გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-490-1174-03 12 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: საბანკო კრედიტის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “თ. ბ.” სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში და მიუთითა, რომ 2001წ. 17 სექტემბერს სს “თ. ბ.” ფოთის ფილიალსა და შპს “ს.” შორის დაიდო ¹529 ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით მომსახურებაზე, რომლის საფუძველზეც 2001წ. 17 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ¹529-9 და შპს “ს.” მიიღო საბანკო კრედიტი 40000 აშშ დოლარის ოდენობით 7 თვის ვადით წლიური 3 % სარგებლის დარიცხვით.
კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. გრაფიკით დადგენილ ვადაში კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების თანხების დაუბრუნებლობის შემთხვევაში მითითებულ თანხას დაერიცხებოდა დავალიანების საერთო თანხის 0,2%.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა სს “თ. ბ.” ფოთის ფილიალსა და დ. ს-ას შორის 2001წ. 17 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, ბანკსა და ნ. თ-ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, სს “თ. ბ.” ფოთის ფილიალსა და შპს “ს.” შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულებით. ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებების გარდა 2001წ. 17 სექტემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, შპს “ა.” და მოქალაქეებმა _ დ. ს-ამ, ტ. ქ-ამ იკისრეს ვალდებულება მთელი თავისი ქონებით სოლიდარულად აგონ პასუხი შპს “ს.” ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
მსესხებელმა ორჯერ დაარღვია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, რის გამოც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის და სკ-ს 873-ე მუხლის შესაბამისად, 2001წ. 16 აპრილს მოპასუხე წერილობით გაფრთხილებულ იქნა და დამატებით მიეცა ვადა დავალიანების დასაფარად. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არ დაფარა დავალიანება.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 43612 აშშ დოლარის დაკისრება: ძირითადი თანხა – 34699 აშშ დოლარი, პროცენტი 2800 აშშ დოლარი და ჯარიმა 6032 აშშ დოლარი. ასევე, მოითხოვა დავალიანების დასაფარად გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საგნების საჯარო აუქციონზე რეალიზაცია, ზღვევინების მიქცევა შპს “ა.” და მოქალაქეების _ დ. ს-ას, ტ. ქ-ას მთელ ქონებაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “თ. ბ.” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს “ს.” მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 34699,41 აშშ დოლარი და პროცენტი 2880,53 აშშ დოლარი დავალიანების დასაფარად. დადგინდა ტ. ქ-ას იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის, მასზე მდებარე ნაგებობებისა და საჯარო აუქციონზე რეალიზაცია, შპს “ს.” საკუთრებაში არსებული თხილის სამტვრევი აგრეგატის საჯარო აუქციონზე რეალიზაცია, ზღვევინება შპს “ა.” მფლობელების _ დ. ს-ასა და ტ. ქ-ას მთელ ქონებაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს ,,თ. ბ.”, ტ. ქ-ამ, შპს “ს.”, შპს “ა.”, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. ტ. ქ-ამ, შპს “ს.” და შპს “ა.” მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოში შპს “ს.”, შპს “ა.”, ნ. თ-ემ და ტ. ქ-ამ შეიტანეს შეგებებული სარჩელები.
შპს “ს.” შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2001წ. 17 სექტემბრის თავდებობის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
შპს “ა.” შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2001წ. 17 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ნ. თ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2001წ. 24 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო ტ. ქ-ამ 2001წ. 17 სექტემბრის იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ს., შპს “ა.”, ნ. თ-ისა და ტ. ქ-ას შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეუკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, “მსესხებელს” შეუძლია საკრედიტო ხაზის ვადისა და საერთო თანხის ფარგლებში მიიღოს საკრედიტო რესურსები ისე, რომ ჯამურმა დავალიანებამ ბანკის მიმართ არ გადააჭარბოს საკრედიტო ხაზის მთლიან მოცულობას, ანუ 40000 აშშ დოლარს. ამავე ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, “მსესხებლის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ან მის საფუძველზე დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ან, თუ ბანკი მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსესხებლისათვის შემდგომი კრედიტის გაცემას, ბანკი იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში აღნიშნული ნებისმიერი პირობების მიუხედავად, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს თანხის გაცემის ნებისმიერ მოთხოვნაზე ამ ხელშეკრულების მიზნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სს “თ. ბ.” მოთხოვნა დავალიანების დასაფარავად იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების საგნების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შესახებ კანონიერია.
სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია 2001წ. 24 სექტემბერს მოქალაქე ნ. თ-ესა და სს “თ. ბ.” შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების საგნის საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნა, რადგან აღნიშნული ქონება, როგორც მხარეთა განმარტებებით და საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ირკვევა, იპოთეკით დაიტვირთა ¹529 ხელშეკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული დამატებით 30000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, რაც არ გაცემულა.
სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც, რომ მოთხოვნა შპს “ს-ე” საჯარიმო თანხის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან როგორც 529 ხელშეკრულებით ირკვევა, თხილის ნედლეულის შესაძენად და საბოლოო მიზნის მისაღწევად მხარისათვის საჭირო იყო 70000 აშშ დოლარი, რასაც საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ითვალისწინებდა და არ იყო საკმარისი მხოლოდ გაცემული 40000 აშშ დოლარი, რომლის თანხის მიუღებლობის გამო შპს “ს.” ფაქტობრივად მართლაც განიცადა გარკვეული ზიანი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა მიუთითებს, რომ შპს “ს.” ჰქონდა იმაზე გაცილებით მეტი თანხა, რაც მას ესაჭიროებოდა კონტრაქტის შესასრულებლად.
გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “თ. ბ.”. კასატორი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა. შპს “ს.” 2001წ. 17 სექტემბერს სს “თ. ბ.” ფოთის ფილიალთან დადებული ¹529-9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, “უხდის ბანკს ჯარიმას მთელი დავალიანების თანხის 0,2% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე”. ამ სახელშეკრულებო პირობიდან გამომდინარე, შპს “ს.” ვალდებულია, გადაუხადოს “ბანკს” ჯარიმა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის.
ასევე, უსაფუძვლო და უკანონოა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს იპოთეკით დატვირთული ნ. თ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის საჯარო აუქციონზე რეალიზაციაზე, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სკ-ს 287-ე მუხლის თანახმად, “თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით, მაშინ საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია სურვილისამებრ მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს. კასატორი მოითხოვს, შეიცვალოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ს.”, შპს “ა.”, დ. ს-ამ, ტ. ქ-ამ, ნ. თ-ემ. კასატორები მიუთითებენ, რომ მას შემდეგ, რაც 2001წ. 17 სექტემბერს ბანკსა და შპს “ს.” შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 70000 აშშ დოლარზე, ყველამ, ვინც ბანკთან გააფორმა სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულებები, იცოდა, რომ ბანკს შპს “ს.” უნდა მიეცა 70000 აშშ დოლარი, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული. ბანკმა 2001წ. 17 სექტემბერს შპს “ს-ისთან” გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება და საკრედიტო ხაზის ფარგლებში გამოყო 40000 აშშ დოლარი. დანარჩენი 30000 აშშ დოლარის გამოყოფაზე ბანკმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ 30000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად 2001წ. 24 სექტემბერს დამატებით იპოთეკით დაიტვირთა ნ. თოფურიძის საცხოვრებელი ბინა თბილისში.
ბანკმა მოატყუა ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საკრედიტო ურთიერთობებში, რის გამოც სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო გირავნობის, იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებები.
სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბანკს ერთხელაც არ გაუგზავნია შეტყობინება თავდებისათვის მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რაც მას ევალებოდა სკ-ს 899-902-ე მუხლების შესაბამისად, ბანკმა იგნორირება გაუკეთა კანონის მოთხოვნებს.
კასატორები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, “მსესხებელს” შეუძლია საკრედიტო ხაზის ვადისა და საერთო თანხის ფარგლებში მიიღოს საკრედიტო რესურსები ისე, რომ ჯამურმა დავალიანებამ ბანკის მიმართ არ გადააჭარბოს საკრედიტო ხაზის მთლიან მოცულობას, ანუ 40000 აშშ დოლარს. ამავე ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ან მის საფუძველზე დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში ან, თუ ბანკი მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსესხებლისათვის შემდგომი კრედიტის გაცემას, ბანკი იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებაში აღნიშნული ნებისმიერი პირობის მიუხედავად, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს თანხის გაცემის ნებისმიერ მოთხოვნაზე ამ ხელშეკრულების მიზნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში. 7.2 პუნქტის თანახმად კი “მსესხებლის მიერ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა (ან შეუსაბამობა ამ ხელშეკრულების პირობებთან) ანიჭებს ბანკს უფლებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს დაკმაყოფილება წინამდებარე ხელშეკრულების 7.1 პუნქტში აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების საგნიდან. ხელშეკრულების 8.3 მუხლის თანახმად, “მსესხებლის” მიერ საკრედიტო ხაზისა და მის ფარგლებში გაცემული თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება და მოითხოვოს “მსესხებლის” მიერ უკვე ათვისებული თანხების დაბრუნება მათზე დარიცხულ პროცენტებთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის მიერ არ იქნება დაბრუნებული კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები, ბანკი უფლებამოსილია, აამოქმედოს იპოთეკისა და გირავნობის ობიექტზე თავისი უფლებები.
სკ-ს 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პუნქტები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს შემდეგ გარემოებაზე _ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბანკის ვალდებულება, გაეცა კრედიტი შპს “ს-ზე”, ბანკს ასევე აქვს უფლება შეწყვიტოს შემდგომი თანხების გაცემა მსესხებელზე, ვიდრე არ იქნება დაფარული ბანკიდან გატანილი კრედიტი. ეს უფლება ბანკმა კანონის შესაბამისად, გამოიყენა და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება, რადგან შპს “ს-მ” გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას.
საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად სესხის სრული თანხის 70 000 აშშ დოლარის გაცემა დამოკიდებულია, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ეს ბანკს. ამასთან, შეგებებული სარჩელის ავტორები ვერ მიუთითებენ რაიმე წერილობით მტკიცებულებაზე, რომელიც მიუთითებს, რომ მსესხებელი ითხოვდა დარჩენილი 30 000 აშშ დოლარის გაცემას, რაც არ იქნა გაცემული.
საკასაციო საჩივრის ავტორები ვერ მიუთითებენ კანონით გათვალისწინებულ ვერც ერთ საფუძველზე, რომელიც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
შესაბამისად, დაუსაბუთებელია შეგებებული სარჩელის ავტორთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა “თ. ბ.” სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია 2001წ. 24 სექტემბერს მოქალაქე ნ. თ-ესა და სს “თ. ბ.” შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების საგნის საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნა, რადგან აღნიშნული ქონება, როგორც მხარეთა განმარტებებით და ¹529-ე საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ირკვევა, იპოთეკით დაიტვირთა ¹529 ხელშეკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი 30000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, რაც ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების გათვალისწინებით, შპს “ს-იზე” არ გაცემულა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს იმ მტკიცებულებაზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა.
საკრედიტო ხაზით მომსახურებაზე ¹520 ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ბანკსა და ნ. თ-ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება მოხსენიებულია იმ ხელშეკრულებებს შორის, რომლითაც განხორციელდა გაცემული კრედიტის უზრუნველყოფა. დაუსაბუთებელია, ერთმანეთისაგან რა ნიშნით მიჯნავს სასამართლო აღნიშნულ ხელშეკრულებებს.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნებიდან გამომდინარე, მოვალემ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის დაბრუნების ვადას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა შპს “ს-ისათვის” ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მასალები და შესაბამისი შეფასება მიეცეს მათ ლოგიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,ს-ის”, შპს ,,ა-ის”, ტ. ქ-ას, დ. ს-ას, ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება სს “თ. ბ.” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.