Facebook Twitter

საქმე N 330100121005119161

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№1046აპ-22 1 თებერვალი, 2023 წელი

ც–ი ზ., 1046აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ც–სის ადვოკატ ი. ი–სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ც–ს (პირადი ნომერი .........) ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ), რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 3 ან 4 აპრილს (ზუსტი თარიღი უცნობია), თ–ს მუნიციპალიტეტში, დ–ს ქუჩა №..-ში მდებარე სახლში, ზ. ც–მა იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. გ–სსა და არასრულწლოვან შვილ ნ. ც–სზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას თ. გ–სა და ნ. ც–სს არაერთხელ დაარტყა სპორტული ფეხსაცმელი სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.2. ზ. ც–ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის აპრილში (ზუსტი თარიღი უცნობია), თ–ს მუნიციპალიტეტში, დ–ს ქუჩა №..-ში მდებარე სახლში, ზ. ც–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. გ–ზე. იგი მიიჩნევდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, მისი ნებართვის გარეშე არ უნდა გასულიყო ნათესავებსა და მეგობრებთან, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა სატელეფონო კომუნიკაციას. ამგვარი განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, ზ. ც–მა თ. გ–ს საფერფლე რამდენჯერმე დაარტყა თავისა და ხელის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზ. ც–ს ქმედებით თ. გ–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.

1.3. ზ. ც–ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, (ორი ეპიზოდი)), რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 7 ან 8 აგვისტოს (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ.თ–ში, გ–ს „..“ მიკრორაიონში, ..-ე კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, ზ. ც–სმა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, ორსულ თ. გ–ზე. იგი მიიჩნევდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, მისი ნებართვის გარეშე არ უნდა გასულიყო ნათესავებსა და მეგობრებთან, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა მას სატელეფონო კომუნიკაციას. ამ განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, ზ. ც–მა ელექტრომოწყობილობები და სხვა ნივთები ესროლა თ. გ–ს, რაც მას მოხვდა და ხელის არეში მიიღო დაზიანება, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები: ნ. და ი. ც–ები. ზ. ც–ის ქმედებით თ. გ–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.

2021 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს „..“ მიკრორაიონი, ..-ე კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, ზ. ც–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, ორსულ თ. გ–ზე. მას მიაჩნდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, მისი ნებართვის გარეშე არ უნდა გასულიყო ნათესავებსა და მეგობრებთან, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა სატელეფონო კომუნიკაციას. ამ განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, ხელი და ფეხი დაარტყა სახის და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები: ნ. და ი. ც–ები. ზ. ც–ს ქმედებით თ. გ–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.

1.4. ზ. ც–სს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის აგვისტოდან 2021 წლის 7 სექტემბრამდე დროის პერიოდში, ქ. თ–ში, გ–ს „..“ მიკრორაიონში მდებარე ბინაში (ზუსტი მისამართი უცნობია) ქ. თ–ში, გ–ს „..“ მ/რ-ში მდებარე №.. კორპუსის ბინა №..-ში, თ-ში, დ–ს ქ. №..-ში მდებარე სახლში, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რ-ში, .......ის ასახვევის ბინა №..-ში, ზ. ც–ი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. გ–ს. კერძოდ, ზ. ც–სი მიიჩნევდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, მისი ნებართვის გარეშე არ უნდა გასულიყო ნათესავებსა და მეგობრებთან, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა სატელეფონო კომუნიკაციას. ამგვარი განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, თ. გ–სს, მათ შორის, ორსულობის პერიოდში, ასევე, არასრულწლოვანი შვილების - ნ. და ი. ც–ების თანდასწრებით, სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა, რის შედეგად, შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, თ. გ–ი განიცდიდა ტანჯვას.

