საქმე N 080100120003488801
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1056აპ-22 1 თებერვალი, 2023 წელი
მ-ე ჯ., №1056აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით ჯ. მ–ე (რ–ს მოქალაქე, პირადი ნომერი ...............) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის მაისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), თ-ში, ქ.ს–ში, ი–ს სახელმწიფოს მოქალაქე ჯ. ყ. ლ–იი, რომელსაც სურდა ევროპის რომელიმე ქვეყანაში გამგზავრება, შეხვდა ჯ. მ–ს. ეს უკანასკნელი მას დაჰპირდა გამგზავრებაში დახმარებას და უთხრა, რომ გამოსაყენებლად მისცემდა სხვა პირის - ი–ს სახელმწიფოს მოქალაქის მონაცემებით დამზადებულ პასპორტს, რომლითაც უზრუნველყოფდა მასთან ერთად შეუფერხებლად საზღვრის გადაკვეთასა და მის ჩაყვანას ს–ში, საიდანაც ი–ს მოქალაქეზე გაცემული პასპორტით ჯ. ყ. ლ–იი გაემგზავრებოდა ი–ში. ამის შემდეგ ჯ. მ–მ ჯ. ყ. ლ–ის გადასცა ა. ქ. პ. ჰ–ს (A. C. P. H–E) სახელზე გაცემული ი–ს სახელმწიფოს ........... პასპორტი. მასში არსებულ ფოტოსურათზე გამოსახული მდედრობითი სქესის პირი ვიზუალურად ჰგავდა ჯ. ყ. ლ–ის. ასევე, კომუნიკაციის მიზნით ჯ. მ–მ ჯ. ყ. ლ–ის გადასცა „ჰუავეის“ მოდელის მობილური ტელეფონი და საკუთარი ხარჯით შეუძინა თ–თ-ს–ს თვითმფრინავის ავიარეისის ბილეთი. დაპირებისამებრ, ჯ. მ–ემ ჯ. ყ. ლ–ი 2019 წლის 5 მაისს ს–ი-თ–ს თვითმფრინავით თ–ს საერთაშორისო აეროპორტის გავლით ჩამოიყვანა ს–ში. ს–ში ჩამოსულმა ჯ. ყ. ლ–იმა აეროპორტში რეგისტრაცია გაიარა ჯ. მ–სგან მიღებული ა. ქ. პ. ჰ–ს(A. C. P. H–E) სახელზე გაცემული იტალიის სახელმწიფოს .......... პასპორტით. თ–ს საერთაშორისო აეროპორტიდან ჯ. მ–ეემ ჯ. ყ. ლ–ი ტაქსით მიიყვანა თ–ში, ერთ-ერთ სასტუმროში და საკუთარი ხარჯითვე უზრუნველყო მისი დაბინავება და კვება. მეორე დღეს ჯ. მ–ეემ ჯ. ყ. ლ–იი ტაქსით ჩაიყვანა ქ. ქ–ში და დააბინავა ერთ-ერთ სასტუმროში, რისი ხარჯების გადახდაც ასევე თვითონ უზრუნველყო. ამის შემდეგ ჯ. მ–მ შეუძინა და ჯ. ყ. ლ–ის გადასცა დ.აღმაშენებლის სახელობის ქ–ს საერთაშორისო აეროპორტიდან ი–ში, ქ. რ–ში გასამგზავრებელი ავიაბილეთი და ი–ში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად ასევე მისცა სხვა პირის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა (ე.წ. აიდი ბარათი), რომელშიც ჩაკრული იყო ჯ. ყ. ლ–ის ფოტოსურათი და რომელიც ი–ში ჩაფრენის შემდეგ უნდა წარედგინა მესაზღვრე-კონტროლიორისათვის. 2019 წლის 12 მაისს დ.ა–ს სახელობის ქ–ს საერთაშორისო აეროპორტში ჯ. ყ. ლ–იმა ვინმე ა. ქ. პ. ჰ–ს(A. C. P. H–E) სახელზე გაცემული ი–ს სახელმწიფოს .......... პასპორტის გამოყენებით გაიარა რეგისტრაცია, უკანონოდ გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი და გაფრინდა ი–ში, ქ.რ–ში, საიდანაც 2019 წლის 17 მაისს ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში მხილების გამო დეპორტაციით გამოამგზავრეს ს–ში.
1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. მ–მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. კ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. კასატორების არგუმენტები:
3.1. კასატორების პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ადვოკატის პოზიციით, ორივე სასამართლო ინსტანცია დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ ჯ. ყ. ლ–ს ჩვენებას, რაც გამოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით, ხოლო სხვა მტკიცებულება მსჯავრდებულის წინააღმდეგ ვერ მოიპოვეს. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ თავისი საქმე უპრეცედენტოა და დარღვეულია ყველა სამართლებრივი და საერთაშორისო ნორმა, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
4.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლების ფუნდამენტური არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.
4.4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დასჯადია ს–ს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის ს–ში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით, ყალბი საბუთის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია დადგენილი მმართველობის წესი, კერძოდ, სახელმწიფო საზღვრის კანონიერი გზითა და საშუალებით კვეთისათვის განსაზღვრული რეგულაციები, რაც სახელმწიფოთა თავისუფალი შეფასების ფარგლებში წესდება და, თავის მხრივ, მიზნად ისახავს სახელმწიფოში უკანონო მიმოსვლისა და ტრანსნაციონალური ხასიათის დანაშაულების პრევენციას. განსახილველი დანაშაულის დისპოზიცია საკმარისი ტერმინოლოგიური სიცხადით არის ჩამოყალიბებული და განჭვრეტადია ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყანაში ყოფნის უკანონო საფუძვლებთან მიმართებით დაწესებული სისხლისსამართლებრივი აკრძალვის მიმართ. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, წარდგენილი ბრალდების არსი შეესაბამება განსახილველი დანაშაულის კვალიფიკაციის სავალდებულო ნიშნებს, ხოლო ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ქმნის დანაშაულის დადგენისათვის საჭირო - გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულ ფაქტობრივ/მტკიცებულებით საფუძველს. დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი იყო ერთადერთი მტკიცებულება - მოწმე ჯ. ყ. ლ–ის ჩვენების სახით, ხოლო სხვა მტკიცებულებები არ ადასტურებენ ბრალდებას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ის სამართლებრივი საფუძველი, რასაც ემყარება ჯ. მ–ს მსჯავრდება, რამდენად შეესაბამება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და რამდენად პასუხობს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პირის მსჯავრდების მოთხოვნას.
4.5. სასამართლოებმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას იხელმძღვანელეს ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე ჯ. ყ. ლ–ს გამოკითხვის ოქმებითა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დეპონირებული ჩვენებით, მოწმეების: დ. ფ–ს, ი. გ–ს, გ. გ–ს, დ. მ–ს, ვ. წ–ს, მ. შ–ს, ჯ. ა–სა და გ. ვ–ს ჩვენებებით, ბრალდებულ ჯ. მ–ს ჩვენებით, მოწმეების: პ. პ–სა და კ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 17 მაისის ამოღების ოქმით, ექსპერტიზის N.... დასკვნით (ექსპერტ ს. ო–ს ჩვენებით), 2019 წლის 22 მაისის ამოღების ოქმით, რ–ს ინტერპოლიდან მიღებული წერილით, 2019 წლის 30 მაისის დათვალიერების ოქმით, კომპიუტერული ექსპერტიზის N.......... დასკვნით (ექსპერტ გ. შ–ს ჩვენებით), ...........ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების 2019 წლის 9 ივლისის დათვალიერების ოქმებით, ჯ. ყ. ლ–ის კუთვნილი „ჰუავეის“ მოდელის მობილური ტელეფონის 2019 წლის 12 ივლისის დათვალიერების ოქმით, ............ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერის 2019 წლის 2 სექტემბრის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 12 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციებით (ჯ. მ–სა და ა. ქ. ჰ–ს საზღვრის კვეთის შესახებ), თ–ს ავიახაზების 2019 წლის 17 სექტემბრის წერილით, 2019 წლის 4 ოქტომბერს სასტუმრო „პ-ს“ ელექტრონული რეგისტრაციის აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
4.6. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსი რელევანტურია და უშუალოდ მიემართება ბრალდების მტკიცების საგანს, ასევე ყველა მტკიცებულება, რასაც სასამართლოები დაეყრდნენ კანონით დადგენილი წესით არის მოპოვებული და ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა დასაბუთებული ეჭვი მათი ავთენტურობისა და უტყუარობის მიმართ. დაცვის მხარისათვის სადავო საკითხს წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მნიშვნელოვანი მტკიცებულების - მოწმე ჯ. ყ. ლ–ს ჩვენების უტყუარობა, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა საკმარისობა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
4.7. საკასაციო საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, რამდენად შეასრულა მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მტკიცების ტვირთი - მოწმე ჯ. ყ. ლ–ს ჩვენების გამოყენებისას სასამართლოთა მხრიდან კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის თაობაზე. როდესაც საკითხი ეხება მოწმის დეპონირებული ჩვენების გამოყენებას, უპირველესად სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამგვარი მტკიცებულების გამოყენების თავსებადობა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, ასევე იმ საპირწონე გარანტიების არსებობა, რაც ,,in absentia“ მოწმის ჩვენების გამოყენებისას სასამართლოებმა უნდა დაიცვან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებისას, სასამართლოებმა საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიონ ეჭვი მტკიცებულების სანდოობისა და დამაჯერებლობის მიმართ, ასევე უნდა უზრუნველყონ დაცვის მხარის უფლებების განუხრელი დაცვა. მართალია, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმე კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ვერ დაიკითხა, თუმცა სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ დაცვის მხარეს გააჩნდა შესაძლებლობა, ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში მიეღო მონაწილეობა აღნიშნული მტკიცებულების მოპოვებასა და გამოკვლევაში, ასევე სათანადო წესით შეწინააღმდეგებოდა მის გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ მოწმე ჯ. ყ. ლ–ი დაიკითხა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (მხარეთა შეჯიბრებითი პროცესის პირობებში), რა დროსაც დაცვის მხარეს გააჩნდა მოწმის ჯვარედინი დაკითხვისა და დაცვის სტრატეგიის შესაბამისი კითხვების დასმის შესაძლებლობა. საქმის არსებითი განხილვისას არსებობდა ასევე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი მოწმის დეპონირებული ჩვენების გამოსაყენებლად, ხოლო პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა საკმარისი გულმოდგინებით შეისწავლეს მოწმის ჩვენების სანდოობის მიმართ დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი საკითხები, რასაც სასამართლომ დასაბუთებული განაჩენით ამომწურავი პასუხები გასცა. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯ. ყ. ლ–მა 2019 წლის 12 მაისს, .........ის სახელობის ქ–ს საერთაშორისო აეროპორტში წარადგინა ი–ს მოქალაქის სახელზე გაცემული პასპორტი, რომლის გამოყენებით გაიარა რეგისტრაცია და უკანონოდ გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი, დასტურდება საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციებითა და მოწმეთა: კ. ბ–ს, პ. პ–ს, ი. გ–სა და დ. ფ–ს ჩვენებებით, რომელთა შინაარსთანაც სრულად თანხვდენილია მოწმე ლ. ყ. ლ–ს ჩვენება. გარდა ამისა, ის გარემოებები, რომ ჯ. ყ. ლ–ი და ჯ. მ–ე აეროპორტიდან გაემგზავრნენ თ–ს ერთ-ერთ სასტუმროში და მგზავრობის ღირებულება გადაიხადა ჯ. მ–მ, დასტურდება აეროპორტის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით, მოწმეების - გ. ვ–სა და ჯ. ა–ს ჩვენებებითა და სასტუმრო „.......ას“ ელექტრონული რეგისტრაციის აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 12 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ჯ. ყ. ლ–იმა ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამოიცნო ჯ. მ–ეე და აღნიშნა, რომ ჯ. მ–ეე იყო პირი, რომელიც 2019 წლის მაისში ქალაქ ს–ში გაიცნო და რომელიც მას დაეხმარა ი–ს რესპუბლიკის პასპორტით, რომელიც გაცემული იყო ვინმე A. C. P. H–E სახელსა და გვარზე, გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამდენად, დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ მოწმე ჯ. ყ. ლ–ის ჩვენება გამოგონილია და სასამართლოს არ გააჩნდა მისი გაზიარების სამართლებრივი საფუძველი, დაუსაბუთებელია და არ წარმოშობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას. საგულისხმოა, რომ განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ მოწმე ჯ. ყ. ლ–ის ჩვენებას, არამედ - სხვა, ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებებს. სასამართლოებმა სწორად არ გაიზიარეს ბრალდებულის არგუმენტაცია, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა ჯ. ყ. ლ–ის მიერ ი–ს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის ფლობის შესახებ და აღნიშნული მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაიგო, რამდენადაც ჯ. ყ. ლ–ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით - ფოტოსურათით, რომელიც გადაღებულია 2019 წლის 4 მაისს, ს–ში ყოფნის დროს, ჯ. მ–ს წინ უდევს ა. ქ. პ. ჰ–ს გადაშლილი პასპორტი, რომელსაც მობილური ტელეფონით უღებს ფოტოს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ჯ. მ–ს სახელზე თ–ს ავიახაზების ბილეთი დაჯავშნილი/შეძენილია ერთსა და იმავე დროს და ერთი და იმავე ათენის ონლაინ სააგენტოს მეშვეობით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ბრალდებულის ჩვენების სარწმუნოობას ა. ქ. ჰ–ს პასპორტის შესახებ ინფორმაციის არქონის თაობაზე და მეტ დამაჯერებელობას ჰმატებს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მოწმობენ ჯ. მ–ს მიერ დანაშაულის ჩადენას.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის საფუძველს - სასამართლოთა მიერ საპროცესო/ მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის თაობაზე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი, რაზეც დაცვის მხარე მიუთითებს, ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე