Facebook Twitter

¹ ას-513-1163-03 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. თ-ი მუშაობდა შპს “მ. ფ.” დირექტორის თანამდებობაზე. შპს “მ. ფ.” გენერალური დირექტორი ჯ. კ-ის 2001წ. 18 მაისის ¹4 ბრძანების თანახმად, გ. თ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მან გაფრთხილების მიუხედავად, მონაწილეობა არ მიიღო საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში, არ წარმოადგინა საბუღალტრო დოკუმენტაცია, იგნორირება გაუკეთა და არ დაემორჩილა, ხელმძღვანელობის კანონიერ მოთხოვნებს, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ მან “მ. ფ.” მატერიალური ფასეულობები და ფულადი სახსრები მიითვისა. აღნიშნულის გამო მას გამოეცხადა სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გააგრძელა თვითნებობა.

გ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “მ. ფ.” გენერალური დირექტორის, ჯ. კ-ის, მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების გაუქმება.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა შპს “მ. ფ.” გენერალური დირექტორის, ჯ. კ-ის, 2001წ. 18 მაისის ბრძანება ¹4, გ. თ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; გ. თ-ი აღადგინეს შპს “მ. ფ.” დირექტორის თანამდებობაზე.

შპს “მ. ფ.” გენერალურმა დირექტორმა ჯ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ, ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “მ. ფ.” სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ საზოგადოების გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა უფლება გაეთავისუფლებინა სამუშაოდან ამავე საზოგადოების დირექტორი გ. თ-ი. შპს “მ. ფ.” წესდების 21-2, 21-4 პუნქტების თანახმად, საზოგადოების გენერალურ დირექტორს აქვს მხოლოდ მუშაკების სამუშაოზე მიღებისა და დათხოვნის უფლება საშტატო განრიგის შესაბამისად. გ. თ-ი კი არ შეიძლება ჩაითვალოს საშტატო განრიგის მუშაკად, რადგან “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვს საზოგადოების დირექტორს.

პალატამ გ. თ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება კანონიერად ვერ მიიჩნია იმის გამო, რომ იგი დამტკიცებულია საქართველოს კომპოზიტორთა საერთო-ეროვნული კავშირის თავმჯდომარის ვ. ა-ის მიერ, რადგან საზოგადოების წესდებით შპს “მ. ფ.” დირექტორები აირჩევა (ინიშნება) კავშირის თავმჯდომარის მიერ გამგეობასთან შეთანხმებით; საქმეში წარმოდგენილია გამგეობის წევრების მიმართვა კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის, ვ. ა-ის მიმართ. ისინი უკანონოდ მიიჩნევენ გ. თ-ის გათავისუფლებას გამგეობასთან შეუთანხმებლად. გ. თ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში არ არის მითითებული მისი გათავისუფლების საფუძვლები.

შპს “მ. ფ.” გენერალურმა დირექტორმა ბ. ბ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელზე უარის თქმა. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ გ. თ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში არ არის მითითებული დათხოვნის საფუძვლების შესახებ. პალატას მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 49-ე და მე-9.7 მუხლების მოთხოვნები. საზოგადოების დირექტორი ისეთივე საშტატო განრიგის თანამშრომელია, როგორც ამ საზოგადოებაში დასაქმებული ყველა სხვა პირი, მასთან უნდა გაფორმდეს შრომის ხელშეკრულება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტისა და შკკ-ს მე-18 მუხლის შესაბამისად. საზოგადოების წესდებით დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის უფლება მინიჭებული აქვს გენერალურ დირექტორს, რომელიც ამას ათანხმებს კომპოზიტორთა საერთო ეროვნული კავშირის თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრები უკანონოდ მიიჩნევენ გ. თ-ის სამუშაოდან გათავისუფლებას გამგეობასთან შეუთანხმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს “მ. ფ.” სამეწარმეო რეესტრში 2001წ. 20 თებერვალს შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლითაც გაუქმდა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო, საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება მიენიჭა გენერალურ დირექტორ ჯ. კ-ესა და დირექტორ გ. თ-ს. ამ საზოგადოების დამფუძნებელია საქართველოს კომპოზიტორთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი. საზოგადოების წესდებით პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს დამფუძნებლის გამგეობა და თავმჯდომარე გამგეობასთან შეთანხმებით.

