გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-502-1145-03 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. კ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების: ვ. ა-ის, ი., ე. და მ. ქ-ების, გამოსახლება ქ. თბილისში, ... მდებარე სახლიდან, იმ საფუძვლით, რომ მან აღნიშნული სახლი 2002წ. 5 ივლისს შეიძინა ვ. ა-ისაგან და აღრიცხა თავის სახელზე საჯარო რეესტრში, მაგრამ მოპასუხეები შესახლდნენ სადავო ბინაში და უარს აცხადებენ მის დაცლაზე.
საქმის განხილვის პროცესში ერთ-ერთმა მოპასუხემ, ი. ქ-ამ, აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ვ. ა-სა და ლ. კ-ს შორის დადებული ზემოაღნიშნული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი როგორც ვ. ა-ის მეუღლე, იყო ამ ბინის თანამესაკუთრე, რის გამოც მისი ნებართვის გარეშე ბინის გასხვისება უკანონოა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოასახლეს თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. ი. ქ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. ა-მა, მ., ე. ქირიებმა და მოითხოვეს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამამტკიცებელი საბუთები.
სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი. ქ-აც, მაგრამ მას მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. ი. ქ-ამ სასამართლოს, მიერ დადგენილ 10 დღიან ვადაში ხარვეზი არ შეავსო. აქედან გამომდინარე, ი. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 4 ივნისს მიიღო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ს 185-ე მუხლით შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. დადგენილია, რომ თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა ირიცხებოდა საჯარო რეესტრში ვ. ა-ის სახელზე. ამდენად, ლ. კ-ი, რომელმაც შეიძინა ბინა ვ. ა-ისაგან სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე გადაიფორმა ბინა საჯარო რეესტრში თავის სახელზე და არის ამ ბინის მესაკუთრე. რადგანაც ვ. ა-ს, ი., მ. და ე. ქ-ებს არ გააჩნიათ სადავო ბინის ფლობის უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. ა-მა, ი., მ. და ე. ქ-ებმა. კასატორთა მოსაზრებით საოლქო სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე მხარე ითხოვდა გამოსახლებას. სსკ-ს 103-ე მუხლის თანახმად, გარემოება, რომელიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით. მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ არ გამოიკვლია მოსარჩელე კ-ი რეგისტრირებული იყო თუ არა საჯარო რეესტრში და ჰქონდა თუ არა მას საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე.
მოგვიანებით კასატორმა შეიტანა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ სასამართლომ გამოსახლების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უკანონოდ უთხრა მას უარი. ასევე, სასამართლომ დაარღვია პროცესუალური ნორმები, როცა კასატორის ადვოკატის საპაექრო სიტყვის შემდგომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი მიიღო როგორც მტკიცებულება.
აქედან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. 5 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე ლ. კ-მა ვ. ა-ისაგან შეიძინა თბილისში, ... მდებარე ბინა, იმავეწ. 12 ივლისს ლ. კ-ი აღირიცხა საჯარო რეესტრში, ... მდებარე ბინის მესაკუთრედ.
პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასაბუთა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სკ-ს 183-ე, 172-ე მუხლებზე მითითებით. სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კასატორებს ვ. ა-ს, მ. და ე. ქ-ებს გააჩნიათ სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მათი გამოსახლება კანონიერია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ლ. კ-მა საჯარო რეესტრის ამონაწერი მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარადგინა, რის გამოც სასამართლოს იგი არ უნდა მიეღო. საქმის მასალებით მოსარჩელემ, მტკიცებულება, რომლითაც სადავო ბინაზე მისი საკუთრების უფლება დასტურდება, წარადგინა რაიონულ სასამართლოში.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაჩერა რა საქმის წარმოება, დაარღვია სსკ-ს მოთხოვნები. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც კასატორები დაადასტურებდნენ მათ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს, რომლის შემდეგ, სასამართლო სსკ-ს 279-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილი იყო ემსჯელა საქმის წარმოების შეჩერების საკითხზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ა-ის, ი., მ. და ე. ქ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.