Facebook Twitter

საქმე N 210100120003577833

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე N911აპ.-22 7 მარტი, 2023 წელი ო-ე დ., 911აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ისა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. 2022 წლის 6 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ, დ. ო-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 17 იანვრიდან.

1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ო-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს-მა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა. დაცვის მხარე ითხოვს დ. ო-ის გამართლებას, ხოლო ბრალდების მხარე - დ. ო-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ო-ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: დ. ო-ემ 2020 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, დ-ოს რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ კ-ის მიმდებარედ არსებულ საძოვარზე, მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, მეზობლად არსებული ფერმის მწყემსს ა. ა-ს ერთლულიანი თოფის ლულის თავში ჩარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

2.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დ. ო-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ და გაიზიარა სასამართლოს მოტივაცია, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა მსჯავრდებულ დ. ო-ის ქმედებაში განზრახ მკვლელობის შემადგენლობის სუბიექტური ნიშნის არსებობა, კერძოდ ის გარემოება, რომ დ. ო-ე ა. ა-ის მკვლელობის განზრახვით მოქმედებდა. საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: დ. ო-ის დაზარალებულის მიმართ დამოკიდებულებაზე (დ. ო-ეს დაზარალებულის მიმართ რაიმე პირადი წყენა ან შურისძიება არ ამოძრავებდა, კონფლიქტი დაზარალებულ ა. ა-სა და დ. ო-ეს შორის გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ იგი დაზარალებულს მწყემს მ. ა-ის მოყვანას სთხოვდა, რომელთანაც დ. ო-ეს მოუხდა ფიზიკური დაპირისპირება), დანაშაულის ჩადენის ხერხსა და დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზზე (დ. ო-ეს დაზარალებულთან კონფლიქტისას არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, ახლო მანძილიდან თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიეყენებინა ა. ა-ისათვის).

2.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დ. ო-ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ დაზარალებული ა. ა-ი თავს დაესხა დ. ო-ეს.

3. კასატორების არგუმენტები:

3.1. კასატორ ო. ს-ის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მასში ჩამოყალიბებული დასკვნები არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზიდან, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენება არ არის თანმიმდევრული, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებიბით დადასტურებულია, რომ დ. ო-ე არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც მისი გამართლების საფუძველია. გარდა ამისა, დაცვის მხარის მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე დარღვეულია ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა.

3.2. კასატორ მიხეილ კუპრაშვილის მოსაზრებით, უკანონოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. ო-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მოწმეების ა. ა-ისა და მ. ა-ის ჩვენებებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია დ. ო-ის ქმედებაში დაზარალებულის მოკვლის განზრახვის არსებობა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულ დ. ო-ის დანაშაულებივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

4.2. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დ. ო-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა. საკასაციო სასამართლომ დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტის შეფასებისას, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის დაზიანებისგან, ყურადღება მიაქცია დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულებას საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში (დ. ო-ეს დაზარალებულის მიმართ რაიმე პირადი წყენა არ ჰქონია. მათ შორის კონფლიქტის საფუძველი იყო მსჯავრდებულ დ. ო-ის მოთხოვნა მოეყვანა მწყემსი მ. ა-ი, რომელთანაც დ. ო-ეს პირადი წყენა აკავშირებდა), დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებაზე, აგრეთვე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზებზე (დ. ო-ესა და ა. ა-ს შორის მანძილი ორი მეტრი იყო, მსჯავრდებული იყო ცხენით და თან ჰქონდა სანადირო თოფი. დაზარალებული იარაღით შეიარაღებული არ ყოფილა, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევდა მსჯავრდებულს, მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში სისრულეში მოეყვანა დანაშაული. მიუხედავად აღნიშნულისა, მან ა. ა-ს თოფის ლულის თავში ჩარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც თავისი ნებით შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული ზემოაღნიშნული გარემოებები საკმარისად ნათელი და დამაჯერებელია, რათა დადგინდეს დ. ო-ის ქმედებაში დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვის არსებობა.

4.3. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც, დ. ო-ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების სავალდებულო ელემენტების (უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი) არსებობას, კერძოდ, დადასტურებულია, რომ დაზარალებულ ა. ა-თან კონფლიქტი სწორედ დ. ო-ემ დაიწყო, დაზარალებულს ჯერ აგინა, შემდეგ მათრახი დაარტყა, შემდეგ კი თოფის ლულა ჩაარტყა თავში, რის საპასუხოდაც ა. ა-მა გაუწია წინააღმდეგობა.

4.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც საკასაციო საჩივრებში მხარეები აპელირებენ (მათ შორის -დაზარალებულის ჩვენების სანდოობასა და საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხზე) და გასცა დასაბუთებული და ამომწურავი პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ს 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ისა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე