Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ას-476-1111-03 11 დეკემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა და ბინის წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. მ-მა 1988 წელს თბილისში ... კორპუსში მიიღო ¹10 ბინა. ოჯახის წევრების სულადობის, რ. მ-ისა და ე. რ-ის, გათვალისწინებით. ბინის ორდერი გაიწერა სამ სულზე, კერძოდ, ს. და რ. მ-ებზე და ე. რ-ზე. ბინის პრივატიზება განხორციელდა 1993წ. 28 იანვარს ე. რ-ის სახელზე, რაზედაც თანხმობა მისცეს ს. და რ. მ-ებმა. 2000წ. 20 თებერვალს ავტოავარიაში დაიღუპა რ. მ-ა. ს. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. რ-ის, ნოტარიუსის, ნ. თ-ისა და საბინაო ტრესტი ¹...-ის მიმართ და მიუთითა, რომ მართალია, სადავო ბინის პრივატიზაცია მოახდინეს ე. რ-ის სახელზე, მაგრამ არ უფუქრია, რომ მას სიცოცხლეშივე დაუთმობდა ბინას, რადგან ე. რ-ი ცხოვრობდა რაიონში. დარწმუნებული იყო, რომ ე. რ-ს თანხმობას აძლევდნენ 1/3-ზე და არა მთლიან ბინაზე. ამასთან, გაცნობიერებული არ ჰქონდა თუ რაზე აწერდა ხელს. ს. მ-მა მოითხოვა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, სადავო ბინიდან 2/3-ის მიკუთვნება და მესაკუთრედ ცნობა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა 1993წ. 28 იანვარს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება საბინაო საექსპროტაციო უბნის, “ო.”, წარმომადგენელ ზ. ლ-ესა და ე. რ-ის შორის საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. თბილისში, ..., რომელიც რეგისტრირებულია ქ. თბილისის ¹.... სახელმწიფო სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის ნ. თ-ას მიერ (რეესტრში ¹26-63). მხარეებს სადავო ბინის ფართზე მფლობელობის უფლებით განესაზღვრათ წილები: ს. მ-ს 2/4, ხოლო მოპასუხეებს ე. რ-სა და მ. მ-ს 2/4 (თითოეულს 1/4+1/4). ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს სამსახურს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო ცვლილებების შეტანა ტექინვენტარიზაციის ბიუროს სამსახურის სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერებში.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად ცნო, რომ სადავო ბინის პრივატიზაცია განხორციელდა ს. და რ. მ-ების თანხმობის საფუძველზე. ჩათვალა, რომ მათ სადავო ბინა გადასცეს ე. რ-ს პირად მფლობელობაში წილის დათმობის გარეშე, მაგრამ გაცემული თანხმობებით სამართლებრივი თვალსაზრისით ბინაში მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. ე. რ-ი მასზე სადავო ბინის აღრიცხვით ფაქტობრივად გახდა ამ ბინის დამქირავებელი და არა მესაკუთრე. ამასთან, მიიჩნია, რომ ბინის პრივატიზაცია განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 19 თებერვლის ¹107-ე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ამ დადგენილებით მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემოდათ მათ მიერ დაკავებული ფართი. სასამართლომ მიიჩნია, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება არსებითად ეწინააღმდეგება მხარეთა ნებას და მითითებული დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. რ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით ე. რ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს. მატინოვის სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა სადავო ბინის 2/3-ის მესაკუთრედ.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად ცნო, რომ ს. მ-მა სულადობის რ. მ-ისა და ე. რ-ის, გათვალისწინებით მიიღო სადავო ბინა, შესაბამისად, ბინის ორდერიც გაიწერა სამივეზე, სადავო ბინის პრივატიზაცია განხორციელდა ე. რ-ზე, რაზედაც თანხმობა მისცეს ს. და რ. მ-ებმა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბინის პრივატიზების დროს თანხმობა არ ნიშნავს ს. მ-ის და რ. მ-ის მიერ თავიანთი წილის დათმობას. ამასთან, არ გაიზიარა ე. რ-ის მოსაზრება, რომ ს. და რ. მატინოვებმა პრივატიზაციაზე თანხმობის მიცემით დაკარგეს სადავო ბინაზე საკუთრების უფლება. ასევე, დადასტურებულად ცნო ის ფაქტიც, რომ ს. მ-ი არის აწ გარდაცვლილი რ. მ-ის ერთადერთი მეორე რიგის მემკვიდრე, რადგან მეორე მემკვიდრემ რ.ის მეორე ძმამ, მ. რ-მა, უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე ძმის, ს. მ-ის, სასარგებლოდ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. რ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სადავო ბინის პრივატიზაციაში არასრულწლოვანი მ. მ-ის მონაწილეობა, შესაბამისად, მთლიანად უგულვებელყო მისი ფართზე მფლობელობის უფლება და წილები ტენდენციურად გადაანაწილა. ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია და სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სარჩელზე უარი ეთქვა ხანდაზმულობით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სადავო ბინაზე მხარეთა წილების განსაზღვრის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ პრივატიზაციის დროს 1993 წელს თბილისში, ... რეგისტრირებული იყო ოთხი პირი _ მოსარჩელე ს. მ-ი, მისი და რ. მ-ა, მათი ძმისშვილი, მოპასუხე ე. რ-ი და მისი მცირეწლოვანი შვილი მ. მ-ი. 1993წ. 28 იანვარს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა ე. რ-ის სახელზე და საჯარო რეესტრში იგი აღირიცხა ბინის მესაკუთრედ. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან, ანუ ამ ნორმის მიხედვით სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებულ ბინაში შესაძლებლობა მისცა გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. რ. და ს. მ-ებმა ბინის პრივატიზაციის დროს თანხმობა მისცეს ე. რ-ს ბინა აღრიცხულიყო მის სახელზე, რაც არ ნიშნავს, რომ მათ დათმეს ბინაზე თავიანთი საკუთრება. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ს. და რ. მ-ებს ჰქონდათ პრივატიზირებული ბინის წილზე საკუთრების მოთხოვნის უფლება, ეს მოთხოვნა მათ შეეძლოთ განეხორციელებინათ ნებისმიერ დროს. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ს. მ-ის სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმული სარჩელი არ შეიძლება იყოს, რადგან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 ხსენებული დადგენილების თანახმად, ს. და რ. მ-ები მესაკუთრედ ითვლებიან პრივატიზაციის მომენტიდან, რადგან მონაწილეობა მიიღეს პრივატიზაციაში, ამდენად როგორც პოტენციურ მესაკუთრეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვონ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვა.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რადგან სადავო ბინის პრივატიზაციის დროს ბინაში დადგენილი წესით ოთხი სული იყო ჩაწერილი, ამიტომ ს. მ-ს ეკუთვნის 1/4¼ და ასევე 1/4¼- რ. მატინოვს. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რადგან მ. მ-ი (მოსარჩელე ე. რ-ის შვილი) პრივატიზაციის დროს იყო არასრულწლოვანი, იგი პრივატიზაციის ხელშეკრულების მონაწილე ვერ გახდებოდა და რომ მ. მ-ის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა მისი დედის, ე. რ-ის, საცხოვრებელი ადგილი. პალატა თვლის, რომ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ხსენებული დადგენილების საფუძველზე ბინა სახელმწიფომ საკუთრებაში გადასცა დადგენილი წესით ჩასახლებულ ყველა პირს ასაკის მიუხედავად. პრივატიზაციის დროს მ. მ-ი არასრულწლოვანი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ ეკუთვნოდა წილი სადავო ბინიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდება ს. მ-ის სარჩელი და მას საკუთრების უფლებით გამოეყოფა სადავო ბინიდან არა 2/3, არამედ, 1/2, რადგან ს. მ-ი არის აწ გარდაცვლილი რ. მ-ის ერთადერთი მემკვიდრე და მას უნდა მიეცეს ის წილი, რაც ეკუთვნოდა მის დას, რ. მ-ას, ანუ ბინის 1/4. ასევე, ს. მატინოვი ცნობილი უნდა იქნეს სადავო ბინის 1/4¼-ის მესაკუთრედ, (1/4+1/4=1/2).

პალატა თვლის, რომ კასატორ ე. რ-ს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივრის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი 170 ლარი, რადგან სსკ-ს 38-39-ე მუხლების თანახმად, საკასაციო საჩივარზე გადაიხდევინება ბაჟი, რომელიც შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 4%-ს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ბინა აუდიტის დასკვნის თანახმად შეფასებულია 10000 ლარად. ს. მ-ი ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/2½-ის½ მესაკუთრედ, საიდანაც ბაჟი უნდა ვიანგარიშოდ 10000-ის 1/2 –დან ე.ი. 5000-დან, რაც შეადგენს 200 ლარს, აქედან 30 ლარი კასატორის მიერ გადახდილია და მან უნდა გადაიხადოს 170 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ე. რ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ს. მატინოვის სარჩელი. იგი ცნობილ იქნეს თბილისში, ... მდებარე ¹10 ბინის 1/2½მესაკუთრედ.

ე. რ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 170 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.