Facebook Twitter

ას-507-1161-03 4 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: წილის გამოყოფა, ნაგებობის მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 14 სექტემბერს მ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... მდებარე 328 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნატურით გაყოფა, უკანონო ავტოფარეხის მოშლა და სავალდებულო გზის მოწყობა.

ქ.თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის განჩინებით მ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს გამოეყო 57 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მოპასუხეს – 145 კვ.მ. დანარჩენი ფართი დარჩა მხარეთა საერთო საკუთრებაში. ი. ჯ-ეს დაევალა ავტოფარეხიდან 1,75 მ-ის მოშლა. დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ემ, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას იგი დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე. სასამართლო პროცესზე მ. ჯ-ემ, ასევე, უარი განაცხადა საზიარო უფლების გაყოფის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.

სააპელაციო სასამართლომ მხარეებს განუმარტა, რომ სსკ-ს 378-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე წარმოება შეწყდა.

2003წ. 26 ივნისს მ. ჯ-ემ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. მ.ჯ-ის აზრით, გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, ხოლო განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი არ არის სათანადოდ გამიჯნული და დადგენილი, რაც სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილს ეწინააღმდეგება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამშენებლო ნორმებისა და წესების კრებული, რომელიც არ გამოიყენა.

მ.ჯ-ის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა მის მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული საქმის განხილვისას, კერძოდ, ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მოსარჩელის მიწის ნაკვეთს მიეცა ტრაპეციული ფორმა, რაც მოპასუხის შუამდგომლობის გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიამ შეცვალა. აღნიშნული ცვლილებისას დაშვებულ იქნა მათემატიკური უზუსტობა, რომელიც არ გამოსწორებულა.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ 1994 წელს მემკვიდრეობის მიღების მომენტიდან საცხოვრებლად გადავიდა სახლის პირველ სართულზე, რომლის მოპირდაპირე მხარეს, ფანჯრებიდან 2 მეტრის დაშორებით, ყოველგვარი სამშენებლო ნორმების დარღვევით მოპასუხემ ააგო ავტოფარეხის ჩონჩხი. მ.ჯ-ემ აღნიშნა, რომ, მართალია, 1990 წელს დათანხმდა აღნიშნული ავტოფარეხის მშენებლობაზე, თუმცა მოგვიანებით სანოტარო წესით დამოწმებული შეტყობინებით ზემოხსენებული თანხმობა გააბათილა. მ.ჯ-ის განმარტებით აღნიშნული უკანონოდ მშენებარე ავტოფარეხის აღების მოთხოვნა მას არცერთ ინსტანციაში არ მოუხსნია. რაც შეეხება ავტოფარეხის აღების ნაწილში ი. ჯაველიძის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარი თქმას, მ. ჯ-ის აზრით, აღნიშნული გარემოება საქმის შეწყვეტის საფუძველი არ შეიძლება იყოს, რადგან, ბუნებრივია, აპელანტი უარს იტყოდა სადავო ავტოფარეხის მისი ინტერების საწინააღდეგოდ მთლიანად აღების საკითხის განხილვაზე, რასაც მ.ჯ-ე თავის შესაგებელში ითხოვდა. მ.ჯ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და კერძო საჩივარში მითითებულ ფარგლებში მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ივლისის განჩინებით მ. ჯ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და განსახილველად გადმოეგზავნა საკასაციო პალატას. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2003წ. 6 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდა სააპელაციო საჩივარზე ავტოფარეხის აღების ნაწილში სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, ხოლო საზიარო უფლების გამოყოფის ნაწილში _ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. აღნიშნული განჩინების გამოცხადებას მხარეები ესწრებოდნენ. კერძო საჩივარი მ. ჯ-ემ შემოიტანა 2003წ. 26 ივნისს, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაირღვა სსკ-ს 416-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე მ.ჯ-ემ დააზუსტა კერძო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა არა საააპელაციო, არამედ პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სწორედ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტით და სააპელაციო საჩივარსა და, ნაწილობრივ, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება შეწყვიტა, ამრიგად, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის შესახებ.

უსაფუძვლოა მ. ჯ-ის მითითება, თითქოს სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სადავო ავტოფარეხის აღების შესახებ, ვინაიდან დადგენილია, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ეს დაევალა თავისი ხარჯებით ავტოფარეხიდან საერთო სარგებლობის ნაკვეთზე მდებარე 1,75 მეტრის მოშლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჯ-ეს არ გაუსაჩივრებია, რაც გულისხმობს, რომ მხარე დაეთანხმა მის სამართლებრივ შედეგს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მ. ჯ-ემ დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა.

სსკ-ს 416-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში, ხოლო თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მ. ჯ-ე ესწრებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 6 ივნისის სასამართლო სხდომას, თუმცა სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ გამოცხადებულ იქნა ამავე თარიღის განჩინების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 12 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს გადაეცა გასაჩივრებული დასაბუთებული განჩინების ასლი, მოცემულ შემთხვევაში _ 2003წ. 17 ივნისიდან, ხოლო კერძო საჩივარი შეტანილ იქნა 2003წ. 26 ივნისს – 9 დღეში.

საკასაციო სასამართლოს აზრით, უსაფუძვლოა საოლქო სასამართლოს არგუმენტი თითქოს პროცესზე მ. ჯ-ემ მოითხოვა არა სააპელაციო პალატის, არამედ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე მოთხოვნის ჩამოყალიბებისას მხარემ მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება, სადაც ასაჩივრებს სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ივნისის განჩინებას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ჯ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად.

რაც შეეხება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 6 მაისის განჩინებით ავტოფარეხის აღების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდეს ი. ჯ-ის მიერ მის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ამ ნაწილში დარჩა უცვლელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.