საქმე N 330100120003724753
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1165აპ-22 24 თებერვალი, 2023 წელი
ჩ–ი ჯ., №1165აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიასა და მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - თ. ე–სა და გ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის განაჩენით ჯ. ჩ–სი (პირადი N...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 260 (ორას სამოცი) საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დროის (2020 წლის 7 მაისიდან 2020 წლის 8 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათით.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ჩ–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 6 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რ, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ჯ. ჩ–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ. ა–ზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი, მოქაჩა თმა, თავში ჩაარტყა ტელეფონი, რა დროსაც თ. ა–მ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ა. და ა. ჩ–ები.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ადვოკატმა თ. ე–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ასევე - პროკურორმა მიხეილ ქირიამ, რომელმაც მოითხოვა ჯ. ჩ–სთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. 2022 წლის 10 ნოემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ჯ. ჩ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. 2022 წლის 14 ნოემბერს ადვოკატმა თ. ე–მა, ხოლო 2022 წლის 15 ნოემბერს ადვოკატმა გ. ბ–მა საკასაციო საჩივრებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. კასატორების არგუმენტები:
3.1. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ჯ. ჩ–სთვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, კერძოდ, სასამართლოებმა სასჯელის შეფასებისას არ გაითვალისწინეს ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი, მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე, დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით და ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა არ აღიარა ჩადენილი დანაშაული.
3.2. ადვოკატ თ. ე-ს მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია, კერძოდ, განაჩენი გამოტანილია დაინტერესებული მხარის, დაზარალებულ თ. ა–სა და მისი ოჯახის წევრების - გ. ა–ს, თ. ჯ–სა და ნ. ბ–ს ჩვენებებზე დაყრდნობით, რომლებიც არ ყოფილან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები. იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებული თ. ა–ე ცრუობს და დაინტერესებული მხარეა, დაცვის მხარემ საკასაციო საჩივარში ვრცლად მიმოიხილა თ. ა–მისა და ჯ. ჩ–ს თანაცხოვრების კონფლიქტური სიტუაციები და აღნიშნა, რომ დაზარალებულ თ. ა–ს მიკერძოებულობის ძირითადი მოტივი ეჭვიანობაა. უშუალოდ შემთხვევის დღესთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ განმარტა, რომ 2020 წლის 6 მაისს კონფლიქტის საფუძველი იყო ჯ. ჩ–ს გადაწყვეტილება, დაშორებოდა მეუღლეს. ამ ინფორმაციის მიღებისას თ. ა–მ დაიწყო ყვირილი, ავტომანქანის გასაღებით მივარდა ჯ. ჩ–ს, სახესა და გულ-მკერდის არეში მთელი ძალით ურტყამდა ბლაგვ საგანს. მსჯავრდებული ცდილობდა თავის დაცვას, მან გაჩერების მიზნით თ. ა–ს ხელზე ხელი მოჰკიდა, რა დროსაც თ. ა–ე შეეცადა მისთვის წიხლის ამორტყმას, თუმცა მოგერიების შედეგად თ. ა–მ ფეხი ფეხში ჩაარტყა, რის გამოც მას მიადგა დაზიანებები, განიცადა ტკივილი და ჰქონდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნულის შემდეგ თ–მა დაურეკა რძალს, უამბო კონფლიქტის შესახებ და სთხოვა სახლში მისვლა, ხოლო მომხდარი ისე გადასცა ნათესავებს, რომ თითქოს, ჯ. ჩ–ი იყო მოძალადე. დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულის ჩვენების არასანდოობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ექიმი ნ. მ–ე დაკითხვისას არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც აღწერილია თ. ა–ს ის დაზიანებები, რომლებზეც დაზარალებულს გამოკითხვისას ან სასამართლოში დაკითხვისას არ მიუთითებია, აგრეთვე ამის თაობაზე არ განუცხადებია სასწრაფო დახმარების ექიმისათვის და არც ექიმ ნ. მ–სთვის, რომელმაც ის პირველად დაათვალიერა. დაცვის მხარის მოსაზრებით, თ. ა–მ ხელებსა და ფეხზე არსებული სილურჯეები, სავარაუდოდ, მიიღო იმ მომენტში, როდესაც იგი გამეტებით ურტყამდა ჯ. ჩ–ს, რა დროსაც მსჯავრდებული თავდაცვის მიზნით მას ხელებზე ხელის ჩაჭიდებით აკავებდა, ხოლო ქვედა კიდურზე მიყენებული დაზიანება, სავარაუდოდ, მიყენებულია ჯ. ჩ–სთვის წიხლის დარტყმის მცდელობისას ფეხის ფეხზე ჩარტყმის დროს. ადვოკატის მოსაზრებით, დაზარალებულის ჩვენების არადამაჯერებლობაზე მეტყველებს ისიც, რომ თ. ა–მ სასამართლო სხდომაზე გაიხსენა ისეთი ფაქტები, რაზეც არ უსაუბრია გამოკითხვის დროს. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ საქმეზე არ ჩატარებულა ობიექტური, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიება, რასაც ადასტურებს დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებები, კერძოდ, არცერთ გამომძიებელს არ აქვს კითხვაზე პასუხი, მჯავრდებულს რატომ არ ჩაუტარდა ექსპერტიზა მაშინ, როდესაც დაზიანებებზე დაკავების ოქმშიც კი არის მითითებული, ასევე, არ აქვთ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ დაიკითხა მსჯავრდებულის მშობლები. აღსანიშნავია, რომ თ. ა–ს მიერ ჯ. ჩ–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ხოლო სასამართლოში წარდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია იმ დაზიანებებზე, რაც აღენიშნებოდა ჯ. ჩ–ს.
3.3. დაზარალებულის ჩვენების არასანდოობასა და მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე მიუთითებს ადვოკატი გ. ბ–ც თავის საკასაციო საჩივარში, რომელიც ასევე დამატებით აპელირებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც, მისი აზრით საეჭვოა, რადგან იგი სასამართლოში წარადგინეს საქმის განხილვის დაწყებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. ჩ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.
4.3. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოს, ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (დაზარალებულ თ. ა–მის, მოწმეების - თ. ჯ–ს, ნ. ბ–ს, გ. ა–ს, ნ. მ–სა და ქ. ბ–ს ჩვენებებს, დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმს, .......... ჰოსპიტლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
4.4. როგორც დაზარალებულმა თ. ა–მ მიუთითა, 2020 წლის 6 მაისს ჯ. ჩ–მა, მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მასზე იძალადა, კერძოდ, თმით ათრია, ასევე თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და მობილური ტელეფონი. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, მის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობას ადასტურებენ ასევე მისი ოჯახის წევრები - ძმა, რძალი, დედა, რომლებიც უშუალოდ ძალადობრივ ფაქტს არ შესწრებიან, მაგრამ თ. ა–მის შეტყობინების საფუძველზე მალევე მივიდნენ მასთან სახლში და აღწერეს იქ არსებული ვითარება, სადაც ჯერ კიდევ საგრძნობი იყო აგრესიული და კონფლიქტური ფონი, კერძოდ: მსჯავრდებული იყო გაღიზიანებული და აგრესიული, თ. ა–ე კი - აღელვებული და ატირებული, ხოლო ბავშვები იყვნენ შეშინებულები და ტიროდნენ. მათ თ. ა–ე და ბავშვები თავიანთ სახლში წამოიყვანეს. ჯ. ჩ–ს ძალადობის შედეგად დაზარალებული თავის არეში ძლიერ ტკივილს უჩიოდა, რის გამოც მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაზარალებული გადაიყვანეს კლინიკაში. მიმღების ექიმი - ნ. მ–ე ადასტურებს, რომ გვიან ღამით კლინიკაში თავის ტკივილით ნამდვილად შეიყვანეს პაციენტი თ. ა–ე, რომელიც უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს, რის მიზეზადაც ასახელებდა მეუღლის მიერ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობას. გარდა ამისა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია იმ დაზიანებებზე, რაც აღენიშნებოდა დაზარალებულ თ. ა–ს, კერძოდ, მას დაუდგინდა დიაგნოზი - თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმა, ხოლო სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ორივე მხრის, და მარცხენა ბარძაყის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი - სისხლნაჟღენთების სახით.
4.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეიცავს ფაქტების დასადგენად საკმარის, რელევანტურ და სარწმუნო ინფორმაციას, ამასთან, მათი გამოკვლევისას არ გამოვლენილა გარემოება მათ სანდოობასა და უტყუარობასთან დაკავშირებით, ხოლო მტკიცებულებათა ერთობლიობა შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 განაჩენი).
4.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ შეაფასეს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობა და დაასაბუთეს ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნიეს, რომ საქმეში არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეთა არგუმენტებს დასაბუთებული პასუხები გასცეს, მათ შორის - დაზარალებულის ჩვენების სანდოობასა და მტკიცებულებათა საკმარისობასთან დაკავშირებით.
4.7. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მტკიცებულებების შინაარსი გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას მსჯავრდებულის უდანაშაულობისა და თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. ამასთან, იმ დღეს განვითარებული მოვლენების აღწერისას მსჯავრდებულს არ უსაუბრია თავდაცვის (აუცილებელი მოგერიების) სავალდებულო ელემენტებზე.
4.8. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას სასჯელის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელი სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპებს. 4.9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამნაშავესთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო სასჯელი სამართლიანია იმ შემთხვევაში, თუ არის მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. 4.10. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად პალატას მიაჩნია, რომ ჯ. ჩ–სთვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს ჯ. ჩ–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში მიიღო ძალადობის ხასიათი და მისი ინტენსიურობა, ასევე შეაფასა მომავალში მისი ჩადენის რისკები და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მხრიდან ძალადობას არ ჰქონია მძაფრი/დაუნდობელი ან სისტემატური ხასიათი, ხოლო დაზარალებული და მსჯავრდებული აღარ ცხოვრობენ ერთად, რაც მინიმუმამდე ამცირებს მის მიმართ ძალადობის განმეორების რისკს.
4.11. რაც შეეხება პროკურორის მიერ მითითებულ სხვა საფუძვლებს, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა, როგორც დამამძიმებელი გარემოება, გათვალისწინებულია თავად მუხლის დისპოზიციაში, ხოლო არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობის განხორციელება - მითითებულია მაკვალიფიცირებელ გარემოებად. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა განსაზღვრეს დანაშაულის შემადგენლობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამ კონტექსტში პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ბრალის შინაარსს იყენებს არა როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, არამედ - როგორც ჩადენილ ქმედებასთან დასანიშნი სასჯელის პროპორციულობის განმსაზღვრელ კატეგორიას.
4.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პრკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიასა და მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ე–სა და გ. ბ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე