Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-48-749-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: კომლის წევრად ცნობა და წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. და თ. დ-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მამაპაპისეული კარმიდამოდან მარტვილის რაიონის სოფ. .... კუთვნილი წილის 2/3 გამოყოფა, გაწეული ხარჯების ანაზღურება ან კომპენსაციის 20 000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: მათი მამა ვ. დ-ა სწავლობდა და მუშაობდა ქუთაისში, სადაც დაოჯახდა, მაგრამ როგორც სამამულო ომის ინვალიდი ინარჩუნებდა სოფ.ში კარმიდამოს და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. 1960 წელს მათმა მშობლებმა სოფ.ში ააშენეს ახალი სახლი. 1974 წელს გარდაეცვალათ დედა. 1973 წელს მამამ ვ. სოფ.ში მომვლელად მოიყვანა 27 წლით მასზე უმცროსი მ. მ-ა. 1982 წელს მ. მ-ამ მათგან ფარულად მამას ააყვანინა ბავშვი ნინო. მამა და მ. მ-ა პირდებოდნენ, რომ ნ. გაიზრდებოდა, გათხოვდებოდა და ოჯახი ძმებს დარჩებოდათ. ისინი ყოველმხრივ ეხმარებოდნენ მამას, ასრულებდნენ ყველა სამუშაოს სოფ.ში, გააკეთეს ჭა, შეარემონტეს ავარიული სახლი, რის გამოც მოითხოვეს 2/3 წილის გამოყოფა, გაწეული ხარჯების ანაზღაურება ან კომპენსაციის გადახდა. მ. მ-ამ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეთა მამა განქორწინებული იყო მეუღლესთან 1972 წელს იქორწინა მასზე და საცხოვრებლად გადავიდა სოფ. .... ისინი ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას, იყვნენ კომლის წევრები, ყველაფერი რაც კი შექმნილი აქვთ და დღეს სადავოდ არის გამხდარი, მისი და ვ. დ-ას ერთიანი შრომის შედეგია. ამჟამად ვ. დ-ა გარდაცვლილია, სახლი და მთელი ქონება მ. მ-ას სახელზე ირიცხება. მოსარჩელეები არასოდეს ყოფილან ვ. დ-ას კომლის წევრები. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი და თ. დ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს გ. და თ. დ-ებმა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს მოსარჩელეებმა შეცვალეს დავის საგანი და მოითხოვეს კომლის წევრად ცნობა და კომლიდან წილის გამოყოფა შემდეგი საფუძვლით: სოფ. .... მდებარე სადავო კომლის უფროსად ირიცხებოდა მათი მამა – ვ. დ-ა; 1957 წლამდე თვითონაც ჩაწერილ იყვნენ მამის კომლში, შემდეგ წლების განმავლობაში სამსახურეობრივი საქმიანობის გამო ცხოვრობდნენ კომლის გარეთ, კერძოდ, ქუთაისში, მამის – ვ. დ-ას სახელზე რიცხულ სახლში, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მათ და მამამისს ქონება არასოდეს გაუყვიათ და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ როგორც სოფლად, ისე ქალაქად. მამა _ ვ. დ-ა იყო შრომის უუნარო პირველი ჯგუფის ინვალიდი, ასევე დაბადებიდან ინვალიდია მ. მ-ა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, კომლის ქონების შემქმნელი და გამაძლიერებლები თვითონ იყვნენ.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. გ. და თ. დ-ებს სარჩელზე მ. მ-ას კომლის წევრად ცნობისა და წილის გამოყოფის შესახებ ეთქვა უარი ეთქვა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები ძმები გ. და თ. დ-ები არასოდეს ყოფილან რეგისტრირებული მათი მამის, ვ. დ-ას, ხოლო შემდეგ მ. მ-ას კომლის წევრებად. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუდმივად ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ქ.ქუთაისში. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები სისტემატურ დახმარებას უწევდნენ, როგორც მოხუც მამას, ისე კომლში მცხოვრებ დანარჩენ წევრებს, მაგრამ ეს არ ჩათვალა საკმარის მტკიცებად მათი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, რადგან გ. და თ. დ-ებს არასოდეს უცხოვრიათ არც ვ. დ-ას და არც მ. მ-ას კომლში. დავის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა 1964წ. რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რადგან ჩათვალა, რომ უფლებები, რომელსაც მხარეები სადავოდ ხდიან აღნიშნული კოდექსის მოქმედების დროს წარმოიშვა და სარჩელი არ დააკმაყოფილა აღნიშნული კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლების თანახმად.

სააპელაციო საამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ. და გ. დ-ებმა, რომლითაც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები (1964წ. რედაქციით) სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლების გამოყენების დროს, რადგან ამ მუხლების ნორმის ჩარჩოები გამოიყენა არასწორი განმარტებისათვის და არასწორი შეფასება მისცა მათი ნების გამოხატულებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქციით) მუხლები, რადგან აღნიშნული კოდექსის მუხლები ეხება საკოლმეურნეო კომლიდან წილის გამოყოფას. დადგენილია და არც მოპასუხე მოწერელია უარყოფს, რომ სოფ. .... 1993 წლიდან გაუქმებულია კოლმეურნეობა, ამდენად მოწერელიას კომლი არ შეიძლება ჩაითვალოს საკოლმეურნეო კომლად და სარჩელის უარყოფის საფუძვლად საკოლმეურნეო კომლის წევრების მიმართ კანონით წაყენებული პრეტენზიების მოსარჩელეების მიმართ გამოყენება არასწორია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჯერ კიდევ მამის, ვ. დ-ას სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაც სადავო კომლის ქონების შეძენა-გაუმჯობესებაში, მაგრამ ჩათალა, რომ აღნიშნული საკმარისი არ არის მათი კომლის წევრად ცნობისათვის, რადგან ისინი არ იყვნენ კომლის მეურნეობის ყოფილი წევრები და სადავო კომლში რეგისტრირებული არასოდეს ყოფილან. პალატა თვლის, რომ რადგან საკოლმეურნეო კომლი აღარ არსებობს, კომლის წევრების რეგისტრაციის იმ წესის გამოყენება მოსარჩელეების მიმართ რაც საკოლმეურნეო კომლისათვის იყო დადგენილი არასწორია. აღსანიშნავია, რომ 2003წ. 20 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, რომლის მე-4 მუხლში მოცემულია კომლის განმარტება; საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს მ. მ-ას სადავო კომლი პასუხობს თუ არა აღნიშნული კანონის მე-4, მე-5 მუხლების მოთხოვნებს და ამის მიხედვით უნდა იმსჯელოს მოსარჩელეთა სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. და გ. დ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.