¹ ას-47-750-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ც-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4273 ლარის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
ზ. ც-ემ 1999წ. 30 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ.ზესტაფონში ... მდებარე ბინა გაასხვისა დ. ს-ეზე.
2000წ. სექტემბერში მ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს დ. ს-ისა და ზ. ც-ის მიმართ ბინის ნასყიდობის, როგორც მოჩვენებითი დადებული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
სასამართლომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია მოჩვენებით დადებულ ხელშეკრულებად. ჩათვალა, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, ბინაზე გადახდევინების მიქცევისაგან თავის არიდების მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ც-ემ და დ. ს-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ნოემბრის განჩინებით დარჩა გადაწყვეტილება უცვლელი. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა რომ მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა; ზ. ც-ემ ხელშეკრულება გამოიყენა იმ მიზნის მისაღწევად, რომ თავი აერიდებინა კრედიტორის დაკმაყოფილებისათვის.
დ. ს-ემ და ზ. ც-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანეს საქართველოს უზენაეს სასამრთლოში, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაუკმაყოფილებლად დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2002წ. 10 ოქტომბერს გარდაიცვალა მ. მ-ე. გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ნოემბრის განჩინებით საქმეში მოსარჩელედ ჩაბმული იქნა მისი ქალიშვილი რ. ს-ე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ს-ეს უარი ეთქვა სარჩელზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ც-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 4273 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაცემული იქნა 1999წ. 3 მაისს, თუმცა იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად სასამართლო აღმასრულებელს 1999წ. სექტემბრამდე არ გაუტარებია რაიმე ღონისძიება. არ ყოფილა დაყადაღებული მოვალის ქონება.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინებაში გამოთქმული მოსაზრებები. სასამართლოს არ მიუღია აპელანტ დ. ს-ის განმარტება, თუ რატომ არ დაეუფლა იგი შეძენილ ბინას. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში დ. ს-ე საერთოდ არ არის მოხსენიებული აპელანტად. სათანადო შეფასება არ აქვს მიცემული მხარეების მეზობლების მიერ შედგენილ განმარტებებს, რითაც დარღვეულია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა. სსკ-ს 412-ე მუხლის შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი არ იღებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ახალი გადაწყვეტილების მიღება არ არის შესაძლებელი, რის გამოც, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფლდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.