დადგენილია, რომ გ.თ-ი შპს “მ. ფ.” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2001წ. 18 მაისს შპს “მ. ფ.” გენერალური დირექტორის, ჯ.კ-ის, ¹4 ბრძანებით, რომელიც დაამტკიცა საქართველოს კომპოზიტორთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ ვ.ა-მა. სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მან გაფრთხილების მიუხედავად, მონაწილეობა არ მიიღო საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში, არ წარმოადგინა საბუღალტრო დოკუმენტაცია, იგნორირება გაუკეთა და არ დაემორჩილა ხელმძღვანელობის კანონიერ მოთხოვნებს, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ მან “მ. ფ.” მატერიალური ფასეულობები და ფულადი სახსრები მიითვისა. აღნიშნულის გამო მას გამოეცხადა სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გააგრძელა თვითნებობა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან საზოგადოების დირექტორი საშტატო განრიგის თანამშრომელია, საზოგადოების გენერალურ დირექტორს მინიჭებული აქვს საზოგადოების წესდებით დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის უფლება. შპს “მ. ფ.” სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა გენერალურ დირექტორსა და დირექტორს. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სახელწოდებაში არსებული განსხვავების მიუხედავად მათ თანაბარი უფლებამოსილება აქვთ “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი აბზაცის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთი პარტნიორის ან დირექტორის მიერ საზოგადოების ერთპიროვნული მართვის უფლებამოსილებას, მაგრამ, აგრეთვე, აწესებდეს, რომ ორი დირექტორი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება გაუძღვეს საზოგადოებას, ანდა ყველა დირექტორი ვალდებული იყოს ერთად გასწიონ ხელმძღვანელობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მათ მიმართ ერთნაირად გამოიყენება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული შპს-ს დირექტორებისათვის გათვალისწინებული წესები. ამიტომ პალატა თვლის, რომ შპს “მ. ფ.” წესდების 21.4 პუნქტით გათვალისწინებული გენერალური დირექტორის უფლება სამსახურში მიიღოს და სამუშაოდან დაითხოვოს საშტატო განრიგის შესაბამისად მუშაკები, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ საზოგადოების იმ დირექტორის მიმართ, რომელიც მასთან ერთად რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. წესდების ზემოაღნიშნული პუნქტი ვრცელდება იმ დირექტორების მიმართ, რომლებიც საზოგადოების ხელმძღვანელად არ არიან რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში და ხელმძღვანელობენ სამეწარმეო საზოგადოების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ან ფილიალებს.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტის თანახმად, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნაზე, გამოწვევაზე, მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შეწყვეტაზე.

მართალია, საზოგადოების წესდების მე-18.2 მუხლის თანახმად, საზოგადოების გენერალური დირექტორი და დირექტორები აირჩევა (ინიშნება) კავშირის თავმჯდომარის მიერ გამგეობასთან შეთანხმებით; მაგრამ გ.თაგაურის თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანება დამტკიცებულია მხოლოდ საქართველოს კომპოზიტორთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის ვ.ა-ის მიერ და იგი არ არის შეთანხმებული გამგეობასთან. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს კომპოზიტორთა საერთო ეროვნული კავშირის გამგეობის წევრთა 2001წ. 24 მაისის მიმართვა კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ვ.ა-ისადმი, რომლითაც ისინი უკანონოდ მიიჩნევდნენ გამგეობასთან შეუთანხმებლად გ.თაგაურის სამუშაოდან გათავისუფლებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. თ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანება სწორად ჩათვალა უკანონოდ, რადგან დარღვეულია საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული დირექტორის განთავისუფლების წესი.

საკასაციო პალატაში შპს “მ. ფ.” საკასაციო საჩივრის განხილვისას 2003წ. 27 ოქტომბერს წარმოადგინეს საქართველოს კომპოზიტორთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირის გამგეობის 2003წ. 26 სექტემბრის სხდომის ¹4 ოქმი. ოქმის მიხედვით კავშირის გამგეობა ადასტურებს გ. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების მართებულობას, მითითებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა პროცედურული ნორმის დაცვით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამ დოკუმენტს, ვინაიდან სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში, ან საქმის მასალებში. საოლქო სასამართლოში კი მოპასუხე ორგანიზაციას არ წარუდგენია ზემოაღნიშნული დოკუმენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “მ. ფ.” გენერალური დირექტორი ბ. ბარამიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.