გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-475-1112-03 18 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინის ქირის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე იყო ე. ქ-ის ყოფილი დედამთილი თ. ა-ი.
ე. ქ-ი 1954 წლიდან რეგიტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. ა-თან და ცხოვრობდა აღნიშნული სახლის ერთ ოთახში.
1968 წელს ე. ქ-სა და ზ. ა-ს შორის ქორწინება შეწყდა.
თბილისის ორჯონიკიძის რაიონული საამართლოს 1979წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ს თ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა უკანასკნელი სამი წლის ბინის ქირის დავალიანების – 120 მანეთის დაფარვა ხოლო 1979წ. ივლისიდან ყოველთვიურად 3 მანეთისა და 36 კაპიკის გადახდა. დაკმაყოფილდა ე.ქ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნაც. ამ უკანასკნელს ორ შვილთან ერთად სარგებლობის უფლებით გამოეყო 21,32 კვ.მეტრი ოთახი შემინული ლოჯით და აივნით. დამხმარე სათავსოები დარჩა მხარეთა საერთო სარგებლობაში.
1980 წელს ნაჩუქრობის ხელშეკრულების საფუძველზე სახლის მესაკუთრე გახდა გ. ა-ი.
2001წ. ოქტომბერში გ. ა-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ე. ქ-ის მიმართ ყოველთვიური ბინის ქირის ოდენობის 100 ლარით განსაზღვრის, სამი წლის გადაუხდელი ქირის – 3600 ლარის დაკისრების და ეზოს დასუფთავების შესახებ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გ. ა-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და ახალი გადაწყვეტილებით კვლავ უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინებით გ.ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულ იქნა ნაწილობრივ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაუქმდა ბინის ქირის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ მიიჩნია რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ იყო დასაბუთებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება ე.ქ-ზე გაზრდილი ქირის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ა-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ საცხოვრებელი სადგომის ქირის დაწესება მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და მოვალეობები; მოსარჩელე ფაქტიურად მოითხოვდა ამ გადაწყვეტილების შეცვლას; ქირის ოდენობის შეცვლა შეიძლება განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით და არა სასამართლოს იძულებითი გადწყვეტილებით; გაზრდილი ქირის გადახდაზე უარი იწვევს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ე. ქ-ი 1954 წლიდან ცხოვრობს ქ.თბილისში ... მდებარე სახლში.
ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონული სასამართლოს 1979წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ს ფართი გამოეყო სარგებლობის უფლებით და დაეკისრა ბინის ქირის გადახდა. დაეკისრა იმ დროს არსებული წესით საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ქირისა და სხვა ხარჯების ოდენობა განისაზღვრებოდა მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ იგი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილ ზღვრულ განაკვეთებთან.
სკ-ს 531-ე მუხლის შესაბამისად გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
მოქმედი კანონმდებლობა ბინის ქირის ოდენობის განსაზღვრისას არ ითვალისწინებს რაიმე ზღვრულ ნორმებს.
სკ-ს 398-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
გ.ა-ს არ მოუთხოვია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა.
მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო არა ის, თუ რა წესით მოხდა სახლის ყოფილ მესაკუთრესა და მფლობელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება არამედ თვით ამ სამართლებრივი ურთიერთობის არსი, რაც კანონით არის რეგულირებული.
საჭიროა საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ განსაზღვროს ე. ქ-ი წარმოადგენს მოქირავნეს თუ მოსარგებლეს. მხარეებს შორის ურთიერთობა უნდა გადაწყდეს სკ-ს ქირავნობის მუხლებით, თუ 1998წ. 25 ივნისის კანონით “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ”.
მოპასუხე ე. ქ-ის სადავო ბინაში ცხოვრების სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სკ-ს 398-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.