1.5. ზ. ც–ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ, (ორი ეპიზოდი)), რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს „..“ მიკრორაიონში, ..-ე კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, ზ. ც–ი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, ორსულ თ. გ–ს. იგი მიიჩნევდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, მისი ნებართვის გარეშე არ უნდა გასულიყო ნათესავებსა და მეგობრებთან, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა სატელეფონო კომუნიკაციას. ამ განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მინის ნამსხვრევის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ორსულ თ. გ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზ. ც–ს ქმედებით თ. გ–ს მიადგა მორალური ზიანი.

2021 წლის 6 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, გ–ს „..“ მიკრორაიონში, ..-ე კორპუსში მდებარე ბინა №..-ში ზ. ც–სი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, ორსულ მეუღლეს - თ. გ–ს. მას მიაჩნდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, მისი ნებართვის გარეშე არ უნდა გასულიყო ნათესავებსა და მეგობრებთან, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა სატელეფონო კომუნიკაციას. სიცოცხლის მოსპობის მუქარა თ. გ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზ. ც–ს ქმედებით თ. გ–ს მიადგა მორალური ზიანი.

1.6. ზ. ც–სს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით), რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:35 საათიდან 11:40 საათამდე პერიოდში, თ–ში, ბ–ს ქუჩა №..-ში მდებარე შპს „ზ–ს“ კუთვნილი მაღაზიიდან ზ. ც–სი ფარულად დაეუფლა 73,96 ლარად ღირებულ, 2 ცალ „პრეზიდენტის“ ფირმის კარაქს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით შპს „ზ–ს“ მიადგა ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით ზ. ც–სი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 3-4 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

ზ. ც–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

ზ. ც–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 7-8 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

ზ. ც–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

ზ. ც–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

ზ. ც–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

ზ. ც–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის აგვისტოდან - 2021 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

ზ. ც–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ც–სს დაეკისრა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სასწავლო კურსის გავლა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ, მსჯავრდებულმა ზ. ც–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჯ–მ. პროკურორმა მოითხოვა ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში, ზ. ც–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. ც–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა ბრალდების ყველა ეპიზოდში, გარდა ქურდობისა, ამასთან, ქურდობის ეპიზოდში სასჯელის შეცვლა სრულად პირობითი მსჯავრით ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას, მსჯავრდებულ ზ. ც–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის განაჩენში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, სავალდებულო კურსის გავლის დაკისრების ნაწილში და ამოირიცხა მითითება აღნიშნული ვალდებულების დაკისრების თაობაზე.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 15 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ც–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში და ზ. ც–ს უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო ქურდობის ეპიზოდში - დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 1 სექტემბერს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ, რომელმაც მოითხოვა ზ. ც–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სიღრმისეულად არ შეაფასეს მტკიცებულებათა უტყუარობა და საკმარისობა და მათზე სათანადო მსჯელობის გარეშე გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. კასატორი მიიჩნევს, რომ დაზარალებულ თ. გ–სის ჩვენებასა და მოწმის სახით დაკითხულ სხვა პირთა ჩვენებებში არსებობს უამრავი შეუსაბამობა და აშკარად საეჭვო გარემოებები, კერძოდ: თ. გ–მა სასამართლოში განაცხადა, რომ იძულებული გახდა გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება, ვინაიდან 2021 წლის 6 სექტემბერს ზ. ც–სის შიშით, რომ სიცოცხლეს მოუსპობდა, ვერ გაბედა საპატრულო პოლიციის გამოძახება. კასატორის შეფასებით, ამ შემთხვევაში თ. გ–ს განცხადება ნიშნავს, რომ მან სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი არ გამოიძახა, არამედ - იმიტომ, რომ მისცემოდა პოლიციის გამოძახების საშუალება, თუმცა, დაზარალებული შემდგომ იმასაც აცხადებდა, რომ ძლიერი სისხლდენის გამო გახდა გადასაყვანი საავადმყოფოში. ასევე, დაზარალებულის თქმით, როდესაც 6 სექტემბრის საღამოს საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, გაახსენდა თავისი და და დაურეკა მას ბავშვების დატოვების მიზნით. მოწმე ნ. გ–მა კი სასამართლოში განაცხადა, რომ 2021 წლის 6 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, დაურეკა დამ და უთხრა, გ–ს მისამართზე გამოეძახა პოლიცია. კასატორის პოზიციით, თ. და ნ.გ–ებმა „დიდი ძალისხმევა ჩადეს თავიანთ ჩვენებებში“, რათა ზ. ც–სი წარმოეჩინათ მოძალადე და მჩაგვრელ პირად, თუმცა მათ გამორჩათ მთავარი დეტალის შეჯერება, როდის დაურეკა თ. გ–მა დას დახმარებისთვის და რა იყო მათი საუბრის შინაარსი. თ. გ–ს ჩვენება არ არის დამაჯერებელი, რადგან ზ. ც–სი ფიზიკურად ვერ შეძლებდა გაეკონტროლებინა თ. გ–სის ურთიერთობების სიხშირე და ხარისხი სხვა პირებთან. ნ. გ–ს დაკითხვისას არ უარუყვია ის ფაქტი, რომ მან ადრე თ. გ–ზე იძალადა და ამის გამო ციხესაა გადარჩენილი, ე.ი. ვალშია თავის დასთან და ახლა, როცა მის დას დასჭირდა დახმარება, ნ. გ–ი უბრუნებს ვალს ზ. ც–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის გზით. მოწმე ნ. გ–მა გაიხსენა ზ. ც–ს მხრიდან თ. გ–ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ისეთი ფაქტები, რომლებზეც უშუალოდ თ. გ–ს არ უსაუბრია. თ. გ–სის ჩვენებით, მათი შვილი ტიროდა, ჰქონდა ენტეროვირუსი და ღებინება, მაგრამ ზ–მ არაფერი გაითვალისწინა, თუმცა, თ. გ–ს არ უზრუნია ამ დროს სასწრაფოს გამოძახებაზე. ამდენად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოწმეების - თ. და ნ. გ–ების ჩვენებები არ არის სარწმუნო და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

4.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ზ. ც–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა. კასატორი აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თ. გ–ის შეტყობინება, რომ მეუღლე მასზე ძალადობდა. საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი, მათ შორის - დაზარალებული, რომელმაც გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სრულად დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას. დაზარალებულმა დეტალურად და დამაჯერებლად ისაუბრა იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რაშიც ზ. ც–ს ბრალი ედება. დაზარალებულმა ფიზიკური ძალადობის ყველა ეპიზოდთან მიმართებით დაადასტურა მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, ასევე, დაადასტურა ფიზიკური ტკივილის განცდა ფიზიკური ძალადობის ყველა ეპიზოდთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბრალდების ორ ეპიზოდში არ გაიზიარა დაზარალებულის პოზიცია, ასევე, საქმის ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შეესაბამება დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და საქმის სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - ექსპერტიზის დასკვნას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის - დაზარალებულის ჩვენება, რომელიც სრულად თანხვდენილია სხვა მოწმეების ჩვენებებსა და სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და გაზიარებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, სასამართლოს წინაშე წარდგენილი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა მან გაურკვეველი მიზეზით არ გაიზიარა ისინი და ბრალდების ორ ეპიზოდში დაადგინა დაუსაბუთებელი გამამართლებელი განაჩენი. ამასთან, კასატორის პოზიციით, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ისეთი სასჯელი, რომელიც მსჯავრდებულზე იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო მის მიმართ გამოიტანს ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს, არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც, თავის მხრივ, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მოცემულ არგუმენტაციას 2021 წლის აპრილის ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა თაობაზე და აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ვერ გაიხსენა 2021 წლის აპრილში საფერფლის გამოყენებით ზ. ც–ის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტი, ხოლო გამოკითხვის ოქმის ამონარიდის წაკითხვის შემდგომ მხოლოდ დაეთანხმა მასში გადმოცემულ დეტალებს, რაც თავად საკმარისი დამაჯერებელობითა და დარწმუნებით ვერ აღიდგინა და ვერ გადმოსცა, განსხვავებით სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების ფაქტობრივი გარემოებებისა. აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით გამოკითხვის ოქმში ასახულმა იმავე ფაქტობრივმა გარემოებებმა კი დადასტურება ვერ ჰპოვა ვერც სხვა უტყუარი და შეთანხმებული მტკიცებულებებით. 2021 წლის 6 სექტემბრის შეტყობინების ბარათი არ ასახავს ინფორმაციას 2021 წლის აპრილის ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებით, ხოლო მოწმე ნ. გ–ის ჩვენება აპრილის თვის ძალადობის ორ ეპიზოდთან მიმართებით ირიბია და არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას პირის მსჯავრდებისათვის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თ. გ–ის ჩვენების მითითებული ნაწილი - ფიზიკური ძალადობის დეტალებთან მიმართებით შეუსაბამოა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში გადმოცემულ დაზიანების ხანდაზმულობასთან. ამდენად, საქმეში არსებული ინფორმაციები 2021 წლის აპრილში თ. გ–სა და მათი არასრულწლოვანი შვილის - ნ. გ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, ვერ პასუხობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარობისა და საკმარისობის სტანდარტს.

5.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის დასაბუთებას მოწმეების - თ. გ–სა და ნ. გ–ს ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის შესახებ და აღნიშნავს, რომ მსჯავრდების ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია ურთიერთშეთანხმებულ და აშკარა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ. ც–ს მიერ თ. გ–ს მიმართ 2021 წლის 7-8 აგვისტოსა და 5 სექტემბერს - ფიზიკური ძალადობის, ასევე, 2021 წლის 5 სექტემბერსა და 6 სექტემბერს სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და 2018 წლის აგვისტოდან 2021 წლის 7 სექტემბრამდე - სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტებს. დაცვის მხარის არგუმენტაცია თ. გ–ს მიერ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების მოტივების, დისთვის დახმარების თხოვნის, ასევე ზ. ც–ს განზრახ პასუხისგებაში მისაცემად ცრუ ჩვენების დასთან შეთანხმების თაობაზე, დაუსაბუთებელია, შეიცავს არარელევანტურ და სუბიექტურ შეფასებებს მოწმის დამაჯერებლობასთან მიმართებით, რამდენადაც ფაქტები, რასაც დაზარალებული თ. გ–სი თავის ჩვენებაში გადმოსცემს, თანხვდენილია როგორც მოწმე ნ. გ–ს ჩვენების დეტალებთან, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, დაცვის მხარის პოზიცია, რომ თ. გ–ს არ ეშინოდა პოლიციისათვის მიემართა და სასწრაფო დახმარებას მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა, ფაქტის იმგვარ სუბიექტურ შეფასებას წარმოადგენს, რაც არათუ არ ამყარებს დაცვის ვერსიას ძალადობის ინსცენირების შესახებ, არამედ - ხაზს უსვამს ძალადობის მწვავე შედეგებს, რაც დაზარალებულმა შემთხვევის დღეს საკუთარ თავზე განიცადა და ხელმისაწვდომი შესაძლო საშუალებით, მათ შორის, დისთვის პოლიციის გამოძახების თხოვნით, შეეცადა დახმარებისათვის გარეშე პირთათვის მიემართა. არარელევანტურია დაცვის მხარის დასაბუთება, თუ რატომ არ მიმართა დაზარალებულმა სასწრაფო დახმარებას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან წარსულში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავ ორგანოებში რატომ არ განაცხადა, რამდენადაც მსხვერპლის მიერ თავის დასაცავად შესაძლო დამცავი მექანიზმების გამოყენება ან გამოუყენებლობა, არ მიემართება ძალადობის ფაქტის მტკიცების საგანს, რაც გამყარებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.

5.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმცირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას მხედველობაში იღებს ცალკეული საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტაცია დაზარალებულისა და მოწმე ნ. გ–ის ჩვენებების დისკრედიტაციის თაობაზე არ შეიცავს რელევანტურ გარემოებებს მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შესატანად. სააპელაციო პალატამ სრულყოფილად შეისწავლა მსჯავრდების ეპიზოდებში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შესახებ გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით. საქმის მასალებით შესაძლებელი გახდა ძალადობის დროს ფიზიკური ტკივილის, სისტემატური შეურაცხყოფისას - ტანჯვის, ასევე, მუქარის რეალურობისა და შიშის განცდის ფაქტების შემოწმება როგორც სუბიექტური (დაზარალებულის ჩვენებით), ასევე ობიექტური (საქმის მასალების მიხედვით) ტესტებით. დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობა გამყარებულია სამედიცინო ექსპერტიზისა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა სისწორე დადასტურებულია მათი ჩამტარებელი ექსპერტების დაკითხვისას. ამდენად, არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. ც–ს მითითებულ ბრალდებებში მსჯავრდებისას საპროცესო/მატერიალური სამართლის ნორმის შესაძლო დარღვევის ფაქტი, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია და პასუხობს დაცვის მხარის ყველა ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა.

5.6. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, მისი დასაშვებობის განხილვისას საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: რამდენად ავლენს საკასაციო საჩივრის დასაბუთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესაძლო უკანონობას, დანიშნული სასჯელის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის, მიზანშეწონილობის, პროპორციულობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით.

5.7. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. როგორც ირკვევა, მსჯავრდებულ ზ. ც–ს მიმართ დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებს. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, მოთხოვნილია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით ნაწილობრივ პირობით ჩათვლა. შესაბამისად, კასატორს აწევს ტვირთი, დაასაბუთოს, რომ გამოყენებული სასჯელის ზომა აშკარად არ პასუხობს სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნას და გამოკვეთოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლის წინაპირობა.

5.8. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სათანადო ყურადღება მიაპყრო დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის თაობაზე და საქმის ინდივიდუალური მოცემულობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ზ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ადეკვატური და პროპორციული სასჯელი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს: სასჯელის დანიშვნისას თანაბრად გასათვალისწინებელია, როგორც სასჯელის შემსუბუქების, ისე დამძიმების კუთხით არსებული ინდივიდუალური გარემოებები. მოცემულ საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მსჯავრდებულ ზ. ც–ს მიერ ქურდობის ეპიზოდის ჩადენის შემდეგ ჩადენილია რამდენიმე ეპიზოდი ოჯახური დანაშაულისა, რომლებიც განსაკუთრებული სიმძაფრითა და სისტემატურობით ხასიათდება, ასევე მოტივირებულია გენდერის ნიშნით. ინდივიდუალური გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკის არსებობა, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან პროპორციულად მკაცრ და ადეკვატურ რეაგირებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის მექანიზმის გამოყენება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის ფუნქცია განსახილველ საქმეში შესაძლებელია აღსრულდეს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის მკაცრი იზოლაციის პირობებში მოხდის გზით, ხოლო ნაწილობრივ პირობითი მსჯავრის გამოყენება არ წარმოადგენს სასჯელის მიზნების მისაღწევად შესაფერის და პროპორციულ ღონისძიებას.

5.9. რაც შეეხება პროკურორის პოზიციას სასჯელთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა გაითვალისწინეს სასჯელის მიზნები, გენერალური და კერძო პრევენციის ფუნქცია, სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნა და მიიჩნიეს, რომ მსჯავრდების თითოეულ ეპიზოდში 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შერჩევა შეესაბამება სასჯელის მიზნებს და ამავდროულად, პროპორციულია ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან, ქმედებაში გამოხატულ მართლსაწინააღმდეგო ნებასა და შედეგთან, ასევე - საქმეში არსებულ ინდივიდუალურ, დამამძიმებელ გარემოებებთან.

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ წარმოაჩინეს განაჩენის უკანონობის მტკიცების გონივრული საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ც–სის ადვოკატ ი. ი–სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე