საქმე N 060100121005125860
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1237აპ-22 14 თებერვალი, 2023 წელი
ხ–ე გ., №1237აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ხ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ. ხ–მ ვ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის ლ. ხ–სის თანდასწრებით, სახისა და მკლავის არეში ხელის დარტყმით სცემა მეუღლეს - ს. მ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2021 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ. ხ–მ, ქ.ქ–ში, ......ს ქუჩა N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების ლ. ხ–ს და თ. ხ–ს თანდასწრებით ფეხი მუცელში რამდენჯერმე ჩაარტყა მეუღლეს - ს. მ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით გ. ხ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 ივნისის 19:00 საათის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 ივნისის 23:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 13 ოქტომბერს სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ დარიკო ვადაჭკორიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, გ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2022 წლის 24 ოქტომბერს გამართლებულმა გ. ხ–მ სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს გ. ხ–ს ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულმა ს. მ–მა განმარტა, რომ 2021 წლის 20 ივნისს გ. ხ–მ ეჭვიანობის გამო, იმ ოთახში, სადაც ეძინა მის არასრულწლოვან შვილს და იქვე იმყოფებოდნენ მეორე შვილიც და მამამთილიც, მუჭი ორჯერ ჩაარტყა სახის მაჯვენა არეში, ხოლო ერთხელ - მკლავში. დარტყმის შედეგად მან განიცადა ძლიერი ტკივილი. იმავე დღეს, მოგვიანებით, მას გ. ხ–მ ორჯერ ჩაარტყა წიხლი მუცლის არეში. მეორე დღეს იგი წაიყვანეს მშობლების სახლში. შეკითხვაზე, რატომ იყო ნაცემი, გ. ხ–მ მის მშობლებს უთხრა „ცოცხალი რომ მოვიყვანე, არ გიკვირთ? ჩაიბარეთ თქვენი შვილიო“. იგი იყო ცუდად და გონზე მოსასვლელად დასჭირდა დაახლოებით ერთი თვე. ამ ხნის მანძილზე მას ექიმისთვის არ მიუმართავს, რადგან არ შეეძლო, მხოლოდ ფოტოები გადაიღო, სადაც სახეზე არსებული დაზიანებები იყო აღბეჭდილი. მოწმე ც. მ–მა, ტ. მ–მა და ი. ბ–მ დაადასტურეს, რომ 2021 წლის 21 ივნისს, დილის საათებში, გ. ხ–მ მათთან მიიყვანა ს. მ–სი, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი, კერძოდ: თვალის, ხელისა და მუცლის არეში ჰქონდა ჩალურჯებები. მათ ს–გან შეიტყვეს, რომ დაზიანებები მიაყენა გ. ხ–მ. გარდა ამისა, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გ. ხ–ს ქმედებებიდან გამომდინარე, ს. მ–სი განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, თუმცა მისი ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებითა და ამჟამინდელი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული არ გამოიწვევდა ს. მ–ს ტანჯვას. ექსპერტმა ე. ა–მ განმარტა, რომ ს. მ–ი თანმიმდევრულად და ადეკვატურად გადმოსცემდა გ. ხ–ს მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტებს. კასატორის პოზიციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ოჯახური დანაშაული სპეციფიკური დანაშაულია და მას შესაძლებელია, დაზარალებულის გარდა არ ჰყავდეს სხვა შემსწრე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის თანმიმდევრული ჩვენება და სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ. ხ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. მოწმეებმა - რ. ხ–მ და ნ. ხ–მ უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. ხ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ს. მ–სის ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2004 წლის 24 მაისს ის და გ. ხ–ე დაქორწინდნენ და შეეძინათ ორი შვილი, თუმცა დღეს მეუღლესთან დაშორებულია. შეუღლებიდან გარკვეული ხნის შემდეგ გ. ხ–ე უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ხშირად ძალადობდა მასზე. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მას ტელეფონით ეკონტაქტებოდა ლ. ლ–ა და ემუქრებოდა, რომ თუ არ შეხვდებოდა, მოკლავდა მისი ოჯახის წევრებს, რის გამოც იძულებული იყო რამდენჯერმე შეხვედროდა, რა დროსაც მასზე იძალადა ლ. ლ–მ და დაამყარა სქესობრივი კავშირი, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. 2021 წლის 20 ივნისს ლ. ლ–მ გ. ხ–ს გადმოუგზავნა მისი ფოტოები, რომლითაც გ–მ მათი ურთიერთობის შესახებ შეიტყო და არ მისცა ახსნის საშუალება, შევარდა ოთახში, სადაც ეძინა მათ შვილს, თ. ხ–ს, იქვე იყვნენ მეორე შვილი - ლ. ხ–ც და მამათილი. მას გ. ხ–მ მუჭი ორჯერ ჩაარტყა სახის მარჯვენა არეში, ხოლო ერთხელ - მკლავში. დარტყმისას მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთელი ოჯახი ჩავიდა ქ.ქ–ში, ა–ს უბანში მდებარე ბინაში, სადაც მას გ. ხ–მ ორჯერ ჩაარტყა წიხლი მუცელში. 2021 წლის 21 ივნისს გ. ხ–მ მიიყვანა მშობლების სახლში და შეკითხვაზე, თუ რატომ იყო ნაცემი - უთხრა, რომ ,,ცოცხალი რომ მოვიყვანე, არ გიკვირთ? ჩაიბარეთ თქვენი შვილიო“. იგი იყო ცუდად და დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა გონზე მოსასვლელად, თუმცა ექიმისთვის არ მიუმართავს, რადგან არ შეეძლო, მხოლოდ ფოტოები გადაიღო, რომლებზეც აღბეჭდა სახეზე არსებული დაზიანებები. ძალადობიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი მიმართა პოლიციას.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ს. მ–ს განცხადებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მან 2021 წლის 6 სექტემბერს მიმართა ვანის შს სამმართველოს და განაცხადა, რომ 2021 წლის 20 ივნისს გ. ხ–ეემ მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც წარსულშიც არაერთხელ მომხდარა. N........ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში კი მითითებულია, რომ ს. მ–სის განმარტებით, მას 2021 წლის 20 ივნისს გ. ხ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღსანიშნავია, რომ ს. მ–მა სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით მიმართა ძალადობიდან (2021 წლის 20 ივნისი) რამდენიმე თვის შემდეგ - 2021 წლის 6 სექტემბერს. ამასთან, განცხადებასა და შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული არ არის, რა ფორმით მიაყენა მას გ. ხ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ. ხ–ს ბრალად ედება 2021 წლის 20 ივნისს არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლეზე - ს. მ–ზე ორჯერ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ გ. ხ–ს ქმედებებიდან გამომდინარე, ს. მ–სი განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, თუმცა მისი ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით და ამჟამინდელი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული არ გამოიწვევდა ს. მ–ს ტანჯვას, ფიზიკური ძალადობის ფაქტისა და ამის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის დასადასტურებლად არაინფორმაციულია. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებული მოწმეების - ც. მ–ს, ტ. მ–სა და ი. ბ–ს ჩვენებებს, მართალია, მათ დაადასტურეს, რომ 2021 წლის 21 ივნისს, დილის საათებში, მათთან მივიდა გ. ხ–ე მშობლებთან და შვილებთან ერთად და მიიყვანა ს. მ–სი, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი, რადგან თვალის, ხელისა და მუცლის არეში ჰქონდა ჩალურჯებები, რომელიც ს–ს განმარტებით, მიაყენა გ. ხ–მ, თუმცა თვითონ ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან და ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ს. მ–სგან. ამასთან, დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მას დაზიანებები ნამდვილად გ. ხ–მ მიაყენა, წარმოდგენილი არ არის. გარდა ამისა, მოწმეებს არ უთქვამთ, კონკრეტულად რა დროს და რა ფორმით იძალადა გ. ხ–მ დაზარალებულზე, მხოლოდ განმარტეს, რომ ს. მ–ს ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. სხვა მტკიცებულება, რაც გაამყარებდა მათ ჩვენებებს, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, წარმოდგენილი არ არის, რადგან, მათივე განმარტებით, ს. მ–ს ექიმისთვის არ მიუმართავს. მოწმე ბ. მ–ს ჩვენებით კი დგინდება, რომ ვიანიდან მომხდარიდან რამდენიმე თვე იყო გასული, დაზარალებულს დაზიანებები არ ეტყობოდა, რის გამოც სამედიცინო ექსპერტიზა აღარ დაუნიშნავს. ამასთან, მას ს. მ–მა უთხრა, რომ პოლიციას მოგვიანებით იმიტომ მიმართა, რომ გ. ხ–ე ორი თვის განმავლობაში არ აჩვენებდა შვილებს, რის გამოც იყო ძალიან გაღიზიანებული. მოწმეებმა - რ. ხ–მ და ნ. ხ–მ კი, რომლებიც, დაზარალებულის გადმოცემით, უშუალოდ შეესწრნენ ძალადობის ფაქტს, სასამართლოს არ მისცეს ჩვენება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ხ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე