ უნდა ემსჯელა და არც უმსჯელია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და იგი უნდა გაუქმდეს, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ს-ის სარჩელს უარი ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
რ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.