¹ ას-488-1172-03 4 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ... არსებული ბინიდან თავისი წილის გამოთხოვა გ.მ-ის უკანონო მფლობელობიდან, მორალური ზიანის ანაზღაურება და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 1981წ. 23 სექტემბრიდან შვილთან – კ.ჩ-ესთან ერთად ცხოვრობდა ზემოთ მითითებულ მისამართზე. 2000წ. 11 აპრილს მოხდა ბინის პრივატიზაცია. ბინის ნაწილი წარმოადგენს მის საკუთრებას. როგორც ნ. ჩ-ე მიუთითებს, 2001წ. აგვისტოში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით იგი გამოსახლებულია მისი ბინიდან, რომელიც საკუთრებაში გადაეცა მისთვის უცნობ გ. მ-ს, ხოლო შემდეგ ე.ხ-ეს. მოსარჩელე ბინიდან გამოსახლებას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მისი განმარტებით ბინა მას არ გაუყიდია და არც იპოთეკით დაუტვირთავს. მისმა შვილმა გ. მ-ისაგან ისესხა 3500 აშშ დოლარი, რის გამოც იპოთეკით დატვირთა საცხოვრებელი სახლის თავისი გამოყოფილი ნაწილი, ხოლო მისი ნაწილი დარჩა მისივე განკარგულებაში. მოსარჩელე თვლის, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნ. ჩ-ეს მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ე-ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ კ. ჩ-ის მიერ გ. მ-ისაგან ნასესხები 3500 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი სამოთახიანი ბინა, მდებარე ... ქ.ქუთაისში. ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა იპოთეკით ბინის დატვირთვის თაობაზე. ამიტომ სასამართლომ ხელშეკრულება მიიჩნია კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებულად.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ჩ-ე-ჩ-ის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას თანხმობა განაცხადა მხოლოდ მისი შვილის ქონების წილის იპოთეკით დატვირთვაზე და არა თავის წილზე. ამიტომ მან არ შეიძლება პასუხი აგოს თავისი შვილის ვალდებულებებზე. ამასთან, აპელანტის აზრით, არც ნოტარიუსს და არც მის შვილს არ ჰქონდათ უფლება მისი თანხმობის გარეშე განეკარგათ მისი საკუთრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.ჩ-ე-ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 12 აპრილს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება.
ამავე სასამართლოს 2002წ. 21 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. მ-ის საჩივარი და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სსკ-ს 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. მ-ის საკასაციო საჩივარი, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა კანონის იმპერატიული მოთხოვნა სსკ-ს 230-ე მუხლის საფუძველზე შეემოწმებინა იურიდიულად რამდენად ამართლებდა სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო სასამართლოს განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 3 ივლისს მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჩ-ე-ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხეების სააღსრულებო ბიუროს, ე.ხ-ის, გ.მ-ის, კ.ჩ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოთხოვნის არარსებობის გამო. ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს თ. მ-ის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ნ. ჩ-ე-ჩ-ის წარმომადგენელმა მ. გ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისმა მარწმუნებელმა იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას თანხმობა განაცხადა მხოლოდ თავისი შვილის წილი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე, რაც დასტურდება მისივე ხელწერილით. სასამართლომ მიუთითა იმის თაობაზე, თუ ვინ მონაწილეობდა პროცესში _ ნოტარიუსი თუ მისი წარმომადგენელი, ვინ იგულისხმებოდა მეორე მხარედ. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა აპელანტის მოსაზრება, რომ იგი ვერ გაერკვა თუ რაზე აწერდა ხელს. კასატორის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უნდა აესახა ნ.ჩ-ის მიერ შემცირებული მოთხოვნის თაობაზე, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში სადავოდ არავის გაუხდია. კასატორის განმარტებით, კ. ჩ-ის საკუთრების უფლება სადავო ბინაზე, სადავოდ არ გაუხდიათ, არამედ მათი მტკიცებით კ. ჩ-ე იპოთეკით დატვირთა მხოლოდ თავისი წილი. ამასთან, სკ-ს 183-ე მუხლის საფუძველზე ნოტარიუსი ვალდებული იყო მოეთხოვა მესაკუთრესთან მცხოვრებ პირთა თანხმობა, რადგან იპოთეკა იგივე გირავნობის ხელშეკრულებაა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია ის გარემოება, რომ კ. ჩ-ემ გ. მ-ისაგან ისესხა 3500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, თვეში 10%-ის სარგებლით. აღნიშნული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად კ. ჩ-ემ იპოთეკით დატვირთა თავისი საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილი მდებარე ... ქ.ქუთაისში. იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ თითქოს კ. ჩ-ემ იპოთეკით დატვირთა საცხოვრებელი სახლის მხოლოდ თავისი წილი. სკ-ს 52-ე მუხლის საფუძველზე ნების განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან.
საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ კ. ჩ-ემ იპოთეკის ხელშეკრულებით მართლაც დატვირთა კუთვნილი სახლის გამოყოფილი ნაწილი, მაგრამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კ. ჩ-ეს ცალკე რაიმე სახით გამოყოფილი ჰქონდა წილი სადავო ბინიდან. 2000წ. 19 თებერვალს სადავო ბინის პრივატიზაციით კ. ჩ-ეს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე .... ნ. ჩ-ეს ბინის პრივატიზაციის დროს თავისი უფლება, მიეღო საკუთრებაში ბინის წილი, არ განუხორციელებია და არც პრეტენზია გამოუთქვამს ამის თაობაზე. ქ.ქუთაისის სანოტარო ბიუროსათვის მიმართულ მის განცხადებაში მითითებულია, რომ იგი თანახმაა კ. ჩ-ემ იპოთეკით დატვირთოს მისი კუთვნილი ბინა, მდებარე ... ქ.ქუთაისში. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ჩ-ისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო ბინის მესაკუთრედ თვითონ არ იყო რეგისტრირებული, განცხადებით დაადასტურა თანხმობა მისი შვილის საკუთრებაში არსებული ბინის იპოთეკით დატვირთვის შესახებ.
სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 1993წ. 19 თებერვალს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით კ. ჩ-ეზე აღირიცხა ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სამოთახიანი ბინა 45კვ.მ. საცხოვრებელი ფართითა და დამხმარე ფართით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბინა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ბინის ფართზე წილობრივი მონაცემების გრაფა შეუვსებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ ფართზე საკუთრების უფლება წარმოეშვა მხოლოდ კ. ჩ-ეს. ამდენად, ნ. ჩ-ის განცხადება დასტურია იმისა, რომ თანხმობა განაცხადა იმ საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვაზე, სადაც ცხოვრობდა თვითონ. სკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამიტომ ის გარემოება, რომ თითქოს ნ. ჩ-ე-ჩ-ე ვერ აცნობიერებდა იმას, რომ ნოტარიუსთან წარმოდგენილი განცხადებით იგი დაეთანხმა მთლიანი ბინის იპოთეკით დატვირთვის ფაქტს, არ შეიძლება გახდეს კანონის გამოუყენებლობის საფუძველი.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატა გაცდა სსკ-ს 377-ე მუხლით დადგენილ გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს და იმსჯელა იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უნდა ასახულიყო სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ბიუროში, ე.ხ-ის, გ.მ-ის, კ.ჩ-ის მიმართ, ვინაიდან აპელანტი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ამ თვალსაზრისით არ ასაჩივრებდა, მაგრამ ვინაიდან აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მთლიანი გადაწყვეტილების გაუქმებას, სასამართლო უფლებამოსილი იყო სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე შეეწყვიტა საქმის წარმოება ზემოთ მითითებულ პირთა მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ე-ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ, სასარჩელო წარმოება სააღსრულებო ბიუროს, ე.ხ-ის, მ-ისა და ა.ჩ-ის მიმართ უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ნ. ჩ-ე-ჩ-ის წარმომადგენელ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილების მოპასუხეების სააღსრულებო ბიუროს, ე.ხ-ის, გ.მ-ის და კ.ჩ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე წარმოებით შეწყდეს.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.