Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-483-1117-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ანდერძის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. და მ. რ-ები 1975წ. 20 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1998წ. 30 ოქტომბერს მ. რ-ამ იყიდა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹11 ბინა. 1998წ. 24 აპრილს მ. რ-ამ ზემოაღნიშნული ბინა უანდერძა თავის დისშვილს – ლ. ყ-ს. 2001წ. 4 მარტს გარდაიცვალა მ. რ-ა, ხოლო 2001წ. 4 სექტემბერს გაცემულ იქნა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და ლ. ყ-ი ცნობილ იქნა მ. რ-ას მემკვიდრედ სამკვიდრო ქონებაზე, კერძოდ, სადავო ბინაზე. 2002წ. 19 ივლისს გარდაიცვალა მ. რ-ას მეუღლე ბ. რ-ა.

2002წ. 24 სექტემბერს ბ. რ-ას შვილმა ნ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ყ-ის მიმართ და მოითხოვა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება, რადგან სამკვიდრო ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და მ. რ-ას არ შეეძლო მთელი ქონება ეანდერძა თავისი დისშვილისათვის. გარდა ამისა, ბ. რ-ა მ. რ-ას პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე იყო და სკ-ს 1377-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად ანდერძისა, ეკუთვნოდა სავალდებულო წილი მეუღლის სამკვიდროდან, რაც მიიღო კიდეც, რადგან დაეუფლა მას.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ა. მ-ის მიერ 1999წ. 24 აპრილს დამოწმებული ანდერძი _ ... მდებარე გარდაცვლილი მამის კუთვნილ ბინა ¹11-ის 1/2-ზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილი იქნა ნ. ი-ი. ნ. ი-ი ასევე ცნობილ იქნა მემკვიდრედ და მესაკუთრედ ზემოაღნიშნული ბინის მის სავალდებულო 1/4-ზე, სულ _ 3/4-ზე, ხოლო დარჩენილი¼1/4-ზე ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოპასუხე ლ.ყ-ი. განისაზღვრა საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ყ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინებით ლ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინების გამოტანისას პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა მ. რ-ამ შეიძინა ბ. რ-ასთან რეგისტრირებული ქორწინების დროს. აქედან გამომდინარე, სკ-ს 1158-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. მ. რ-ამ გასცა რა ანდერძი მთელ სახლზე, ამით გაასხვისა თავისი მეუღლის წილი, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა, რადგან მის სამკვიდროს არ წარმოადგენდა მთლიანი სახლი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად ანდერძისა, ბ. რ-ას მ. რ-ას სამკვიდროდან სკ-ს 1371-ე მუხლის შესაბამისად, ეკუთვნოდა სავალდებულო წილი, ანუ იმ წილის ნახევარი, რაც მას კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ნახევრის 1/2-ს, ანუ 1/4-ს.

ლ. ყ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, უგულებელყო სკ-ს 1320-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ე.ი. მოცემულ შემთხვევაში _ 2002წ. 19 ივლისი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნიდან, რაც ბ. რ-ამ არ გააკეთა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ. რ-ას სამკვიდრო მიიღო ბ. რ-ამ, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობდა სადავო ბინაში. ამდენად, ბ. რ-აზე ვერ გავრცელდება სკ-ს 1421-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ნ. ი-მა გაუშვა სასამართლოსთვის მიმართვის 1450-ე მუხლით დადგენილი ორთვიანი ხანდაზმულობის ვადა. ბ. რ-ას გარდაცვალების შემდეგ ნ. ი-მა იცოდა, რომ სადავო ბინაში ცხოვრობდა ლ. ყ-ი და მთელი ბინა აღრიცხული იყო მის სახელზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სადავო ბინა ¹11, მდებარე ... ქ.თბილისში მ. რ-ამ შეიძინა ბ. რ-ასთან რეგისტრირებული ქორწინების დროს. სკ-ს 1158-ე მუხლის თანახმად, ასეთი ქონება ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, ამიტომ ბ. რ-ა წარმოადგენდა სადავო ბინის თანამესაკუთრეს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სკ-ს 1371-ე მუხლის თანახმად, ბ. რ-ას ეკუთვნოდა სავალდებულო წილი მ. რ-ას სამკვიდროდან. აღნიშნული წილის ოდენობა სწორადაა განსაზღვრული გასაჩივრებული განჩინებით და იგი შეადგენს იმ წილის ნახევარს, რაც მეუღლეს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა, ანუ 1/4-ს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი არ იყო, მხარეს წარმოედგინა მტკიცებულება იმისა, რომ ბ. რ-ა დაეუფლა თავისი მეუღლის ქონებას. ბ. რ-ა ამ შემთხვევაში წარმოადგენდა სადავო ბინის თანამესაკუთრეს. სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლებაში მოიაზრება ნივთის ფლობისა და სარგებლობის უფლებაც. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, პირმა არ ისარგებლოს თავისი ნივთით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, ისარგებლებდა თუ არა სადავო ბინით ბ. რ-ა, იგი წარმოადგენდა ბინის მფლობელს და მას, სკ-ს 155-ე მუხლის საფუძველზე, წარმოშობილი ჰქონდა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბ. რ-ას სკ-ს 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიღებული ჰქონდა სამკვიდრო.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ნ. ი-მა გაუშვა სკ-ს 1450-ე მუხლით დადგენილი ორთვიანი ვადა, რადგან აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ მიუთითებს მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ორი თვით ადრე შეიტყო სათანადო საფუძვლების არსებობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.