¹ ას-503-1144-03 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 21 ოქტომბერს მ. ს-ემ და ქ. გ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების _ თ., გ., ჭ., ვ., ა., გ., ნ. მ-ების, ნ. ს-ისა და ნ. გ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2001წ. 11 სექტემბერს თ. მ-თან გააფორმეს სამი თვის ვადით სესხის ხელშეკრულება 5480, შემდეგ კი 3800 აშშ დოლარზე, თვეში 2%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ჩადებულ იქნა ქ.თბილისში, ... მდებარე მოვალის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. დათქმულ ვადაში თ.მ-ს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც, საბოლოოდ, ზემოხსნებული ბინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით საჯარო აუქციონზე გაასხვისა და აღირიცხა მოსარჩელეთა სახელზე. მათი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად მოპაუხეებმა სადავო ბინის გამოთავისუფლებაზე უარი განაცხადეს, რაც გახდა მ.ს-ისა და ქ.გ-ის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ თანახმანი არიან სადავო ბინის გამოსყიდვაზე 8500 აშშ დოლარად.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ.წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ვ. მ-ებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 ივნისის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2002წ. 19 სექტემბრიდან ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა აღრიცხულია მ. ს-ისა და ქ. გ-ის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. აღნიშნულ ბინას უკანონოდ ფლობენ ვ. და თ. მ-ები თავისი ოჯახით და მესაკუთრეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მის გამოთავისუფლებაზე უარს აცხადებენ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლები და მოპასუხეები გამოასახლა დაკავებული ფართიდან.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველად ვერ ჩაითვლება თ. და ვ. მ-ების მიერ შეთავაზებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოსარჩელეთათვის დაბრუნების შემთხვევაში სადავო ბინის გამოსყიდვა, რადგან მითითებული შეთავაზება შეიძლება განხორციელებულიყო მხარეთა შორის მორიგებისას, მოსარჩელეები კი აღნიშნულზე უარს აცხადებენ, რაც მათი უფლებას წარმოადგენს.
სააპელაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ვ. მ-ებმა. მიიჩნიეს რა უკანონოდ გასაჩივრებული განჩინება, კასატორებმა მოითხოვეს მისი გაუქმება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მხარის აზრით, სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის ყველა ინსტანციაზე მოპასუხეები თანახმანი იყვნენ დაებრუნებინათ სესხი საპროცენტო დანარიცხებთან ერთად და გამოესყიდათ სადავო ბინა, ვინაიდან მათ ოჯახს სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა, მაგრამ კასატორთა მითითებით, მ.ს-ე და ქ.გ-ი დაინტერესებულნი იყვნენ მათი ბინის მისაკუთრებით, რის გამოც მათ წინადადებას არ დათანხმდნენ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
ქ. თბილისში, ... კვარტალის მე-13 კორპუსში განთავსებული სადავო ბინა ¹13 2002წ. 19 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელეების, მ. ს-ისა და ქ. გ-ის სახელზე, რასაც საფუძვლად დაედო ქ. თბილისის სააღრულებო ბიუროს 2002წ. 11 სექტემბრის ¹01/14-05 განკარგულება. მითითებული ბინა ამჟამად კასატორთა და მათი ოჯახის წევრთა მფლობელობაშია.
საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები კასატორებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მათ უდავოდ მიიჩნევს.
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და კასატორთა გამოსახლება სადავო ბინიდან კანონიერად მიიჩნია, კერძოდ, სკ-ს 170-ე მუხლი, განამტკიცებს რა მესაკუთრეთა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, განმარტავს, რომ მესაკუთრეს შეუძლია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და განკარგოს იგი. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორებს ნივთის ფლობის კანონიერი უფლება აღარ აქვთ, რის გამოც მესაკუთრეთა ვინდიკაციური სარჩელი საფუძვლიანია და ნივთზე მათი საკუთრების უფლება დაცული უნდა იქნეს.
საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია კასატორთა მოსაზრების გაზიარება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე იმ მოტივით, რომ ისინი თანახმა არიან 2001წ. 11 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაიხადონ და სანაცვლოდ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება აღიდგინონ. აღნიშნული შესაძლებელია მხარეთა მორიგებით, რაც სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე ნაწილით მხოლოდ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინებას შეიძლება დაემყაროს და არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას გასაჩივრებული განჩინების მიღებისას კანონი არ დაურღვევია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. და ვ. მ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.