Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-498-1150-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 12 თებერვალს ჯ. კ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხე ქ. კ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ, მისმა შვილიშვილმა, 2002წ. 10 სექტემბერს მოტყუებით მიიყვანა სანოტარო ბიუროში იმ მოტივით, რომ საზღვარგარეთ წასასვლელად გარკვეული გარანტიები ესაჭიროებოდა და მოაწერინა ხელი მისთვის უცნობ დოკუმენტზე. მოგვიანებით ჯ. კ-მა შეიტყო, რომ ქ. კ-მა მისგან უჩუმრად, მისი პირადობის მოწმობის საფუძველზე მოახდინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გამოთხოვა, ხოლო სანოტარო ბიუროში მხარეების მიერ ხელი მოეწერა და სანოტარო წესით დამოწმდა ჯ. კ-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფასურად ბებიამ შვილიშვილისაგან ვითომდა მიიღო 7000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მიუთითა სკ-ს 55-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 81-ე მუხლზე და მოითხოვა ზემოხსენებული ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობა. ჯ. კ-მა ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველად მან სარჩელი აღძრა შვილიშვილისათვის სადავო ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან არ იცოდა თუ რა სახის დოკუმენტს მოაწერა ხელი. მოსარჩელის განმარტებით, იგი ვერ ფლობს ქართულ ენას იმდენად, რომ გაცნობოდა დოკუმენტს, რომელზეც ხელი მოაწერა. მხარის მითითებით, შვილიშვილმა ბოროტულად გამოიყენა მისი ნდობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჯ. კ-ი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას. იგი, იმთავითვე, გაეცნო სადავო ხელშეკრულების შინაარსს და მიიღო ბინის საფასური, 7000 აშშ დოლარის ოდენობით.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები ქართულ ენაზე წერა-კითხვის არ ცოდნისა და სადავო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ავადმყოფობის შესახებ, ვინაიდან ჯ. კ-მა თავად მოაწერა ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებას და სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ხოლო ავადმყოფობის მიუხედავად თავად მივიდა სანოტარო ბიუროში გარიგებაზე ხელის მოსაწერად. ამასთან, მოსარჩელეს აღნიშნული ხელმოწერის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის განჩინებით რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ჯ. კ-ის არგუმენტი ქართულ ენაზე წერა-კითხვის არ ცოდნის შესახებ და მიიჩნია, რომ ქ. თბილისში რუსულენოვანი სკოლის დამთავრება არ გამოდგება ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, ვინაიდან აპელანტმა ქართულ ენაზე პირადად მოაწერა ხელი მის სარჩელს, დაზუსტებულ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარს, ამასთან, საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებლად, თარჯიმნის დახმარების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების მომზადების სტადიაზე ქ. კ-ის ბებიის სახელით მოქმედების ფაქტი ვერ გახდება გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. პალატამ იხელმძღვანელა სკ-ს 317-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის 316-ე მუხლით, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ ქ. კ-ის მიერ ხელშეკრულების დასადებად საჭირო ყველა საბუთის გაყალბებაც ვერ გამოიწვევდა გარიგების ბათილობას, რადგან ქ. კ-მა თავისი ნება დააფიქსირა სანოტარო ბიუროში მისვლითა და ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ მითითებული ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 2002წ. 18 დეკემბერს გამოტანილ გადაწყვეტილებას მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნდა. ამასთან აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯ. კ-ის ქართული წერა-კითხვის ცოდნის ფაქტს, ასევე მიუთითებს, რომ აპელანტი აცნობიერებდა მის მიერ გარიგების დადებას, რომლის შინაარსის გარკვევა შეეძლო სანოტარო ბიუროსათვის მიმართვით.

სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ-მა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის არგუმენტების გათვალისწინებით განიხილა საქმე და უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის მიერ მითითებულ მტკიცებულებათა გამოკვლევაზე. მხარის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელსაც მიუთითა, რომ ქ. კ-ის ბებიის სახელით მოქმედება ხელშეკრულების მომზადების სტადიაზე ვერ გახდებოდა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 317-ე, 316-ე და 327-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მოპასუხემ, ყოველგვარი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების გარეშე, ბოროტულად ისარგებლა ავადმყოფი ბებიის ნდობით. ჯ. კ-მა ყურადღება გაამახვილა ქ. კ-ის მიერ მისი პირადობის მოწმობის უჩუმრად გამოყენებით 2002წ. 3 სექტემბერს საჯარო რეესტრში გაკეთებულ განაცხადზე, 10 სექტემბერს აღებულ ამონაწერსა და 2002წ. 7 თებერვლით დათარიღებულ ტექ. აღრიცხვის სამსახურიდან გაცემულ კ-ნ-კ-ის გვარით ხელმოწერილ ცნობაზე. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 102-ე მუხლი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ქ. კ-ის მიერ სადავო გარიგების დადებისათვის საჭირო დოკუმენტების გაყალბება ვერ გახდებოდა ხალშეკრულების ბათილობის საფუძველი მხარის აზრით, სასამართლომ სკ-ს 81-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მითითებული ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ჯ. კ-ის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებას მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, ვინაიდან, კასატორის აზრით, აღნიშნული ხელშეკრულება ადასტურებს მის არგუმენტს სადავო გარიგების რეალური შინაარსის არ ცოდნის შესახებ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით და საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ფართი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ჯ. კ-ის სახელზე. 2002წ. 10 სექტემბერს ჯ. კ-მა აღნიშნული ბინა მიყიდა თავის შვილიშვილ ქ. კ-ს. ნასყიდობას ხელი მოეწერა ორივე მხარის მიერ და დამოწმდა სანოტარო წესით. აღნიშნული ხელმოწერის ნამდვილობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საოლქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს, რომლებიც სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია. კერძოდ, საჯარო რეესტრში წარდგენილი განაცხადით, საჯარო რეესტრის ამონაწერით და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურიდან გაცემული ცნობით დგინდება გარემოება, რომ ეს დოკუმენტები მიღებულია მოპასუხის მიერ კასატორის პირადობის მოწმობის გამოყენებით და მოპასუხის ხელმოწერით. დასახელებულ დოკუმენტთა სისწორე მხარეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია, ამასთან აღნიშნული საბუთები შეიქმნა და გამიზნული იყო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მოსამზადებლად და არ წარმოშობს ამ ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ანუ კასატორს ნებისმიერ დროს შეეძლო უარი ეთქვა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე, თუკი იგი არ შეესაბამებოდა მის ინტერესებს, ვინაიდან სკ-ს 327-ე მუხლით ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დადებულად, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის თაობაზე გაფორმდა სკ-ს 183-ე და 323-ე მუხლებით გათვალისწინებული სანოტარო წესით.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 55-ე მუხლის მეორე ნაწილი.

მითითებული ნორმით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. გარდა ჯ. კ-ის განმარტებისა, ნდობის ბოროტად გამოყენება არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობისას მხარეთა შორის შემდგარ ყველა შეთანხმებაზე (ხელშეკრულებებზე) გავლენის ბოროტად გამოყენება ვერ იქნება ნავარაუდები. ის, რომ გარიგება მხოლოდ ამ საფუძვლით ნდობის ბოროტად გამოყენებით დაიდო დამტკიცებულ უნდა იქნეს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯ. კ-მა ვერ შეძლო. სსკ-ს მე-4 და 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მუხლით მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებანი. რაც შეეხება სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ასეთს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან დოკუმენტზე ნებაყოფლობით ხელმოწერა სწორედ ხელშეკრულების გაცნობის ფაქტს ადასტურებს.

ამდენად, ქ. კ-ისათვის სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემისას ჯ. კ-ის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლი საქმის მასალებით არ დასტურდება და შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი არარსებობს.

ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სკ-ს 81-ე მუხლზე მითითებით გარიგების მოტყუებით დადების თაობაზე. მოტყუების ფაქტი საკასაციო საჩივრით და საქმის მასალებით დამტკიცებული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.