საქმე N 330100119003316168
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1099აპ-22 13 თებერვალი, 2023 წელი
კ–ი ვ., №1099აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. კ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–სა და მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. კ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ე. კ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ. კ–სი, ე. კ–სა და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, თავს დაესხა თ–ში, თ–ს მე-.. მიკრორაიონის, მე-.. კორპუსის ბინა N..-ში მცხოვრებ ბ. და ვ. ო–ებს. ისინი საგანგებოდ წაღებული ხამუთებით შებოჭეს, ორივეს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება და დანის მუქარით გასტაცეს ოჯახის კუთვნილი ძვირფასი ნივთები და ფულადი თანხა - 800 აშშ დოლარი და 130 ლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ვ. ო–ს მითითებით, ვ. კ–ი თ–ში, თ–ს მე-.. მიკრორაიონის, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერა გ. ც–მა. ადგილზე მისულმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ვ. კ–ი, ხოლო ე. კ–სი, მეორე დაუდგენელ პირთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ბ. ო–სა და ვ. ო–ს მიადგათ მორალური, ფიზიკური და 2435 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 აპრილის განაჩენით:
ვ. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ე. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ა–სამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ვ. კ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–სემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ე. კ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 27 ოქტომბერს მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, ე. კ–ს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2022 წლის 27 ოქტომბერს მსჯავრდებულ ვ. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ა–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, ვ. კ–ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. მ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ე. კ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. გამამტყუნებელი განაჩენი ძირითადად ეყრდნობა დაზარალებულ ვ. ო–თან ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული მომხდარიდან ორი თვის განმავლობაში ინტენსიურად დადიოდა საგამოძიებო ორგანოში, მაგრამ მანამდე მასთან ფოტოსურათით ამოცნობა არ ჩატარებულა. ამასთან, დაზარალებული განმარტავდა, რომ პირი, რომელმაც ის სახლში შეათრია და შებოჭა, იყო ათლეტური აღნაგობის და ,,უზარმაზარი“, ე. კ–ი კი არის გამხდარი და საშუალო სიმაღლისაც არაა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ დაზარალებული დაარწმუნეს, რომ თითქოს, ე. კ–ი იყო მასზე თავდამსხმელი პირი. მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას დაადო დაზარალებულმა ხელი მის ფოტოსურათს, მაგრამ სასამართლო სხდომაზე მისთვის ხელი არ დაუდია. კასატორის პოზიციით, წინა დღეს ე. კ–მა კუთვნილი სპორტული ჩანთა, რომელშიც ედო თავისი ნივთები, გადასცა ვ. კ–ს, რის გამოც ჩანთაში მოთავსებულ ნივთზე ამოვიდა ე. კ–სის დნმ-ის კვალი. დაზარალებულმა განმარტა, რომ იმ პირს, რომელიც დაესხა თავს, ძიძგილაობის დროს დაუვარდა ტელეფონი და საათი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათზე ე. კ–ს დნმ-ის კვალი არ ამოსულა. ამასთან, მას ამ ტელეფონსა და სიმბარათთან შეხება არ აქვს.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ა–ს პოზიციით, მოწმეების - ნ. ა–ს, გ. ც–ს, გ. ხ–ს, გ. კ–ს, ნ. მ–ს, ს. ვ–ს ჩვენებები, დაზარალებულ ვ. ო–ის ჩვენება და ბ. ო–ის გამოკითხვის ოქმი არის ურთიერთგამომრიცხავი, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათი ჩვენებების სანდოობას. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე. ვ. კ–მა განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული მობილური ტელეფონი არის მისი და თან ჰქონდა გ. ც–სთან დაპირისპირების მომენტში, რაც დაადასტურა გ. ც–სმაც. შესაბამისად, მოწმე გ. ხ–ს ჩვენება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ბადებს ეჭვს. გარდა ამისა, ვ. კ–მა განმარტა, რომ დაკავების შემდეგ მას პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც ხელში ეჭირა ხამუთი - შავი ფერის წვრილი, გრძელი, პლასტმასის ჟგუტი, მას მიადო გახეთქილ ტუჩთან, ასევე აიძულა ჩაენერწყვა გადაჭრილ ბოთლში. აღნიშნული კი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შემთხვევის ადგილზე შესაძლოა, ხელოვნურად დაიტანეს მისი ნიმუშები. შავი ფერის ქუდთან (ნიღაბი) დაკავშირებით ვ. კ–მა განმარტა, რომ იგი იპოვა 2019 წლის 20 ივლისს, თ–ს მე-.. მიკრორაიონის, მე-.. კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში, როცა დასაქირავებლად ეძებდა ბინას. მოწმეების - გ. კ–სა და ნ. მ–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას, სამანქანო გზაზე მდებარე განათების ბოძიდან მოშორებით, ასფალტზე ეგდო სპორტული ჩანთა, წარწერით „CONVERSE“, რომელშიც მოთავსებული იყო ტყავის ჩანთა, მოშორებით კი ეგდო შავი ფერის ნიღაბი, თუმცა ამ მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება ნ. ა–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ კორპუსის ეზოში მდებარე თავის სავაჭრო ჯიხურთან ყოფნისას დაინახა, რომ მეზობელი გ. ც–ი მისდევდა მამაკაცს, რომელსაც დაუვარდა სპორტული ჩანთა. მას გ–მ სთხოვა, რომ ჩანთა შეენახა. მან ჩანთა შეინახა ე.წ. „გარაჟში“ და ჩაკეტა გასაღებით. ასევე, ერთმანეთის შეუსაბამოა დაზარალებულ ბ. ო–სის გამოკითხვის ოქმი და ვ. ო–იის ჩვენება. გარდა ამისა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დანის პირსა და ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ე. კ–ს, ვ. კ–სა და ზ. ჟ–ს გენეტიკური პროფილებისგან. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ვ. კ–სი არ არის ის მესამე პირი, რომელიც იმყოფებოდა ო–ს ბინის სამზარეულოში და რომელმაც დანა გადააწოდა ბ. ო–სთან მყოფ პირს. ამასთან, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ჩანაწერებში ყელზე დანით მიყენებულ რაიმე სახის დაზიანებაზე მითითებული არ არის. გარდა ამისა, ამოღებული არ არის ფულადი თანხა - 800 აშშ დოლარი და 130 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. კ–ის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ე. კ–ის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას ვ. კ–ისა და ე. კ–ის უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ვ. ო–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 20 ივლისს, დაახლოებით ორი საათისთვის, მეზობელმა - გ–მა კორპუსთან მიიყვანა ბ. ო–ი და შეაცილა ლიფტში. იგი უნდა დახვედროდა მამას, ამიტომ სახლიდან გასასვლელად კარის გაღებისთანავე ბინაში შევარდა მაღალი მამაკაცი, რომელმაც იგი გაათრია აბაზანისკენ, დააწვა ზემოდან და არ აძლევდა წამოდგომის საშუალებას. თავდამსხმელს ეცვა შავი სპორტული ტანსაცმელი და მოუჩანდა თეთრი მაისური. თავზე ეხურა ე.წ. ,,კაპიუშონი“, რომელიც უფარავდა თვალებს, თუმცა ნაწილობრივ გადაძვრა და მან შეძლო დაენახა, რომ მამაკაცს ჰქონდა სრული, მრგვალი სახე, ნორმალური სახის ნაკვთები, მოკლე ხშირი, შავი თმა, გაუპარსავი, ახლად ამოსული წვერი და მუქი ფერის თვალები. მანვე მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ე. კ–ი. დაზარალებულ ვ. ო–იის ჩვენება თანხვდენილია დაზარალებულ ბ. ო–ის გამოკითხვის ოქმთან, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, დაბრუნდა სახლში, რომლის კარიც დახვდა ღია. ბინაში შესვლისას მას ვიღაცამ უკნიდან ყელზე მოუჭირა ხელი და მუცლით დააგდო იატაკზე. ამ დროს შეამჩნია აბაზანასთან ძირს დაგდებული ვ. ო–იც, რომელსაც ნიღბიანი მამაკაცი ეჯაჯგურებოდა, ურტყამდა და ცდილობდა ხამუთით ხელ-ფეხის შეკვრას. ვერა კი წინააღმდეგობას უწევდა. მოწმის განმარტებით, მას ნიღბიანმა მამაკაცმა ხელ-ფეხი ხამუთით შეუკრა და მუშტი ჩაუდო პირში, ხოლო მესამე, შედარებით ასაკოვანმა მამაკაცმა სამზარეულოდან აიღო დანა, რომელიც მიაწოდა მასთან მყოფ ნიღბიანს, მან დანა მიადო ყელზე და მოსთხოვა ფული. ნიღბიანმა მამაკაცმა პერანგის ერთი ჯიბიდან ამოაცალა 800 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ჯიბიდან - 130 ლარი, შარვლის ჯიბიდან ამოაცალა გერბი და ერთი ცალი გულსაბნევი. თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს სხვადასხვა ქვეყნის ფული, მონეტები და სხვა ნივთები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 5000 აშშ დოლარს. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის დასკვნებზე, რომლებითაც დგინდება, რომ დაზარალებულებს ნამდვილად აღენიშნებოდათ დაზიანებები, კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ოქტომბრის ექსპერტიზის N......... დასკვნით დადგენილია, რომ ვ. ო–ის, შპს „N.......... საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის N.....-ის სამედიცინო ჩანაწერებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების მიხედვით, 2019 წლის 20 ივლისს აღენიშნებოდა მარცხენა II-II და V თითების სახსრების და იოგების ღრძობა, დაჭიმულობა და გადაძაბვა, თავის მიდამოში - კანქვეშა ჰემატომები. დაზიანებები კანქვეშა ჰემატომის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც მთლიანად, ისე იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ოქტომბრის ექსპერტიზის N........ დასკვნით კი დგინდება, რომ შპს „N....... საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო N.....-ის ჩანაწერების მიხედვით, ბ. ო–სს აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ცდომით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ყაჩაღური თავდასხმის ჩადენის თარიღს.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის გაუზიარებლობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: ზემოაღნიშნული ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 23 ოქტომბერს დაზარალებულმა ვ. ო–მა ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან სრული პირისახით, საშუალო, ხშირი, მუქი წარბებით, მუქი ფერის თმით, სახეზე დაბალი, მუქი წვერით, სწორი, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით ამოიცნო N.. ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი - ე. კ–სი, რომელიც 2019 წლის 20 ივლისს, თანამზრახველებთან ერთად, შეიჭრა მის საცხოვრებელ ბინაში და ყაჩაღურად თავს დაესხა. აღსანიშნავია, რომ ვ. ო–იმა ამოცნობის ჩატარებამდე, გამოკითხვისას, დეტალურად მიუთითა ამოსაცნობი პირის ინდივიდუალურ და გვარეობით ნიშან-თვისებებზე. ამასთან, ამოცნობისას განმარტა, თუ რა ნიშნებით შეძლო ე. კ–სის ამოცნობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა გარკვეული ხნის შემდეგ, არ მიუთითებს, რომ იგი ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე გ. ც–ს ჩვენებაზე, რომელიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებია ყაჩაღობის ფაქტს, თუმცა უტყუარად დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივლისს, შუადღის საათებში, ეზოში ყოფნისას დაინახა, რომ მე-5 სადარბაზოდან აჩქარებული ნაბიჯით გამოვიდა სამი უცნობი მამაკაცი. აიხედა ზემოთ და დაინახა ნაცემი ვ. ო–ი, რომელმაც დაიძახა, რომ გაქურდეს და უცნობი პირები არ გაეშვა. იგი გაეკიდა შედარებით ასაკიან მამაკაცს, რომელსაც დაეწია, დააგდებინა ჩანთა და არ აძლევდა გაქცევის საშუალებას. პოლიციის მოსვლის შემდეგ კი გაირკვა, რომ აღნიშნული პირი იყო ვ. კ–ი. ამ ნაწილში მოწმის ჩვენება გამყარებულია მოწმე ნ. ა–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს დაინახა ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული და გარბოდა. გაქცეულ მამაკაცს მისდევდა მეზობელი გ. ც–სი, რომელმაც უთხრა, რომ ნიღბიანმა მამაკაცმა მათ კორპუსში „გატეხა“ ბინა. გაქცეულმა მამაკაცმა მისგან დაახლოებით 15-20 მეტრში დააგდო ჩანთა. მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაათვალიერეს და აღწერეს ჩანთა, შეადგინეს ოქმი და მოაწერინეს ხელი. აღმოჩნდა, რომ ჩანთაში ასევე იდო პატარა ზომის ზურგჩანთა. მას არ დაუნახავს იმ მამაკაცის სახე, თუმცა სირბილში ეტყობოდა, რომ იყო ხანშიშესული და უჭირდა გაქცევა. მამაკაცს ეცვა შავი ფერის ქურთუკი და ეხურა იმავე ფერის ქუდი.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების პოზიციას, რომ ვ. კ–სის ბიოლოგიური მასალა პოლიციის თანამშრომელმა მოიპოვა უკანონოდ, რის შემდეგაც ხელოვნურად დაიტანეს ე.წ. „ხამუთსა“ და დაზარალებულების საცხოვრებელი სახლის კარის შიდა და გარე სახელურებზე. ხოლო, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ტელეფონსა და საათზე არ ამოსულა ე. კ–ს დნმ-ის კვალი, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების პოზიცია არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან რაიმე გარემოება, რაც მიუთითებდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ვ. კ–სის მიმართ რაიმე დაინტერესებაზე არ გამოკვეთილა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2019 წლის 30 ოქტომბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერიზის N.......... დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ერთ-ერთი შავი ფერის პოლიმერული მასალის სალტეზე, მოყავისფრო, წერტილოვან დანაშრევზე (ობ. N..) და დანარჩენ უბნებზე (ობ. N..) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი, მეორე ასეთივე მასალის სალტეზე, გლუვ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N..) გენეტიკური პროფილი და რელიეფურ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N..) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ. კ–სს (ობ. N... პაკეტი, წარწერით: „..ნერწყვის ნიმუში, აღებული ვ. კ–სის პირის ღრუდან). ობ. N..-ის პროფილის მინორული წილი და ობ. N.......-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის გარე სახელურიდან არსებული ბიომასალის (ობ. N..) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კარის შიდა სახელურიდან არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ. კ–სს (ობ. N..). ობ. N..-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ობ. N...-ის გენეტიკური პროფილი - იდენტურია; სპორტული სტილის წყვილ ფეხსაცმელზე არსებული ბიომასალის (ობ. N..) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ე. კ–სის (ობ. N..) გენეტიკური თანამონაწილეობა; ქუდზე (ნიღაბი), ფლუორესცენტული ნათების მქონე დანაშრევზე არსებული ბიომასალის (ობ. N..) გენეტიკური პროფილი შერეულია; მაჟორული წილი ეკუთვნის ვ. კ–სს (ობ. N..), მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმაციულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N......... საქმეზე, ქ.თ–ში, თ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კორპუსის ბინა N..-ში მცხოვრებ ბ. და ვ. ო–ებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისგან - ე. კ–სისგან, ზ. ჟ–სა და ვ. კ–სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა. აღნიშნულით კი უტყუარად დასტურდება, რომ ე. კ–ი და ვ. კ–ი ნამდვილად იმყოფებოდნენ დაზარალებულების სახლში, სადაც დაჰყვეს გარკვეული პერიოდი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ ვ. კ–ი, ე. კ–ი და მესამე პირი, ერთობლივად მონაწილეობდნენ ბ-ს და ვ. ო–ებზე ყაჩაღურ თავდასხმაში, რა დროსაც ორივე მათგანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ყაჩაღურად გასტაცეს ფულადი თანხა. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს. ამასთან, ვ. ო–ის ჩვენებით, ბ. ო–ის გამოკითხვის ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურდა, რომ ვ. კ–მა, ე. კ–მა და მესამე პირმა, დაზარალებულებზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს მათსავე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ე. კ–მა და მესამე პირმა დაზარალებულები დააწვინეს საცხოვრებელი ბინის შესასვლელში იატაკზე, ვ. კ–ი კი გადაადგილდებოდა სამზარეულოში.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. მოცემულ შემთხვევაში, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა სამი პირი, რომელთაგან ერთი - ვ. კ–ი დააკავეს მალევე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, დაზარალებულების საცხოვრებელი კორპუსის ახლოს; ე. კ–ი დააკავეს რამდენიმე საათის შემდეგ, საღამოს, ხოლო მესამე თავდამსხმელმა შეძლო მიმალვა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დადგენილი არ არის ჯგუფურად განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის სამი თანაამსრულებლიდან, რომელმა წაიღო ფულადი თანხა და რა ბედი ეწია მას, არ გამორიცხავს ყაჩაღობის ჩადენას.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების პოზიციას, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი, რის გამოც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს მათი ჩვენებები, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მათი ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, შესაძლოა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზაირებლობის საფუძველი გახდებოდა. მათ მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც სრულიად შესაძლებელია მათ არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ე. კ–ს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–სა და მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ა–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე